ოკულტურ-ეკუმენისტური ვიტრაჟი მართლმადიდებლურ აკადემიაში კ. კრეტაზე

ოკულტურ-ეკუმენისტური ვიტრაჟი მართლმადიდებლურ აკადემიაში კ. კრეტაზე

როგორც ცნობილია, მართლმადიდებელი ეკლესიის ე.წ. წმინდა და დიდი კრება გაიმართება სასულიერო აკადემიის კედლებში კუნძულ კრეტაზე სულთმოფენობისა და მის შემდგომ დღეებში. მაგრამ ცოტა ხნის წინ გამჟღავნდა კიდევ ერთი არც თუ უმნიშნელო დეტალი, რომელზედაც შეუძლებელი იყო ყურადღების არმიქცევა. მითუმეტეს, რომ მოახლოებული სრულიად მართლმადიდებლური კრების მისამართით მუდმივად ვღებულობთ კრიტიკულ შენიშვნებს ეპისკოპატისა და სამღვდელოების, ასევე საეროთა მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კრება, თავისი სტრუქტურისა და სულის მიხედვით, არ არის მართლმადიდებლური, და ის მოემსახურება მსოფლიოს კულისებმიღმა ძალებს და შეეცდება დააკანონოს ეკუმენიზმი კრების დონეზე. როგორც აღმოჩნდა, აკადემიის სამრეკლოს მთავარი შესასვლელის თავზე განათავსეს აშკარად ოკულტურ-ეკუმენისტური ვიტრაჟი. ეს არის R. Bleninger-ის ნაშრომი, შესრულებული პროგრამის “პირისპირ“ პროექტის მიხედვით. ამ აღმაშფოთებელ ფაქტს ყურადღება მიაქცია პატრის მღვდელმსახურმა, პროტოპრესვიტერმა ანასტასი ნგოცოპულომ, რომელმაც ოფიციალური წერილით მიმართა წმინდა და დიდი კრების სამდივნოს. ამ წერილში, კერძოდ, აღნიშნულია შემდეგი:

ანასტასი ნგოცოპულო
პატრა, 20. 05. 2016

მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის
წმინდა და დიდი კრების სამდივნოს ჟენევაში

თქვენო უწმინდესობა, პატივცემულო მამებო
პატივისცემით მოგახსენებთ:

1. კრეტის მართლმადიდებელი აკადემიის სამრეკლოს მთავარი შესასვლელის თავზე და იმის უშუალო სიახლოვეს, სადაც გაიმართება მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის წმინდა და დიდი კრება, არის პროგრამის “პირისპირ” პროექტის მიხედვით R. Bleninger-ის მიერ შესრულებული ვიტრაჟი.

მასზე, როგორც ეს თქვენ თანდართულ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ, ცენტრში ცეცხლის ალში მდგომი სამი ადამიანის ფიგურაა გამოსახული, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ კაცობრიობა ცეცხლში ჰგიებს. ეს სამი ადამიანი ლოცვის მდგომარეობაში ხელებს იწვდის რელიგიური სიმბოლოებისაკენ: პირველია – უფლის ჯვარი, მეორე – ნახევარმთვარე (ჯვრის მარცხნივ), და მესამე – დავითის ვარსკვლავი (ექვსქიმიანი, ჯვრის მარჯვნივ)! წმიდა ჯვარი და “მონოთეისტური რელიგიის” ორი სიმბოლო (ნახევარმთვარე და ექვსქიმიანი ვარსკვლავი) ერთმანეთთან დაკავშირებულია და ვიზუალურ ერთობაში მოქცეულია ცისარტყელას საშუალებით, რაც წარმოადგენს ახალი საუკუნის (New Age – მთ. შენიშვნა) ცნობილ სიმბოლოს.

აშკარაა, რომ კომპოზიცია მეტად ცხადად და არაორაზროვნად აღწერს კომფესიათაშორის სინკრეტულ ეკუმენიზმს. კრეტაზე მართლმადიდებლური აკადემიის ოფიციალური შენობების უმეტესობაში, რომლებიც აშენდა იმისათვის, რომ დაამაწმონ მართლმადიდებლობა, ანუ ქრისტეს ჯვრით – “წარმართთა სისულელე” და “ურიათა საცდური” (შდრ. 1 კორ. 1, 18-25), “სიტყვა ჯვრის შესახებ” არის რელატივიზირებული და გატოლებული იმასთან, რასაც გამოსახავს ნახევარმთვარე და ექვსქიმიანი ვრსკვლავი!

