არტანუჯი

არტანუჯი

არტანუჯი – ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთის ცენტრი. ართვინის რეგიონში, ამჟანიმდელი ქალაქ არტანუჯის სიახლოვეს. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე.

”ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ციხე წმიდა წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ბრძანებით აუგიათ –  ჯუანშერის გადმოცემით, როცა მეფე კლარჯეთიდან ქართლში მოდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „არტანუჯს“ უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის – არტავაზისათვის აქ ციხის აგება უბრძანებია. არტავაზმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა“, რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი.

V საუკუნის მეორე ნახევარში არატნუჯის ციხე დიდ როლს ასრულებს კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოგვიანებით იგი უკვე ქალაქად მოიხსენიება. არტანუჯი მდებარეობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე და ამიერკავკასიას ბიზანტიასა და შავიზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა, აქ გადიოდა სამშვილდე-ფარავანი-ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯის გზა. სწორედ ამ გზის საშუალებით უკავშირდებოდა სომხეთის ქალაქები შავ ზღვასა და დასავლეთ საქართველოს.

VIII საუკუნის 30-იანწლებში, მურვა ნყრუმ ტაო-კლარჯეთი და არტანუჯის ციხე ააოხრა. ამის შემდეგ 80 წლის განმავლობაში იგი მიტოვებული და გავერანებული იყო. მემატიანის ცნობით, მიდამო ტყით დაიფარა.

მალე კლარჯეთში ბაგრატიონები მკვიდრდებიან; ტაოში სამონასტრო მშენებლობა იწყება. IX საუკუნეში წმ. მეფე აშოტ I დიდმა არაბობისგან გაპარტახებული კლარჯეთი აღადგინა და ხელახლა დაასახლა. სუმბათ დავითის ძე გვიამბობს: „პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალსა ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მიერ ბრბოთგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა აგრეთვე ციხედ… და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათ მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თვისი და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად“.

IX საუკუნიდან არტანუჯი ხდება დიდი ქალაქი – აქვს რაბათი, ანუ გარეუბანი, დაბაქალაქი.

XI საუკუნეში ბიზანტია-საქართველოს ომში ციხე დიდ როლს თამაშობს და ანტიბიზანტიური კოალიციის ცენტრი ხდება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში არტანუჯს თურქ-სელჩუკები აოხრებენ.

XII საუკუნეში არტანუჯი კვლავ მოღონიერდა, შემდეგ მონღოლთა ბატონობასაც გაუძლო.

XVI საუკუნეში არტანუჯი ისევ თურქთა ხელშია. 1552 წელს, ისქანდერ-ფაშამ დაიპყრო ციხე და სულთნის ტახტს დაუქვემდებარა. შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი და არტანუჯი ამ პროვინციის შემადგენლობაში შევიდა.

XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „არს არტანუჯი ქალაქი მცირე და ციხე მაგარი“.

1878 წელს, სან-სტეფანის ზავით, რუსეთმა შეიერთა ოსმალეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთი.

1918-21 წლებში, ტაო-კლარჯეთი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა.

1921 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, სსრკ-მ თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი, ართვინისა და არდაგანის ოლქები. არტანუჯი თურქეთში მოექცა.

არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 000-მდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 000-მდე კაცი ცხოვრობს.

„არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“ – წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.

დღეისათვის შემორჩენილია უზარმაზარ კლდეზე დაშენებული ციხის გალავნის ნაწილები, ციხის ტერიტორიაზე – ეკლესიისა და სასახლის ნაშთები. ციხის ქვემოთ ნაქალაქარია, რომლის ადგილზეც თანამედროვე ქალაქ არტანუჯის (თურქ. არდანუჩ) ერთიუბანია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე არის ეკლესიის ნანგრევები, ძველი სავაჭრო დუქნები, გალავნის ნაშთები.

317322_241617665978110_814210685_n
ციხის რეკონსტრუქცია