“პირველ შვილს ველოდებოდი, ორსულობა კი მძიმე ტოქსიკოზის ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთ გამოკვლევაზე ტესტებმა აჩვენა, რომ ბავშვი დაუნის სინდრომით დაიბადებოდა. ექიმებმა აბორტის გაკეთება შემომთავაზეს. ისეთ დეპრესიულ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ექიმს ვერაფერი ვუპასუხე და ჩუმად დავტოვე საავადმყოფო. “არა, აბორტს არ გავიკეთებ”, – გავიფიქრე ჩემთვის და მეშინოდა ჩემი გადაწყვეტილების აღიარება გარშემომყოფთათვის, სამწუხაროდ, არაეკლესიურებისთვის.
ჩემი ქმარი მივლინებაში იყო, გადავწყვიტე ტელეფონით არ მეთქვა ანალიზების შესახებ. ძალა მოვიკრიბე და ჩემს სულიერ მოძღვართან მივედი, ვუთხარი ჩემი გასაჭირის შესახებ. მან მომისმინა, შემდეგ კი ძალიან მშვიდად მითხრა: „ეზიარე, ფსალმუნები იკითხე, დაუჯდომლები და ყველაფერი კარგად იქნება…“
მეორე დილით სამთავროს მონასტერში მივედი, თაყვანი ვეცი წმიდა გაბრიელის ნეშტს და ტირილით შევევედრე. რაღაც მომენტში მონაზონი მომიახლოვდა, რომელმაც ალბათ ამ მდგომარეობაში შემამჩნია და სამი კანფეტი მომაწოდა. დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მექნა. „აიღეთ, ახლახანს შესრულებული ბერი გაბრიელის პარაკლისიდან არის, შეჭამე, გემრიელია“. კანფეტი ავიღე, მონაზონს მადლობა გადავუხადე და ლოცვა გავაგრძელე. სამთავროდან რომ წამოვედი, სიმშვიდეს და მადლს ვგრძნობდი. ტკბილეულს არ ვჭამდი და ტოქსიკოზიც მქონდა, მაგრამ გზაში ვიფიქრე, რომ ერთი კანფეტი მაინც უნდა გამესინჯა. ბოლოს სამივე შევჭამე, ოღონდ ისე მარტივად, რომ თვითონაც გამიკვირდა. არანაირი რეაქცია და გულისრევა არ მიგრძვნია. “ალბათ ნაკურთხი ტკბილეულია”, გავიფიქრე. სახლში მივედი, დაუჯდომელი წავიკითხე და დავიძინე.
დილით, როცა გავიღვიძე, ჩემი ქმარი უკვე დაბრუნებულიყო მივლინებიდან. ძალა მოვიკრიბე, რომ ყველაფერი მეთქვა და უცებ ღიმილით მეუბნება: „ნინო, იცი რა გაუგებარი და სასაცილო სიზმარი ვნახე?! თითქოს მე და შენ ვიყავით ეკლესიაში, შენ კუთხეში იდექი. უცებ შენთან მოდის უცნაური თეთრ წვერიანი მღვდელი და როგორც პატარა გოგონას კანფეტებს გაწვდის სიტყვებით: „ჭამე, ჭამე, გერიელია“ – „და უცნაური სიარულით, ხელების ქნევით გადის ეკლესიიდან“… სანამ ჩემი ქმარი სიზმარზე საუბარს დაასრულებდა, ცრემლები წამსკდა… დაბნეული იყო, არ ესმოდა რა ხდებოდა… მე ტირილით მოვუყევი ყველაფერი, ის კი ჩუმად მისმენდა. ჩემდა გასაკვირად, თვითონ მთხოვა სამთავროში წასვლა. მივედით, იდგა და ბერი გაბრიელის ხატს აკვირდებოდა. „ვფიქრობ, ეს ის იყო”, – თქვა ჩემმა მეუღლემ. ერთად გადავწყვიტეთ, რომ აბორტს არ გავიკეთებდი!
იმ დღიდან ის ჩემთან ერთად ცდილობდა ეკლესიაში სიარულს. მთელი ორსულობის განმავლობაში იმედს არ ვკარგავდით და მამა გაბრიელს ვევედრებოდით, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო… დადგა დრო და ჩემი ქალიშვილი დაიბადა… სრულიად ჯანმრთელი! ბარბარე. ექიმები ძალიან გაოცდნენ. მე და ჩემმა ქმარმა ვიცოდით, ვინც დაგვეხმარა, ვინც მოიმოქმედა, ასეთი ერთი შეხედვით შეუძლებელი რამ! „შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“ (ლუკა 18:27). ამის შემდეგ გავიდა წელიწადზე მეტი და გამოჩნდა წმიდა გაბრიელის ახალი ვიდეოკადრები. კადრების ნახვის შემდეგ ჩემმა ქმარმა გაოცებულმა თქვა: „სიზმარში ნამდვილად ის ვიხილე. ასე აღაპყრო ხელები ზეცისკენ“… ახლა ჩემს მეუღლეს ჰყავს საკუთარი სულიერი მოძღვარი. ვცდილობთ ხშირად ვესტუმროთ სამთავროს მონასტერს ბარბარესთან ერთად, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს წმიდა გაბრიელი!
დიდება ღმერთს ყველაფრისთვის, დიდება ჩვენს საყვარელ წმინდა გაბრიელს!
მინდა მივმართო ქალებს, დედებს, რომლებიც აღმოჩნდნენ ან მოხვდებიან მსგავს სიტუაციაში: ირწმუნეთ ღმერთი, ევედრეთ მას, მის წმინდანებს, სასოწარკვეთას არ მიეცეთ და არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ აბორტი!”
ნინო ლობჟანიძე