წმ. დიდმოწამე გიორგის მიერ აღსრულებული სასწაულები

წმ. დიდმოწამე გიორგის მიერ აღსრულებული სასწაულები

სარკინოზთა დასჯა

წმიდა გიორგის სასწაულთა რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებით და წყალობით. წმიდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსრვაზე მოგვითხრობს შემდეგი საკვირველებით აღსავსე სასწაული:

პალესტინაში, წმიდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმიდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, ერთ დროს სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს, იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიჰყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშს და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და დაუწყეს სროლა იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმიდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე თავის მოწინააღმდეგებს ამხილებს და ულმობელად მუსრავს მათ“. ურჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ, ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმიდა გიორგის ხატს, ბრწყინვალედ გამოსახულს და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილს, რომელსაც ერტყა ოქროს ქამარი, ხელში ეჭირა საბრძოლო შუბი და იყო თავზარდამცემი სანახავი თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და სტყორცნა წმიდანის დიდებულ ხატს. ისარი წამშივე უკუიქცა, მტყორცნელს გული გაუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია. დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმიდანის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცმული მეომრები გაიქცენენ. ვინც გადაურჩა მახვილით მოსრვას, მოუთხრობდნენ წმიდა გიორგის უძლეველ ძალაზე.

წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი, თბილისი, 2003

წმიდა გიორგის თანამებრძოლობა ქართველთა ლაშქარში

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.

ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ“…

უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. მაგრამ რაც უფრო მნიშნვნელოვანია, „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისა“.

დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.

წმიდა გიორგი იბრძოდა ხილულად ქართველთა ლაშქარში შაჰ-აბასის წინააღმდეგაც, XVII საუკუნეში. მემატიანე მოგვითხრობს, რომ „ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამავალად მათდა“.

წმინდათა ცხოვრება, თბილისი, 2001 წ.

დიდმოწამე გიორგი ყრმას ტაძარში აცილებს

ღირსი თეოდორე სიკიოტელი (VII ს.) 10 წლისა იყო, როდესაც მასთან ყოველ ღამე დიდმოწამე გიორგი მოდიოდა, აღვიძებდა და ეუბნებოდა: „თეოდორე, უკვე გათენდა და დადგა დილის ლოცვების დრო, ადექი და წამოდი წმიდა გიორგის ტაძარში“. ყრმა მყისვე სიხარულით დგებოდა. თავიდან წმიდა გიორგი ყრმას სტეფანეს (თეოდორეს ოჯახის წევრი) სახით ევლინებოდა, შემდეგ კი საკუთარი სახით ეცხადებოდა. ყოველდღე აღვიძებდა და აცილებდა ეკლესიისაკენ.

გზაში ეშმაკებს უნდოდათ ყრმის შეშინება, რისთვისაც ისინი მგლებად ან სხვა ცხოველებლად იქცეოდნენ და მისკენ მიემართებოდნენ, მაგრამ წმიდა გიორგი მიუძღოდა ბავშვს, ამხნევებდა და შუბით დევნიდა საშინელ მოჩვენებებს.

თეოდორეს ოჯახის წევრები დილით ვერ პოულობდნენ ბავშვს საწოლში. მოგვიანებით კი მიხვდნენ, რომ იგი ღამღამობით ეკლესიაში დადიოდა და უკვირდათ, რატომ ვერ იგებდნენ, თუ როდის დგებოდა ყრმა საწოლიდან.
დედას ეშინოდა, რადგანაც შეიძლებოდა, რომ ბავშვი მგელს შეეჭამა. ხმა დადიოდა, რომ ერთი მგელი იტაცებდა არა მხოლოდ საქონელს, არამედ პატარა ბავშვებსაცო. მზის ამოსვლამდე სახლიდან გასვლა სასტიკაც აუკრძალა დედამ შვილს. თუმცა ნეტარმა ყრმამ დედას ყური არ უგდო და წმიდა გიორგის მიერ გაღვიძებული ჩვეულებრივ დროს, წავიდა ეკლესიაში.

ერთხელ, გათენებისას, დედამ თეოდორე სახლში რომ ვერ ნახა, გაბრაზებული წავიდა ეკლესიაში, თმებით გამოიყვანა ყრმა, სახლში ჩაკეტა და აღარსად უშვებდა. საღამოს კი მაგრად გაკოჭა, რომ ვერსად წასულიყო.

