ხერთვისის ციხე

ხერთვისის ციხე

ხერთვისის ციხე არის შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში. მდებარეობს ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.

მემატიანე ლეონტი მროველის ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს. ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი. სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578, არფაქსად იოთამის ძემ ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. XVIII საუკუნის 70-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აიღო. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს, 1828 რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს.

ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial