ტრამპის “მესიანიზმი”

ტრამპის “მესიანიზმი”

მცდარი მოსაზრებაა, თითქოს, რელიგია და პოლიტიკა განყენებული ცნებებია. მეტიც, სწორედ ზნეობრივ-სარწმუნოებრივი ასპექტია პოლიტიკური პროცესების საფუძველი და განმსაზღვრელი.

ფორმულა კი ძალზე მარტივია:
1. სულიერი ასპექტი განსაზღვრავს ღირებულებებს.
2. ღირებულებები – ინტერესებს.
3. ინტერესები – გეოპოლიტიკას.
4. გეოპოლიტიკა კი განაპირობებს პოლიტიკას.

* * *

ტრამპის მთელი ეს ენერგიული დუღილი, დიდ წილად, მხოლოდ ფასადურ ქმედებებად შეიძლება დარჩეს, ვინაიდან ობიექტურად შეუძლებელია ისეთი ფუნდამენტური პოლიტიკურ-ეკონომიკური ჩრდილოვანი მონსტრი სისტემის (რომელიც აშშ-ში ჩამოყალიბდა 1913 და 1963 წლების შემდეგ) დემონტაჟი მოკლე ვადებში… ან საერთოდ მისი რამენაირად ტრანსფორმაცია ან დამარცხება. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, თავად ტრამპს უნდა ესმოდეს, როგორც ამ სისტემის ნაწილს.

მაშინ რა ამოძრავებს ტრამპს?

ამის უკეთ გასაგებად უნდა ვთქვათ, რომ ტრამპი, გარდა იმისა, რომ კლასიკური გლობალისტია, ის ე.წ. პროტესტანტული „მესიანიზმის“ კლასიკური წარმომადგენელიცაა – იგი მიეკუთვნება ე.წ. WASP-ებს (White Anglo-Saxon Protestants), რომლებიც თვლიან, რომ „ახალ ისრაელს“ წარმოადგენენ და ატარებენ დიდ სულიერ მისიას (სხვათა შორის, საპრეზიდენტო არჩევნებზე 20 მილიონმა ევანგელისტმა, რომლებიც WASP-ების ბირთვს შეადგენენ, თავისი ხმა სწორედ ტრამპს მისცეს – კათოლიკე ბაიდენის საპირისპიროდ). ტრამპიც თავს „უფლის რჩეულად“ მიიჩნევს, რომელსაც კონკრეტული მისია გააჩნია (დაუკვირდით მის გამონათქვამებს რჩეულობის შესახებ, განსაკუთრებით კი თავდასხმის შემდეგ). რა მისიას შეიძლება გულისხმობდეს ტრამპი? ამერიკის აღორძინებას (როგორც ეს იყო გასული საუკუნის 50-იან წლებში) – Make America Grate Again? მაგრამ ეს მხოლოდ ფორმაა, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტია. საბოლოო მიზანი კი უფრო ღრმად – სულიერ ასპექტებში უნდა ვეძიოთ.

და აქ უნდა გავიხსენოთ ე.წ. „მესიანური იუდაიზმის“ შესახებ, რომელიც მე-19 საუკუნიდან არსებობს როგორც პროტესტანტიზმისა და იუდაიზმის ერთგვარი ნაზავი, რომელიც, მიუხედავად გარეგანი სარწმუნოებრივი სხვაობისა, შინაგანად საერთო მიზნების მატარებელია.

(სწორედ ამავე ჭრილში აიხსნება ტრამპის იუდაფილობა და მისი სიახლოვე ჰასიდიზმის ულტრა რადიკალურ ფრთასთან – ხაბადებთან*).

ამიტომ მთელი ამ ფასადური ხმაურის უკან, ალბათ, მართებული იქნება ვიგულისხმოთ მთავარი მიზანი: აშშ-სგან „ახალი ისრაელის“ შექმნა, რაც (მისი პროტესტანტული გაგებით) კორელაციაში მოდის აღთქმულ მიწაზე ძლიერი იუდაური სახელმწიფოს (რეგიონალური იმპერიის) არსებობასთან და იერუსალიმის მესამე ტაძრის აღდგენასთან.

ნუ, გამოუვა თუ არა ტრამპს ეგ ამბავი, ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ თუკი გლობალიზაციას ესქატოლოგიური კუთხით შევხედავთ, მაშინ ნათელი და გასაგები ხდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების არსი და მიმართულება.

P.S.
და ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში მსოფლიო ჰეგემონი სახელმწიფოს მმართველი უბრალოდ ვერ იქნება ანტიგლობალისტი. ტრამპი კლასიკური გლობალისტია, რომელიც უპირისპირდება ულტრაგლობალისტებს მსოფლიო ბატონობის მოსაპოვებლად.

ისტორიული ალეგორია რომ გამოვიყენოთ, გლობალისტებსა და ულტრაგლობალისტებს შორის დაახლოებით ისეთივე სხვაობაა, როგორც მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის იყო – საბოლოო მიზანი იგივეა, განსხვავება მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებებშია.

ულტრაგლობალისტებსაც (პირობითი ბაიდენი) და გლობალისტებსაც (პირობითი ტრამპი) კაცობრიობა ანტიქრისტემდე მიჰყავთ… უბრალოდ, სხვადასხვა მეთოდებითა და გზებით.

დავით ლორთქიფანიძე

20.02.2025

– – –
*ტრამპის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა, მიიღო იუდაიზმი და ცოლად გაჰყვა იუდეველს. ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, არის კაბალისტურ-იუდაური დაჯგუფების, “ჰაბადის”, წევრი (“ჰაბადი”: კაბალურ-იუდაური დაჯგუფება, ჰასიდიზმის ერთ-ერთი მიმართულება). პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ტრამპმა სიძე ოფიციალურად დანიშნა აშშ-ს პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად (სწორედ კუშნერს უკავშირდება “აბრაამის შეთანხმების” ხელმოწერა).