საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება 1998 წლის 8 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება 1998 წლის 8 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა:

I. მიუღებელია 1990 და 1993 წლებში შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებელ ეკლესიასა და არაქალკედონურ (ორიენტალურ) ეკლესიებს შორის არსებული საღვთისმეტყველო დიალოგის გაერთიანებული საღვთისმეტყველო კომისიის დოკუმენტები (ე. წ. „შამბეზის შეთანხმებები”).

II. მიუღებელია 1991 წლის, ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასა დაანტიოქიის არაქალკედონიტ (ორიენტალურ) ეკლესიას შორის მიღებული წინასწარი შეთანხმების პროექტი.

III. მიუღებელია 1993 წლის 23 ივნისს ბალამანდში (ლიბანი) მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი: „უნიატობა როგორც მეთოდი გაერთიანებისა წარსულში და ძიება სრული ერთობისა დღეს” (ე. წ. „ბალამანდის შეთანხმება”).

IV. მიუღებელია ფინეთის ავტონომიური ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის გრიგორიანული პასქალიით აღნიშვნა, რომელიც არ შეესაბამება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას აღდგომის დღესასწაულის თარიღის შესახებ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო მართლმადიდებლური პოზიციიდან გამომდინარე ეს არის კანონიკური დარღვევა, და არა მწვალებლობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო (რომლის იურისდიქციაშიც შედის ფინეთის ავტონომიური ეკლესია) უარყოფითადაა განწყობილი ამ კანონიკურ დარღვევისადმი და მიაჩნია, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოსნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების შესაბამისად (იხ.კონსტანტინეპოლის პატრიარქის წერილი N 1214/1997).

V. მიუღებელია არამართლმადიდებლური, მოდერნისტული თეოლოგიის წიაღში ჩამოყალიბებული ეკლესიოლოგიური მწვალებლური სწავლება მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის კანონიკური საზღვრების გარეთ არსებობის შესახებ და მისი უკიდურესი გამოვლინება ე. წ. „განშტოებათა თეორია”, რომლის მიხედვითაც დღეს არსებული სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობები განიხილება, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის სხვადასხვა თანაბარზომიერი განშტოებები, რომელნიც ერთნაირად ფლობენ ღვთაებრივ მადლსა და ჭეშმარიტებას.

VI. მიუღებელია არამართლმადიდებლებთან თანალოცვა და თანაზიარება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე (ქ. თესალონიკი, 1998 წლის 29 აპრილი – 2 მაისი) მიღებული საბოლოო დოკუმენტით, რომლის მე-13-ე მუხლის ბ) პუნქტში წერია:„მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში და ასამბლეის სხვა რელიგიურ ცერემონიებში”.