ათონის მთის წმინდა კინოტმა, მომავალ საერთო მართლმადიდებლურ კრებასთან დაკავშირებით, მრავალგვერდიანი მიმართვა მოამზადა.
წერილის საბოლოო ტექსტის შეთანხმება მრავალრიცხოვან კრებებზე მოხდა და ათონის ყველა მონასტრის წარმომადგენლების მიერ არის ხელმოწერილი. მიმართვის ადრესატია კონსტანტინოპოლის პატრიარქი – ბართლომეოსი, ასევე წმინდა კინოტის გადაწყვეტილებით მიმართვის ასლები ყველა ადგილობრივ ეკლესიას დაეგზავნება.
– წერილში ხაზგასმულულია, რომ ტერმინის – ,,ეკლესია’’ გამოყენება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიასთან მიმართებაშია დასაშვები: ,,წმინდა და დიდი კრება…. დაე, ნუ გამოიყენებს ტერმინს ,,ეკლესია’’ არამართლმადიდებლებთან მიმართებაში, ამ მიზნისთვის გამოიყენოს განსაზღვრება ,,ქრისტიანული დოქტრინები და აღმსარებლობები’’. წმინდა კინოტის აზრით ,,ერთიანი ეკლესიის მნიშვნელობა საჭიროებს დაზუსტებას…. ეკლესიის ერთიანობაში იმყოფებიან, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, რაც ქრისტეს სხეულს წარმოადგენს…. მხოლოდ მათ მიმართ არის მისადაგებული სახარების სიტყვები ,,რათა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყუნენ’’.
ამასთან დაკავშირებით შეთავაზებულია ცვლილება დოკუმენტში – ,,მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან’’. მე-5 პარაგრაფი: ,,დაკარგული ერთობის ძიება’’-ს ნაცვლად ,,ეკლესიას დაცილებული ქრისტიანების დაბრუნება ჭეშმარიტებაში’’.
– მთაწმინდელები არ ეთანხმებიან დიალოგის არსებულ რეჟიმს მართლმადიდებლებსა და სხვა აღმსარებლობების წარმომადგენლებს შორის: ,,წმინდა კინოტს სხვადასხვა გარემოებებში, მარვალგზის, ოფიციალურად გამოუთქვამს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება არამართლმადიდებლებთან საღვთისმეტყველო შეთანხმებების გამო, აპროტესტებდა ერთობლივ ლოცვებს და ლიტურგიულ მოქმედებებს (ამბორისყოფა და ა.შ.). ათონელი ბერები ასევე არ ეთანხმებიან მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში.
– ათონელები მიიჩნევენ, რომ ჭეშმარიტი რწმენის კრიტერიუმი ,,ეკლესიის სისავსის შემეცნებაა“, რომელიც შეიძლება ცალკეული ადამიანების მიერ იყოს წარმოდგენილი და არა მხოლოდ კრებების მიერ.
– ათონელი ბერები დაბეჯითებით მოითხოვენ წმ. ფოტი დიდის (879 წ.) და წმ. გრიგოლი პალამას (1341 და 1351 წწ.) დროს მოწვეული კრებების გახსენებას და განხილვას, რამდენადაც ამ კრებებმა ნათლად აჩვენეს ,,დოგმატური და ეკლესიოლოგიური უთანხმოებები არამართლმადიდებლებთან მიმართებაში (ფილიოკვე, ქმნილი მადლი, პაპის პრიმატი)’’.
– მთაწმინდელების სხვა შეთავაზებით, დოკუმენტის – ,,მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან’’ ტექსტში ფართოდ უნდა იყოს ჩართული მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის და კოსმოლოგიის საკითხები (წმ. გრიგოლი პალამას სწავლებაზე დაყრდნობით).
– ათონელი ბერების მიმართვის დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ ,,კრების წინ აუცილებელია დოკუმენტების ტექსტების ჩასწორება’’, ისე, რომ ისინი სრულიად გამოხატავდნენ ეკლესიის სისავსის სულისკვეთებას და არ იქცნენ განხეთქილების და გაყოფის საბაბად.
მიმართვის ბერძნული ტექსტი: scribd.com