ჭეშმარიტად აღდგა – წმიდა იოანე ოქროპირი

ჭეშმარიტად აღდგა – წმიდა იოანე ოქროპირი

ტყუილი ყოველთვის თავისივე თავის დამღუპველია. სურს მას ეს თუ არა, იგი უნებლიედ თვითონვე უწყობს ხელს სიმართლის წარმოჩენას.

განვიხილოთ შემდეგი საკითხი: ქრისტე რომ ჯვარს ეცვა, დაეფლა და მკვდრეთით აღდგა, ამას თვით მისი მტრები ასაბუთებენ და აი, როგორ: მათ ხომ მტკიცედ დაბეჭდეს უფლის საფლავი და დააყენეს გაძლიერებული დაცვა, ამიტომაც მაცხოვრის სხეულის მოპარვა შეუძლებელი გახდა; და რადგან მაცხოვრის სხეული არავის მოუპარავს, ხოლო საფლავი მაინც ცარიელი აღმოჩნდა, ეს ნათლად ავლენს რეალობას იმისას, რომ ქრისტე აღდგა. ასე თავისთავად დამტკიცდა სიმართლე.

ან კი როდის მოიპარავდნენ ქრისტეს ცხედარს მოწაფეები, შაბათს? მაგრამ ამ დღეს ხომ კანონით აკრძალული იყო გარეთ გასვლა. დავუშვათ, მათ დაარღვიეს უფლის კანონი, მაგრამ ისედაც შიშით მოცულნი საერთოდ გამოვიდოდნენ კი ამ დღეს სახლიდან?

 და რისთვის გააკეთებდნენ ამას? ელოდნენ რაიმე გასამრჯელოს ან ჯილდოს? ანდა რისი იმედი უნდა ჰქონოდათ? თავისი სიტყვის ძალის? მაგრამ, ისინი ხომ სრულიად გაუნათლებლები იყვნენ. იქნებ დიდი ქონების? მაგრამ მათ, ხომ უბრალო კვერთხიც არ ჰქონდათ და არც სამოსი და ფეხსაცმელი ებადათ. იქნებ, გვარიშვილობის? მაგრამ, თითოეული მათგანი ხომ ყველაზე მდაბიო ფენის წარმომადგენელი იყო. ან იქნებ სიმრავლის? მაგრამ ისინი ხომ მხოლოდ თერთმეტნი იყვნენ.

გავიხსენოთ ისიც, რომ თუ მოწაფეთა შორის უპირატესი, მსახური ქალის სიტყვებმა შეაშინა, სხვები კი შეპყრობილი მოძღვრის დანახვაზე მაშინვე მიმოიფანტნენ, განა ეს ადამიანები შეძლებდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წასულიყვნენ და გაევრცელებინათ აღდგომის შესახებ მათ მიერ შეთხზული ცრუ ქადაგება? ქალის მუქარას განრიდებულნი, შემდგომში განა გაუძლებდნენ ამდენ ცეცხლსა და მახვილს და ყოველ წუთს სიკვდილის საფრთხეს, თუ არ ექნებოდათ სრულად გაცნობიერებული და შეგრძნებული აღდგომის ძალა და სიდიადე?

მოდით ახლა ისევ დავუბრუნდეთ ზემოთქმულს და ვკითხოთ ებრაელებს: “უგუნურნო, მოწაფეებმა როგორ მოიპარეს ქრისტეს სხეული, რეალობა ხომ ნათლად წარმოაჩენს სიმართლეს, იუდეური ტყუილი კი ჩრდილსაც ვერ აყენებს მას. მითხარით, როგორ შეიძლებოდა სხეულის მოპარვა? იქნებ საფლავი არ იყო დაბეჭდილი? იქნებ კარგად ვერ დარაჯობდა მას მრავალრიცხოვანი ჯარისკაცი და იუდეველი, რომელნიც ისედაც ელოდნენ, რომ რაღაც შეიძლება მომხდარიყო და ამის გამო, უფრო მეტად ფრთხილობდნენ?

ან რისთვის უნდა მოეპარათ სხეული? აღდგომის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად? როგორ განიზრახავდნენ ამას შეშინებულნი, ან როგორ გადააგორებდნენ დაბეჭდილ ლოდს ამდენ მცველთა თვალწინ?

ყურადღება მივაქციოთ ებრაელთა საქციელს: ისინი თავად გაებნენ თავის დაგებულ ბადეში. დიახ, პილატესთან რომ არ მისულიყვნენ და არ მოეთხოვათ უფლის სხეულის გაძლიერებული დაცვა, უფრო ადვილად იცრუებდნენ, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი გაცხადდა. ფაქტია, რომ ვერავინ შეძლებდა შეიარაღებულ, ფხიზელ მცველთაგან უჩუმრად თავის დაღწევას. და კიდევ ერთი ფაქტი: თუ მოწაფეებს ეს მიზნად ჰქონდათ, რატომ არ მოიპარეს სხეული უფრო ადრე, როცა საფლავი დაუცველი იყო და საფრთხეც თითქმის არ ელოდათ. ე.ი. წინა ღამეს? ებრაელები ხომ პილატესთან შაბათს მივიდნენ, პარასკევს ღამით კი საფლავი დაცვის გარეშე იყო. ცხადია, თუ მოპარვა სურდათ, ეს შემთხვევა ხელიდან არ უნდა გაეშვათ.

ანდა რატომ დახვდა პეტრეს და სხვა მოციქულებს სამარხში სურნელოვანი ზეთით გაჟღენთილი დახვეული სუდარა? გახსოვთ, ამ ადგილზე პირველად მარიამ მაგდალინელი მივიდა. როცა იგი უკან დაბრუნდა და მომხდარი სასწაული აუწყა მოციქულებს, ისინი დაუყოვნებლივ გაიქცნენ საფლავთან და დაბლა დადებული თეთრი ტილოები ნახეს. ეს იყო სწორედ აღდგომის ნიშანი, რადგან თუ სხეული მოიპარეს, რა თქმა უნდა, მას შიშველს არ წაიღებდნენ. ეს იქნებოდა მიცვალებულის უპატივცემულობა და თანაც უაზრობა. ამის გამკეთებელნი დროს არ დაკარგავდნენ იმაზე, რომ ჯერ სუდარა მოეხსნათ, შემდეგ იგი საგულდაგულოდ დაეხვიათ და კუთხეში დაედოთ, არამედ უცებ მოიპარავდნენ სხეულს და სწრაფად გაიქცეოდნენ.

ამასთან იოანე მახარებელი წერს, რომ დაკრძალვის დროს მაცხოვარს უხვად აპკურეს სურნელოვანი ზეთი, რომელიც ისე მტკიცედ აწებებს სუდარას სხეულს, როგორც დამდნარი ტყვია ლითონს; ამიტომაც ადვილი არ იქნებოდა მისი მოცილება. და როცა იცი, რომ ტილოები ცალკე დახვეული იხილეს, აღარ დაუჯერო მათ, ვინც ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს სხეული მოიპარეს. ბრიყვი უნდა ყოფილიყო ქურდი, რომ ამდენი დრო ზედმეტად დაეხარჯა. რისთვის დატოვებდა იგი დახვეულ სუდარას? ან როგორ დააღწევდა თავს მცველებს? დაგვიანების შემთხვევაში, ხომ მას ადგილზევე შეიპყრობდნენ.

მაშ, რატომ იდო თეთრი ტილოს ნაწილები და დახვეული სუდარა ცალ-ცალკე? იმიტომ, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ ეს არ იყო აჩქარებული და აღელვებული ადამიანის ნამოქმედარი და საერთოდაც შეუძლებელი იყო აქ ქურდობას ჰქონოდა ადგილი. თვით ებრაელებიც კი მიხვდნენ ამას, ამიტომაც მათ ფული მისცეს მცველებს და უთხრეს: ”თქვით, რომ სხეული მოიპარეს და თქვენს უფროსებთან ჩვენ მოვაგვარებთო საქმეს”. ე.ი. იმ ვერსიის შეთხზვა, თითქოს ”მოწაფეებმა ცხედარი მოიპარეს”, თავისთავად უაზრობაა. და რაკი ყველანი აღიარებენ, რომ სხეული იქ აღარ იყო, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება სიმართლე; ერთის მხრივ, სხეულის არ ყოფნა და მეორეს მხრივ, საფლავის დაბეჭდვა, მცველთა დაყენება, ტილოებისა და სუდარის ნახვა, აშიშვლებს მათ სიცრუეს და ცხადყოფს აღდგომის ჭეშმარიტებას.

ბევრი კითხულობს, აღდგომის შემდეგ, მაშინვე რატომ არ გამოეცხადა ქრისტე იუდეველებსო? ეს კითხვა არასწორია, რადგან რომ ყოფილიყო რაიმე იმედი იმისა, რომ ისინი ამით აღდგომას ირწმუნებდნენ, უფალი არ დააყოვნებდა და ყველას გამოეცხადებოდა; მაგრამ ეს იმედი არ არსებობდა, რაც აჩვენა ლაზარეს აღდგინებამ: მიუხედავად იმისა, რომ ოთხი დღის მკვდარი, უკვე ხრწნადაწყებული მისი ცხედარი აღადგინა მაცხოვარმა, ამის თვითმხილველებმა მაცხოვრისადმი რწმენა კი არ განიმტკიცეს, არამედ პირიქით, აღშფოთდნენ და მოინდომეს ქრისტესა და ლაზარეს მოკვლა.

მათ არა თუ დაიჯერეს ეს სასწაული, არამედ სიძულივილითა და ურწმუნოებით დაბრმავებულნი დაირაზმნენ მაცხოვრის წინააღმდეგ. აღდგომილი უფალი მაშინვე რომ გამოცხადებოდა იუდეველებს, ისინი უფრო მეტად განრისხდებოდნენ.

შემდეგ კი იგი, ყოველგვარი ეჭვი რომ გაეფანტა, არა მარტო მოწაფეებს ეჩვენებოდა ორმოცი დღის განმავლობაში და მათთან ერთად ჭამდა და სვამდა, არამედ გამოეცხადა ხუთას ადამიანს, თომა მოციქულს კი – ნალურსმნალი ადგილები და ლახვრით მიყენებული ჭრილობა უჩვენა.

და როდესაც ამბობენ, რატომ არ მოახდინა იესო ქრისტემ აღდგომის შემდეგ მრავალი დიდი სასწაული, მხოლოდ ჭამდა და სვამდაო, პასუხი ერთია: თვით აღდგომა იყო უდიდესი სასწაული და ამ სასწაულის უდიდესი დამამტკიცებელი საბუთი სწორედ ისაა, რომ იგი ჭამდა და სვამდა.

აბა ერთხელ კიდევ დავფიქრდეთ, თუ მოციქულებს უფლის აღდგომის არ სჯეროდათ, იმაზე ფიქრსაც კი როგორ გაბედავდნენ, რომ მთელს მსოფლიოში საქადაგებლად წასულიყვნენ. ხომ არ იყო ეს ბოდვა? და თუკი საღ გონებაზე იყვნენ, რასაც მათი ნამოქმედარი ამტკიცებს, განა შეიძლებოდა უტყუარი ზეციური ნიშნისა და ღვთიური ძალის შეწევნის გარეშე ჩაბმულიყვნენ ამდენ ბრძოლაში; ისინი ხომ მხოლოდ თერთმეტნი იყვნენ. ან როგორ უნდა ებრძოლათ ისეთი თავდადებით, რომ მოექციათ მთელი წარმართული სამყარო. ამგვარი სურვილის განხორციელებას ისინი ვერ შეძლებდნენ თუნდაც რომ ჰქონოდათ რაიმე მიზანი და ყოფილიყვნენ მდიდარნი, ცნობილნი, ძლიერნი და განათლებულნი. მაგრამ უმრავლეს მათგანს ხომ მთელი სიცოცხლე ზღვის ნაპირზე ჰქონდა გატარებული, ზოგი კარვებს ამზადებდა, ზოგი მეზვერე იყო. მათგან ფილოსოფიაზე და მაღალ მატერიებზე საუბარი სასაცილო იქნებოდა. ამასთან, თვითონ მათაც თავისი თანამედროვე ყოფიდან მრავლად ჰქონდათ მაგალითი იმისა, თუ რა სავალალოა შედეგი განდიდების მიზნით წამოყენებული ცრუ ქმედებებისა.

ალბათ იცოდნენ, თუ როგორ შეეცადნენ ბევრნი ახალი მოძღვრების შემოტანას. ამასთან არა მარტო თორმეტი კაცით, არამედ გაცილებით უფრო მეტი რაოდენობით. გავიხსენოთ თუნდაც თევდა და იუდა გალილეველის*, წარუმატებელი მცდელობა. ისინი ხომ თავის მრავალრიცხოვან მიმდევრებთან ერთად უკვალოდ გაქრნენ.

ეს მართლაც ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო მოციქულთათვის. მაგრამ დავუშვათ, რომ ისინი მოელოდნენ გამარჯვებას; განა შეეჭიდებოდნენ ასეთ საშიშროებას, თუ არ ექნებოდათ მყარი საფუძველი მომავალი კეთილდღეობისა? და რაში უნდა დაენახათ ეს კეთილდღეობა, რა სარგებელზე უნდა ეფიქრათ, თუ წარუძღვებოდნენ ხალხს ჩვეულებრივი ადამიანისკენ და არა აღმდგარისკენ, როგორც ამას მათი მტრები ირწმუნებოდნენ. დღესაც კი მათ, რომელთაც სწამთ ქრისტეს ზეციური მეუფება, უჭირთ შეებრძოლონ ბოროტებას. რის სანაცვლოდ გაუძლებდნენ მოციქულები ამდენ საშინელ სატანჯველს, თუ არ მოხდა აღდგომა და თუ არ ამაღლდა იესო ზეცად? თუნდაც ამ ფაქტების შეთხზვისათვის ისინი ხომ აუცილებლად დაიტეხდნენ თავს ღვთის რისხვას.

ამასთან, მართალია, ქრისტეს სიცოცხლეში მოწაფეებს მისადმი დიდი რწმენა ჰქონდათ, მაგრამ სიკვდილის შემდეგ იგი მალევე განქარდებოდა, უკეთუ მას არ ნახავდნენ აღმდგარს. თუ არა ეს სასწაული, ვერაფერი სხვა ძალა ვერ უბიძგებდა მათ მოსალოდნელ სასტიკ ბრძოლაში ჩასაბმელად. რომ არ აღმდგარიყო ქრისტე, მოწაფეები მისი ერთგულნი კი არ დარჩებოდნენ, პირიქით, თავს მოტყუებულად ჩათვლიდნენ. მან აღუთქვა: “სამი დღის შემდეგ აღვდგებიო”, და შეჰპირდა ცათა სასუფეველს, უთხრა, რომ სული წმიდის მადლს მიიღებდნენ და ქვეყანას მოაქცევდნენ; აგრეთვე, აღასრულებდნენ სხვა და სხვა სასწაულს ღვთიური ძალის გამოვლინებით. თუ უფლის ეს სიტყვები არ შესრულდებოდა, სიცოცხლეში მის მიმართ მოციქულებს რაც არ უნდა დიდი რწმენა ჰქონოდათ, გარდაცვლილს აღარაფერს დაუჯერებდნენ.

და სამართლიანადაც განსჯიდნენ: გვითხრა სამი დღის შემდეგ აღვდგებიო და არ აღდგა; დაგვპირდა სული წმიდას გარდამოგივლენთო და არ გამოგვიგზავნა; როგორღა უნდა ერწმუნათ მისი მომავალში, როცა არ გაუმართლათ აწმყოში?

და რისთვის დასჭირდებოდათ მათ ექადაგათ მისი აღდგომა, თუ მართლაც არ იხილეს იგი აღმდგარი? ზოგიერთი იტყვის, იმიტომ, რომ უყვარდათო, მაგრამ უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, რომ იმედი გაცრუებოდათ, რადგან არ შესრულდა მრავალი დაპირება, აღმოჩნდნენ მოტყუებულნი, მოწყვეტილნი სახლიდან და ახლობლებისგან და ამასთან მათ წინააღმდეგ ამხედრდა ებრაელთა მთელი ერი. თუ ეს ყველაფერი მისი ადამიანური სისუსტიდან მომდინარეობდა, მაშინ მას სიცრუეს სიცოცხლეშივე არ აპატიებდნენ, ასეთი ტყუილი ნამდვილი დანაშაულია; მათთვის სიმართლე უნდა ეთქვა, და თუ ჩვეულებრივი მოკვდავი იყო, არ უნდა შეჰპირებოდა ზეციურს.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იქნებოდა მოციქულებს ემოქმედათ სრულიად საწინააღმდეგოდ: ეღიარებინათ, რომ ისინი შეაცდინეს და მისთვის, ვინც ეს მოიმოქმედა, ეწოდებინათ მატყუარა და მოგვი. ამით თავს დააღწევდნენ მოსალოდნელ საშიშროებას და მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებას. ყველამ იცოდა, რომ იუდეველებმა ქრთამი მისცეს მცველებს, რათა მათ ეთქვათ ცხედარი მოიპარესო. თუკი მივიდოდნენ მოწაფეებიც და იტყოდნენ: “იგი ჩვენ მოვიპარეთ და არ აღმდგარაო”, რამხელა პატივს მოიპოვებდნენ. ასე, რომ დიდებაც და დაფასებაც მათ ხელში იყო. რატომ გასცვლიდნენ ყოველივე ამას შეურაცხყოფასა და საფრთხეზე, რომ არ ყოფილიყო სასოება ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე უფრო ძლიერი რაღაც ღვთიური ძალისა, რომელიც მათ შინაგან რწმენას განამტკიცებდა.

მაგრამ თუ ამანაც ვერ დაგარწმუნათ, დაფიქრდით შემდეგზეც: თუ არ იყო აღსრულებული აღდგომა და მოციქულებს მაინც გადაწყვეტილი ჰქონდათ ხალხში ქადაგება, არავითარ შემთხვევაში არ ილაპარაკებდნენ იესო ქრისტეს შესახებ, რადგან ცნობილია, მათი სახელის გაგონებაც არ გვინდა, ვინც მოგვატყუა. ან კი რაში უნდა დასჭირვებოდათ მისი განდიდება? თავის გადარჩენის მიზნით? მაგრამ ეს ხომ სწინააღმდეგო შედეგს მოუტანდათ. ცრუ ადამიანის სახელის წარმოჩენით თავს ხომ თვითონაც აუცილებლად შეირცხვენდნენ. გავიხსენოთ ისიც, მაცხოვარმა რომ აცნობა იმ განსაცდელზე, რომელსაც ჯვარცმა მოჰყვებოდა, ისინი შიშისაგან როგორ გაშრნენ და სრულიად გაფითრდნენ. ერთ-ერთ მათგანს იუდეაში გაყოლაც კი აღარ მოუნდა. თუკი მას, ქრისტეს გვერდით მყოფსაც კი, ეშინოდა სიკვდილის, უფლის და სხვა მოწაფეების გარეშე მარტოდ მარტო როგორღა გაბედავდა** მისი გულისთვის თავდადებას.

სწორედ იმიტომ, რომ მათ იწამეს მისი ჯვარცმა და აღდგომა, დიახ, ამიტომ იტანდნენ ამდენ ტანჯვას. უფალი აღდმდგარი რომ არ ენახათ, განა არ დაიქსაქსებოდნენ? ან კი იმედის გაცრუების და სირცხვილისაგან სად უნდა გამოეყოთ თავი? ალბათ, ინატრებდნენ მიწა გამსკდარიყო და თან ჩაეტანა ისინი ან როგორ შეხედავდნენ თვალებში ამდენ უკმაყოფილო ადმაიანს, რითი უნდა ემართლებინათ თავი? ხალხმა ხომ იცოდა, რომ მათი მასწავლებელი შუადღეს, დედაქალაქის შუაგულში, ყველაზე დიდ დღესასწაულზე, რომელსაც არავინ აკლდებოდა, გააკრეს ჯვარზე.

იგი აღდგომილი, თავიდან, მოწაფეთა გარდა, არავის უნახავს. ეს გარემოებაც ხელს უშლიდა ხალხის დარწმუნებას. როგორ დააჯერებდნენ ისინი მსოფლიოს აღდგომის ჭეშმარიტებაში? და ისიც მითხარით, თუ ამის გაკეთება და ადამაინებისათვის სიცრუის თავსმოხვევა  სურდათ, რატომ მაშინვე არ დატოვეს იუდეა და არ წავიდნენ უცხო ქვეყანაში. საინტერესო არ არის, რომ მოწაფენი პირიქით იუდეაში დარჩნენ და მრავალნიც მოაქციეს?

დიახ, მათ ეყოთ სიმამაცე ყველასათვის დაემტკიცებინათ მაცხოვრის აღდგომა; მათთვისაც კი, ვინც ის მოკლა, ჯვარს აცვა და დაფლა და თანაც იმ ქალაქში, სადაც ეს საშინელი ბოროტმოქმედება მოხდა. ამით ყველას გაეცა სათანადო პასუხი, რადგან როცა “ჯვარმცმელი” თვითონ ხდება “მორწმუნე”, სრულიად ნათლად მტკიცდება ჯვარცმის უკანონობა და ბრწყინავს აღდგომის ჭეშმარიტება. ხალხის თავისკენ მიზიდვით მოწაფეებმაც დაამტკიცეს, რომ მოახდინეს სასწაული. იესო რომ არ აღმდგარიყო და დარჩენილიყო ჩვეულებრივ მიცვალებულად, მისი სახელით როგორღა მოახდენდნენ სასწაულებს, ხოლო სასწაულები რომ არ მოეხდინათ, მრავალთ ვერ დაარწმუნებდნენ; და თუ სასწაულებს ახდენდნენ და, რა თქმა უნდა, ახდენდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ღვთიური ძალა ჰქონდათ. ისიც კი რომ დაგვეშვა, რომ ისინი არ ახდენდნენ სასწაულს და მაინც ყველგან იმარჯვებდნენ, ეს უფრო დიდი სასწაული იქნებოდა, რადგან გამოვიდოდა, რომ სასწაულების გარეშე დაიპყრო მსოფლიო თორმეტმა ღარიბმა და გაუნათლებელმა კაცმა.

რა თქმა უნდა, ამას უბრალო მეთევზეები არც სიმდიდრის და არც სიბრძნის წყალობით არ აკეთებდნენ, მათში აღდგომის ღვთიური ძალა მოქმედებდა, რადგან ყოვლად გამორიცხულია ადამიანური შესაძლებლობებით მიეღწიათ ასეთი წარმატებისათვის.

მოდით კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ საკითხს, რადგან ეს არის აღდგომის უეჭველი მტკიცებულება. ამიტომ კვლავ ვიმეორებ, თუ არ აღდგა ქრისტე, როგორ მოხდა მისი სახელით ასეთი საოცარი სასწაულები? რა თქმა უნდა, გარდაცვალების შემდეგ ვერავინ ახდენს იმაზე უფრო დიდ სასწაულს, რაც მას სიცოცხლეში შეუძლია. ყველამ იცის, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ უფრო მეტი სასწაულები ხდებოდა. მაგალითად არასდროს მოუხდენია სასწაული ქრისტეს ჩრდილს, მაშინ როცა მოციქულთა ჩრდილები ხშირად სასწაულმოქმედებდნენ. და საერთოდაც, თვითონ ქრისტე ახდენდა სასწაულებს სიცოცხლეშიც და მის მერეც, განსაკუთრებით ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, რასაც მისი მოწაფეები და მიმდევრები, მისი წმიდა სახელის მოწოდებით აკეთებდნენ. ასე იდიდებოდა და ბრწყინდებოდა მისი ძალა.

ამიტომაც წმიდა მამებმა დადგინეს, რომ ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ უნდა წაკითხულიყო “საქმე მოციქულთა”, სადაც აღწერილია მოციქულთა მიერ მოხდენილი სასწაულები, რაც ნათლად ამტკიცებს უფლის აღდგომას.

და დღეს შენ, რომელსაც ფიზიკურად არ გინახავს ის აღმდგარი, ხედავ მას რწმენის თვალით. არ გიხილავს იგი საკუთარი თვალებით, მაგრამ შენს თვალწინაა მის მიერ აღსრულებული სასწაულები, და ამას აღდგომის უეჭველობამდე მიჰყავხარ.

გინდათ, ამ წუთშიც ნახოთ რამე სასწაული, ახლავე გიჩვენებთ უფრო დიდ სასწაულს, ვიდრე მომხდარა: არც მკვდარი გაცოცხლდება, არც ბრმას აეხილება თვალები, არამედ მთელ ქვეყანას დატოვებს სიცრუის წყვდიადი.

