იულიუსის კალენდარი – ძველი სტილი

იულიუსის კალენდარი – ძველი სტილი

იესო ქრისტეს შობის ჟამს რომის იმპერიაში იულიუსის კალენდრით სარგებლობდნენ. იულიუს კეისრის დავალებით ქრისტეს შობამდე 46 წელს ეს კალენდარი შეიმუშავა ალექსანდრიელმა ასტრონომმა სოზიგენმა, ეგვიპტურ კალენდარზე დაყრდნობით. 45 წლის 1 იანვრიდან (ქრისტეს შობამდე) იულიუსის კალენდარმა შეცვალა რომის მთვარის კალენდარი.

325 წელს ნიკეაში პირველი მსოფლიო კრების მამებმა დაადგინეს: აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნებოდეს გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო სავსემთვარეობის შემდგომ პირველ კვირა დღეს. ამ დადგენილების მიზანი ის იყო, რომ აღდგომის დღესასწაული წინ არ უნდა უსწრებდეს და არც უნდა დაემთხვეს იუდეველთა პასექს.

მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია როგორც უძრავ ასევე მოძრავ დღესასწაულებს აღნიშნავდა იულიუსის კალენდრის მიხედვით. კათოლიკებმა პაპ გრიგორი XIII ინიციატივით XVI საუკუნეში განახორციელეს კალენდარული რეფორმა და შემოიღეს ე.წ. გრიგორიანული კალენდარი. მათ მაგალითს შემდეგ პროტესტანტებმაც მიბაძეს.

1924 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესია გადავიდა ახალ სტილზე ანუ ე.წ. შესწორებულ იულიუსის კალენდარზე. რეფორმის მთავარი ინიციატორი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი მელეტი მეტაქსაკისი. მისი ძალისხმევით 1923 წელს მოწვეულ იქნა ე.წ. „სრულიად მართლმადიდებელთა კონგრესი“, რომელშიც მონაწილეობდნენ მხოლოდ კონსტანტინოპოლის, ელადის, სერბეთის, რუმინეთისა და კვიპროსის ეკლესიების წარმომადგენლები (სულ 10 კაცი). ამ კონგრესზე კალენდრის რეფორმის გარდა განიხილებოდა საკითხები – ხელდასხმის შემდეგ მღვდლების და დიაკვნების ქორწინების, დაქვრივებულ სასულიერო პირთა მეორედ ქორწინების, მარხვებისა და ღვთისმსახურების შემოკლების, ეკუმენისტური ურთიერთობების, ყოველთა მართლმადიდებელთა კრების მოწვევის შესახებ და სხვ. პატრიარქ მელეტი მეტაქსაკისის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ 1908 წელს იერუსალიმის პატრიარქმა დამიანემ ის წმიდა საფლავის ძმობიდან გააძევა, 1920 წელს ათენის მთავარეპისკოპოსის კათედრიდან გადააყენეს, ხოლო 1923 წელს სამღვდელოებისა და მრევლის უკმაყოფილების გამო კონსტანტინოპოლის კათედრის დატოვება მოუწია. კონსტანტინოპოლის ეკლესია ახალ სტილზე მელეტის მომდევნო პატრიარქმა გრიგოლ VII გადაიყვანა.

კონსტანტინოპოლის შემდეგ, თანდათანობით ახალ სტილზე ზოგიერთი სხვა ადგილობრივი ეკლესიაც გადავიდა. საბერძნეთში, რუმინეთსა და ფინეთში ეს პროცესი ძველი სტილის მომხრეთა დევნის ფონზე მიმდინარეობდა; რეფორმას ეკლესიებში განხეთქილებები მოყვა. რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებში იერარქიის მიერ გადაწყვეტილი იყო ახალ სტილზე გადასვლა, მაგრამ სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესი ნაწილის პროტესტის შედეგად ისევ ძველი სტილი იქნა შენარჩუნებული. ძველ სტილზე დარჩნენ იერუსალიმის, საქართველოს, სერბეთისა და რუსეთის ეკლესიები, აგრეთვე ათონის მთის მონასტრები.

ახალ სტილზე გადასული ეკლესიები აღდგომას და სხვა მოძრავ დღესასწაულებს ისევ ძველი სტილით, ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით აღნიშნავენ, ხოლო უძრავ დღესასწაულებს – ახალი სტილით, ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდრით, რომელიც 2800 წლამდე დაემთხვევა გრიგორიანულ კალენდარს. გამონაკლისს წარმოადგენს ფინეთის ადგილობრივი ეკლესია, რომელიც მოძრავ დღესასწაულებსაც ახალი სტილით აღნიშნავს.

ახალ სტილზე გადასვლამ გამოიწვია საეკლესიო ტიპიკონის დარღვევა, მოძრავი და უძრავი დღესასწაულების ურთიერთკავშირის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მოშლა; მაგალითად, ახალი კალენდრით არასოდეს იქნება აღდგომისა და ხარების დღესასწაულების დამთხვევა, ცამეტი დღით შემოკლდა პეტრე-პავლობის მარხვა და ზოგიერთ წელს ის საერთოდ უქმდება, დრო აღარ რჩება მისთვის.

ზოგადად, კალენდრის ცვლილება იყო დიდი განსაცდელი, რომელმაც მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე ჭრილობა მიაყენა, ხელი შეუწყო განხეთქილებებს, მტრობას და დაპირისპირებას მორწმუნეთა შორის; დაირღვა ერთსულოვნება და შესუსტდა ერთობა და სიყვარული.

წყარო: martlmadidebloba.ge

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial