ყველიერის ხუთშაბათი – ხსენება ღირსი შიო მღვიმელისა (VI)

ყველიერის ხუთშაბათი – ხსენება ღირსი შიო მღვიმელისა (VI)

mural_shioყველიერის ხუთშაბათს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას აღასრულებს.

ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს“, შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა.

გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.

ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო.

შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდამო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო.

საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.

წმიდა შიო მღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა. ეს ნახა სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს), მოინახულა საკვირველი ბერი და დაემოწაფა მას. მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებმა აავსო. წმიდა შიომ სარკინეთში სავანე დააარსა და ორი ათას ბერს მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში.

სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

საქართველოს ეკლესიამ ღირსი მამის ხსენება 9 (22) მაისისს და ყველიერის ხუთშაბათს დააწესა.