ღამით თეოდორეს დედასა და ოჯახის სხვა წევრებსაც ხმალშემართული წმიდა გიორგი გამოეცხადათ, რომელიც იმუქრებოდა: „თავებს მოგკვეთთ, თუ ყრმას კიდევ სცემთ და ჩემთან მოსვლას დაუშლითო“.

სიზმრისაგან შეშინებულმა ქალებმა ერთმანეთს უამბეს ნანახი და წმინდა დიდმოწამე გიორგის მუქარა. როდესაც გაიგეს, რომ ყველამ ერთიდაიგივე იხილა სიზმრად, უფრო შეშინდნენ, მყისვე გახსნეს ყრმა და ფერება დაიწყეს. შემდეგ დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ეშინოდა თეოდორეს მხეცებისა, როდესაც გათენებამდე ეკლესიაში მიდიოდა. ყრმამ უპასუხა: „ყოველ ღამეს ნათელი ყმაწვილი მაღვიძებს და ეკლესიაში მივყავარ, გზაზე კი საფრთხისაგან მიფარავს“.

ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ ყრმას ევლინება და მფარველობს წმინდა გიორგი. ამის შემდეგ ისინი წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ თეოდორეს, მთლიანად მიენდვნენ უფალს და ამბობდნენ: „დაე, იყოს ნება უფლისა!“

„სასწაულები და ხილვები წმინდა მამათა ცხოვრებიდან“, თბილისი, 2003 წ.

წმიდა გიორგის დახმარება

გიორგი მთაწმინდელი ათონის წმიდა მთას მიემგზავრებოდა. დიდი მდინარე გადაეღობა გზად. ბერმა ადიდებული წყლის გადალახვა ვერ შეძლო – მღვრიე ტალღები დანთქმას უქადდა.

მაშინ გამოეცხადა მას თეთრ ცხენზე ამხედრებული მშვენიერი ჭაბუკი და უთხრა: „შემოდი მდინარეში, ნუ გეშინია!“ – მოჰკიდა ხელი და მშვიდობით გადაიყვანა მეორე ნაპირზე, თვითონ კი უმალ უჩინო იქმნა.

„რომელმან წყალთა შინა სიკვდილისაგან მიხსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყო“ – მადლიერებით იხსენებდა შემდგომ ღმრთის დიდი სათნომყოფელი ბერი, რომელზეც მომავალში იტყვის მთელი ქართველობა: „კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგვივლინა ესევითარი კაცი მაცხოვნებლად სულთა ჩვენთა“.

ქრისტიანული მოთხრობები საქართველოს ისტორიული წარსულიდან, თბილისი, 2002 წ.

მუსულმანის მოქცევა

დიდი ხნის წინ, როდესაც თურქებმა სირია დაიპყრეს, ეკლესიაში წმიდა გიორგის ხატის წინ ერთი მღვდელი ლოცულობდა. ამ დროს ეკლესიაში შევიდა დიდგვაროვანი თურქი თავისი ამალით, დაუწყო დაცინვა მღვდელს და ხატს ისარი ესროლა, მაგრამ ისარი, ღმერთის ნებით, ხატს ასცდა და დიდგვაროვანს მოხვდა ხელში. შეშინებულმა თურქმა მიმართა მღვდელს თხოვნით, რომ დახმარებოდა მას დასიებული ხელის მორჩენაში. მღვდელმა აუხსნა ურწმუნო ადამიანს, რომ ჩვენ ხატთან წმინდანის წინაშე ვლოცულობთ, და ხატებს პატივს ვცემთ არა როგორც ღმერთებს, არამედ როგორც ღმერთის მსახურთა გამოსახულებებს, რომლებიც ხატის საშუალებით სასწაულებს ახდენენ. ერთ-ერთი სასწაულის თვითმხილველი თვითონ დიდგვაროვანიც გახდა.

თურქმა წაიღო სახლში წმიდა გიორგის ხატი, აუნთო მთელი ღამით კანდელი და დილას ნატკენი ხელი დაიზილა კანდელის ზეთით. მოხდა აღუწერელი სასწაული: ხელი მაშინვე შეუხორცდა. გაოგნებულმა მუსულმანმა წამოიძახა: „შეთხოვე შენს ღმერთს ჩემი ხსნა და მე ვიქნები მისი მონა“. შემდეგ ჩაუვარდა ფეხებში მღვდელს და ითხოვა მონათვლა. მართლაც, ღამით ჩუმად მოინათლა მუსულმანი. მეორე დილას კი მოედანზე გავიდა და საქვეყნოდ აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც მუსულმანების ბრბომ ჩაქოლა.

საბავშვო საეკლესიო კალენდარი, 2002 წ.