სოჭის კონფლიქტი

სოჭის კონფლიქტი

ფოტოზე: გენერალი გიორგი კვინიტაძე და ქართული სამხედრო შტაბი სოხუმში სოჭზე იერიშის წინ.


რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ჯიქეთის ტერიტორიაზე შეიქმნა შავი ზღვის ოკრუგი. 1896 წელს ეს ტერიტორია მოექცა ახალჩამოყალიბებულ შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში სამი ადმინისტრაციული ერთეულით-სოჭის, ტუაფსის და ნოვოროსიისკის ოლქით. გუბერნიის ცენტრად ქალაქი ნოვოროსიისკი დადგინდა, ხოლო მისმა სამხრეთმა ადმინისტრაციულმა საზღვარმა სოხუმის ოკრუგთან (აფხაზეთთან) მდინარე მზიმთაზე გაიარა. 1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის მთავრობამ ეს საზღვარი კიდევ უფრო სამხრეთით გადმოსწია-შავი ზღვის გუბერნიას შეუერთდა სოხუმის ოკრუგის ნაწილი გაგრის კლიმატური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებითურთ, სულ 150 ათასამდე დესეტინა მიწა. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე შენარჩუნდა.

სოჭი-ტუაფსეს კამპანია

1918 წლის მარტში გუდაუთის მაზრაში აფხაზმა ბოლშევიკებმა გამოიყენეს რა საბაბად მიწის რეფორმის არასწორი გატარება, ადგილობრივი გლეხობის ნაწილი (აფხაზები, სომხები, რუსები) ამიერკავკასიის სეიმისა (პარლამენტის) და კომისარიატის (მთავრობის) წინააღმდეგ ააჯანყეს და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. ჩამოაყალიბეს რევკომი და საბჭოთა რუსეთთან შეერთების სურვილსაც არ მალავდნენ.

ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება სოხუმის ოკრუგში წესრიგის აღდგენის შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სეიმმა ეს დადგენილება მიიღო აფხაზთა სახალხო საბჭოს (სოხუმის ოლქის მმართველი ადგილობრივი ორგანოს) თხოვნით.

16 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის (ფაქტობრივად საქართველოს) სამხედრო ძალები მდინარე კოდორს მიადგნენ. ვალიკო ჯუღელმა და პოლკოვნიკმა კონიაშვილმა ბოლშევიკებს ულტიმატუმი წაუყენეს, რათა საღამოს 5 საათამდე დაეყარათ იარაღი. აფხაზმა კომუნისტებმა ქართველებს საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს. გვარდიელებმა მძაფრი ბრძოლის შემდეგ კოდორის ხიდი დაიკავეს. სწრაფად განვითარებული შეტევის წყალობით გვარდიამ გუდაუთა და ახალი ათონიც გაათავისუფლა. თუმცა აფხაზი ბოლშევიკებმა დახმარებისათვის კვლავ ჩრდილოკავკასიელ კომუნისტებს მიმართეს (იმ დროისათვის უკვე გამოცხადებული იყო ყუბანისა და შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკები). შესაბამისად, ქმედითი დახმარება ოპერატიულად მიიღეს-სოჭიდან ავტომანქანებით გადმოისროლეს დაახლოებით ორიათასკაციანი ქვედანაყოფი. აქვე უნდა აღინიშნოს რომ დუშეთის მაზრაში ბოლშევიკების ხელმძღვანელობით დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად მთავრობამ გვარდიის ნაწილები სასწრაფოდ უკან გაიწვია, რის შედეგადაც გუდაუთაში დარჩა მხოლოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი. 18 ივნისს ბოლშევიკურმა რაზმებმა ქართველ გვარდიელებს ალყა შემოარტყეს. ორი დღის ბრძოლების შემდეგ ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, მათი ნაწილი ტყვედაც ჩავარდა. 20 ივნისს მტერმა დაიკავა ახალი ათონიც, რის გამოც საშიშროება უკვე სოხუმსაც შეექმნა.

18 ივნისს გენერალ გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს შავიზღვისპირეთის ფრონტის ჯარების სარდლად. მან ჩამოყალიბების პროცესში მყოფი საქართველოს რეგულარული საარმიო ნაწილები, კერძოდ პირველი მსროლელი დივიზია (300 მხედრიანი აფხაზური კავალერიით), გუდაუთისაკენ გაგზავნა, ხოლო თავად 19 ივნისს სოხუმში ჩავიდა. 22 ივნისს კარგად მომზადებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მტრისაგან გათავისუფლდა გუდაუთა, 28 ივნისს-გაგრა, გადაილახა მდინარე მეხადირი, საქართველოს სამხედრო ნაწილები შევიდნენ პილენკოვოში (დღევანდელი განთიადი) და მიადგნენ მდინარე ფსოუს-სოჭის ოლქის საზღვარს.

29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა შემდეგ დაიკავეს ადლერი. მიუხედავად იმისა, რომ ზურგში ვითარება სერიოზულად გართულდა – აფხაზეთში თურქებმა შეიარაღებული დესანტი გადმოსხეს, მათი განადგურება მოხერხდა და მთელი ძალები ისევ სოჭისკენ იქნა მიმართული. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა, 6 ივლისს კი შევიდნენ საოლქო ცენტრში – ქალაქ სოჭში. 26 ივლისს, საღამოს 20 საათზე, 12-საათიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ ბოლშევიკები გარეკეს ქალაქ ტუაფსედანაც. თბილისიდან გენერალმა მორიგი ბრძანება მიიღო, უკან დასდევნებოდა მტერს და ყუბანში გადასულიყო. ქართულმა ქვედანაყოფებმა გადალახეს გოითხის უღელტეხილი, ისარგებლეს რკინიგზითა და გზატკეცილით, მოახდინეს ძალთა გადაჯგუფება და უბრძოლველად დაიკავეს ჯერ დაბა ხადიჟენსკი, შემდეგ კი მსხვილი ქალაქი ბელორეჩენსკი.

საინტერესოა, რომ თვითონ გენერალი მაზნიაშვილი წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ტუაფსეს აღებასა და ჩრდილოეთ კავკასიაში გალაშქრებას ზედმეტად მიიჩნევდა. მისი აზრით, საკმარისი იყო სოჭსა და ლაზარევსკაიას შორის მდებარე მდინარე შახეს ნაპირებზე თავდაცვითი ზღუდეები მოეწყოთ და ამით სოჭი მტრისაგან დაცული იქნებოდა. თუმცა მთავრობა არ დაეთანხმა იმ მოსაზრებით რომ საქართველოში მწვავედ იდგა ხორბლის და ნავთობის კრიზისი, რომლის გადაჭრა შეეძლო ტუაფსეს ნავსადგურს. ამასთან, ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენელი ლაპინი გენერალ მაზნიაშვილს და სოჭის ოლქში საქართველოს მთავრობის რწმუნებულს გიზო ანჯაფარიძეს სთხოვდა, რომ თუ ქართველები ბოლშევიკებისგან გაანთავისუფლებდნენ მაიკოპს, მაშინ იგი მზად იყო საქართველოსთვის მოეყიდა ხორბალი თბილისისთვის ხელსაყრელ ფასებში.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial