ძალდატანება ბავშვებს თრგუნავს. დაუსრულებელი შენიშვნები: – ამას ხელი არ ახლო, იქ არ წახვიდე, ეს გააკეთე, – აღიზიანებს. თოკი ხომ ისე უნდა მოსწიო, რომ არ გაწყდეს. ბავშვები გონივრულად უნდა ამხილო და ასე დაეხმარო შეცდომის შეცნობაში. სიყვარულით და გულისტკივილით უნდა აუხსნა, რა არის მისთვის სასიკეთო და რა არა. თანაც არ უნდა დაუშვა, რომ მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდეს… მახსოვს, ერთი დედა როგორ შესტიროდა შვილს, რომელიც ცუდად იქცეოდა: ნუ შვრები ასე, ჩემო ოქროს ბიჭოო. და როცა ბავშვებს ასეთი მაგალითი აქვთ, ისინიც სწავლობენ ცხოვრებისეული სიძნელეების გადატანას ლოცვით და ღვთის რწმენით.
დღეს აფორიაქებულ გარემოში ვცხოვრობთ, უამრავ ბავშვს ჯანმრთელობა ერღვევა. სკოლასა და ქუჩაში უკიჟინებენ: – მშობლებს პატივს არ სცემთ, არავის არ სცემთ პატივსო. ამას ემატება დედის სურვილებიც, მკაცრად ეჭიროს შვილი ხელში.
ვურჩევ დედებს, ძალა ბავშვს კი არა, საკუთარ თავს დაატანონ და ილოცონ. თუ დედა შვილს უბრალო მოქმედებასაც კი უკრძალავს და ხშირად – უსამართლოდაც, მაშინ ბავშვი სერიოზული საფრთხისას არ დაუჯერებს მშობელს და თავს ხიფათში ჩაიგდებს. მას არ ესმის, რომ მშობლის ნათქვამში – “ეს არ გააკეთო” – რამხელა სიყვარული იმალება. მოზრდილ ბავშვს შენიშვნების მიცემისას ეგოიზმი უჩნდება სულში – განა პატარა ვარ, ასე რომ მექცევიანო. მშობლებმა მას უნდა გააგებინონ, რომ თუ ძალზე პატარას ცეცხლთან თამაშს უკრძალავდნენ – რამე არ დაიწვაო, ახლა, წამოზრდილს, სხვა ცეცხლისგან იფარავენ. ამიტომ ბავშვიც ფრთხილად უნდა იყოს, ეშმაკს გამოცდის ნება რომ არ მისცეს და წმინდა ნათლისღების მადლი არ დაკარგოს.
ღირსი მამა პაისი მთაწმინდელი (+1994)