“ხშირად პრესით თუ ტელევიზიით გამოდის ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, მეცნიერი, მწერალი ან ცნობილი ხელოვანი, რომელიც ერთი შეხედვით არ უარყოფს ღმერთს, მაგრამ რელიგიურად ისე მცდარად აზროვნებს, რომ ერთ მნიშვნელობას ანიჭებს იესო ქრისტეს, მუჰამედს, ბუდას… როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ ამ რელიგიების უცოდინარობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ… მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა. თითოეული ჩვენგანის მრწამსი, აღმსარებლობა, ღვთის ჭეშმარიტ გზას უნდა დაეფუძნოს. მართლმადიდებლობა არის ის სარწმუნოება, რომელმაც შეურყვნელად დაიცვა იესო ქრისტეს და მის მოციქულთა სწავლება. მართლმადიდებლობამ დაიცვა ერთიანი განუყოფელი ეკლესიის ტრადიცია.
მართლმადიდებლობის გარეშე არ არსებობს ხსნა, რადგან ქრისტეა თავი ეკლესიისა და ეკლესიაა მისტიური სხეული მისი. და თუ არ ვიქნებით წევრი მისი ეკლესიისა – ნაწილი მისი სხეულისა, წილი არა გვაქვს მაცხოვართან.”
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
1992 წლის სააღდგომო ეპისტოლედან
(ეპისტოლენი, თბილისი 2012 წელი, გვ. 250-258)