უმაღლესი მტკიცებულება აღდგომისა ის არის, რომ ჯვარცმულმა ქრისტემ სიკვდილის შემდეგ თავისი ძალმოსილებით დაარწმუნა ცოცხლები, რომ მისი გულისთვის მიეტოვებინათ სამშობლო, სახლი, მეგობრები, ნათესავები, არად ჩაეგდოთ საკუთარი სიცოცხლეც კი და ერჩიათ გამათრახება, განსაცდელით სავსე ცხოვრება, თვით სიკვდილიც კი მისი მცნებების აღსრულებისთვის. ეს არაა საფლავში მყოფი მიცვალებულის მიერ ჩადენილი გმირობანი, არამედ მხოლოდ აღმდგარისა და ცოცხალისა. გთხოვთ კიდევ ერთხელ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ მოციქულებმა, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მოძღვარი, შიშის გამო იგი მიატოვეს და დაიფანტნენ. პეტრემ, რომელიც ერთი მსახური ქალის წინაშე ისე დაფრთხა, რომ სამჯერ უარყო ქრისტე, ქრისტეს სიკვდილის შემდეგ საოცარი ფერისცვალება განიცადა: მან არავის არ მიაქცია ყურადღება და იუდეველთა ბრბოს შუაგულში მყოფმა, გააფთრებული მტრების თვალწინ საქვეყნოდ განაცხადა, რომ ის, ვინც ჯვარს აცვეს და დაფლეს, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და ამაღლდა ზეცად.

რით მოიპოვა მან ასეთი დიდი გამბედაობა, რითი, თუ არა აღდგომით. პეტრემ იხილა აღდგომილი მაცხოვარი, ესაუბრა, მოისმინა მისი სიტყვები მომავალ ნეტარებაზე და სული წმიდით აღვსილმა შეიძინა ძალა, მისთვის მომკვდარიყო და ჯვარცმულიყო, თანაც თავდაყირა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არა მხოლოდ პეტრემ, პავლემ და სხვა მოციქულებმა, ეგნატემაც,*** რომელსაც არ უხილავს და უგრძვნია მისი ფიზიკური შეწევნა, მას შესწირეს სიცოცხლე და არა მხოლოდ ეგნატემ და მოციქულებმა, არამედ ქრისტეს აღდგომის შემდეგ მრავალნი და მათ შორის ქალებიც არად მიიჩნევდნენ წამებით სიკვდილს, რაც მამაკაცებისთვისაც შიშისმომგვრელი იყო.

ვინ დაარწმუნა ისინი უგულებელყოთ მიწიერი ცხოვრება? ბუნებრივია, ადამიანური შესაძლებლობებით წარმოუდგენელია მრავალი ათასი კაცისა და ქალის, ქალწულისა და პატარა ბავშვის დარწმუნება, იმაში, რომ სიკვდილის შემდეგ მომავალი მარადიული ცხოვრებისათვის მსხვერპლად შეეწირათ საკუთარი სიცოცხლე, დაეძლიათ ათასგვარი წამება, გამხდარიყვნენ მშიერი მხეცების ლუკმა ან დამწვარიყვნენ კოცონზე.

და ვინ მიაღწია ყოველივე ამას? ჩვეულებრივმა ჯვარცმულმა? მაგრამ ამ ქვეყნად მანამდეც რამდენი მომკვდარა და არავის გაუკეთებია ასეთი რამ. იქნებ მოგვობით და ხალხის მოტყუებით შეძლო ეს. ისტორიამ უამრავი მოგვი და თაღლითი იცის, მაგრამ მათი სახელიც და საქმენიც ისე მიეცნენ დავიწყებას, პატარა ნაკვალევიც კი არ დაუტოვებიათ და სიკვდილის შემდეგ მათი ძლიერებაც განქარდა. ქრისტეს სახელი და სიდიადე და მის მორწმუნეთა რიცხვი კი დღითი-დღე იზრდება და მთელ სამყაროს მოიცავს.

ურწმუნონი შიშით ძრწიან, ხოლო მორწმუნენი ხმამაღლა აცხადებენ:

ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
დიდება და სუფევა მისი არს უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

(წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებათა სინთეზი. თანამედროვე ბერძნულიდან თარგმანი შესრულდა ათენის ბერძულ-ქართულ ინსტიტუტში)

——————————————————
* ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის ცნობილი იუდეველი სჯულის მოძღვარი გამალიელი, რომელმაც ისრაელის დიდ სინედრიონზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თვისსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხვით ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნნეს ვითარცა არარაი. ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს” (საქმე მოციქულთა 5, 36-37).

** იგულისხმება მოციქული თომა (იოანე 11, 16).

*** იგულისხმება I-II საუკუნეების მოღვაწე წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.