თქვენო უწმიდესობა, ჩემო პატივცემულო მამებო,

ასეთი “მხატვრული” შთაგონება და ღრმა ოკულტური შინაარსის მქონე კომპოზიციები არის მხოლოდ (ოკულტისტ ე.პ. ბლავადსკაიას) თეოსოფიური საზოგადოების “ადიარეს” შტაბ-ბინაში, ინდოეთში! სამწუხაროა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს ეგიდის ქვეშ მყოფი მართლმადიდებლური დაწესებულების სამრეკლოს მთავარ შესასვლელთან, მის გარე მხარეს ამ ვიტრაჟის საშუალებით ასე უსირცხვილოდ გამოისახება თითქოს “აბრაამისეული რელიგიების” თეორია, და ეს უწმინდური და სინკრეტული მანერით შესრულებული ნამუშევარი უნდა გამოქვეყნდეს მართლმადიდებლური აკადემიის პორტალზე! (იხ. ქვემოთ სურათი 1 – მთ. შენიშვნა)

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქრისტეს ეკლესიის წმინდა და დიდი კრების სამდივნო გაიზიარებს ჩვენს მწუხარებას და მრავალი სასულიერო და საერო პირის შეშფოთებას და გამოიჩენს მზრუნველობას იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის გმობითა და თეოსოფიით შთაგონებული ვიტრაჟი არა მხოლოდ არ იქნება განთავსებული კრეტის სასულიერო აკადემიის და მისი სამრეკლოს მთავარი შესასვლელის თავზე, არამედ მისცემს განკარგულებას აკადემიის პასუხისმგებელ პირებს ამ გამოსახულებების საერთოდ მოშორებასთან დაკავშირებით.

2. ასევე, ნება მომეცით კიდევ ერთი შენიშვნა გავაკეთო. აკადემიის მთავარ დარბაზში (რომელშიც გაიმართება წმინდა კრების კოლეგიის სხდომა), არის ორი ფერწერული ნახატი და კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთეს ქანდაკება (იხ. სურათი 2). რა თქმა უნდა, პრომეთეს შესახებ მითი აიხსნება ესქილეს ცნობილი “წინასწარმეტყველების” მიხედვით, რომელიც გამოხატავს გამომხსნელის მოლოდინს [1]. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ “პრომეთე” ჯეროვნად არის შეფასებული ასევე ოკულტიზმის მიერ, როგორც ამბოხებული ადამიანის სიმბოლოს, რომელმაც მოიპარა ოკულტური ცოდნის ცეცხლი, რათა იგი მიეცა კაცობრიობისათვის, რის გამოც ის საუკუნოდ იქნა დასჯილი ღმერთი-ტირანისა და ადამიანის სულიერი განვითარების მტრის მიერ!

სამწუხაროდ, კრეტაზე მართლმადიდებლური აკადემიის მთავარ, ცენტრალურ დარბაზში იესო ქრისტეს ხატების სრული არარასებობა ადამიანს აგდებს ერთგვარ ორჭოფულ და დაფიქრებულ მდგომარეობაში იმის ჭვრეტის წინაშე, რომ თითქოს მხსნელი მოვიდა და თავი მსხვერპლად შესწირა იმისათვის, რომ გაათავისუფლოს “დატყვევებული” პრომეთე! ვაი, სირცხვილო!.. და ეს გამოისახება იმ ადგილას, სადაც ჯერ არს სიმბოლოების ენით მართლმადიდებლობის დამოწმება, ანუ მისი სისავსისა და უნიკალურობის, მკვდარი კაცობრიობის იესო ქრისტეს მიერ გადარჩენის დამოწმება.

გამოვითხოვ თქვენს სამღვდელმთავრო ლოცვებს, შვილობრივად ვლოცულობ იმაზე, რომ სულიწმიდის მადლმა მოგცეთ თქვენ ძლა, რათა გასცეთ პასუხები თქვენი მსახურებისას, რათა წმინდა და დიდმა კრებამ ღირსეულად წარმოაჩინოს თავისი სახელი, განეშოროს სიახლეების საფრთხეს ჩვენი ეკლესიის ერთიანობისა და მოწმობისათვის.

პატივისცემით,
მამა ანასტასი ნგოცოპულო
___________________________
[1] Αἰσχύλος, Προμηθεύς Δεσμώτης, στ. 1026-1029: «Τοιοῦδε μόχθου τέρμα μή τι προσδόκα, πρίν ἄν θεῶν τις διάδοχος τῶν σῶν πόνων φανῇ, θελήσῃ τ’ εἰς ἀναύγητον μολεῖν Ἅϊδην κνεφαῖά τ’ ἀμφί Ταρτάρου βάθη».

http://thriskeftika.blogspot.ru/2016/05/blog-post_91.html

თარგმნა ა. უნგიაძემ

4-04a7775

სურათი 1

132453

სურათი 2

41301163

მოდერნისტულ არქიტექტურულ სტილში შესრულებული კრეტის სასულიერო აკადემია კოლიმბარში,
სადაც დაგეგმილია ე.წ. დიდი და წმინდა კრების ჩატარება 2016 წელს.