გასული საუკუნის 60-80-იან წლებში მოხდა იმ კომუნისტების რეაბილიტაცია, რომლებმაც რეპრესიები განიცადეს. 90–იან წლებში მოახდინეს თეთრგვარდიელების რეაბილიტაცია, ხოლო II ათასწლეულის დასასრულს დაიწყეს სოდომისა და გომორის მცხოვრებთა რეაბილიტაცია. თურმე, სოდომელთა საქმეები არ იყო ბოროტმოქმედება, ამიტომ სასჯელიც დაუმსახურებელი იყო და მკვდარი ზღვა არის არა გარყვნილებზე აღსრულებული ღვთიური სასჯელის, არამედ უსამართლო სამსჯავროს სახსოვარი. ამ რეაბილიტაციისთვის თანდათან და თანმიმდევრულად უნდა მომზადდეს საზოგადოებრივი აზრი და სწორედ ამითაა დაკავებული ტელევიზია და პრესა. ჩვენში ჯერ კიდევ არ არის ერთსქესიანი ქორწინებები, როგორც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგრამ სამარცხვინო გარყვნილება დაუსჯელად და სავსებით ლეგალურად ითვლება და მეტიც, ის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ნაწილადაა გამოცხადებული.
გარყვნილება არის არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური, უფრო სწორედ კი, პათოფსიქოლოგიური მოვლენა. ადამიანს, რომელიც კარგავს სამყაროს სწორ ემოციურ აღქმას, აღარ შეუძლია სწორად აზროვნება და არის რა ზნეობრივად განდგომილი, ვეღარ იცავს ზნეობას, თუმცა ასეთი ადამიანებისათვის ღიაა გზა სხვადასხვა თანამდებობისაკენ. საზოგადოებას, სადაც გარყვნილება არ არის განსჯილი, აღარ შეიძლება ეწოდოს ქრისტიანული. გარყვნილი ადამიანები აკეთებენ იმას, რის ხსენებასაც კი კრძალავდა მოციქული, როგორც კაცობრიობის სირცხვილისა. გარყვნილი ადამიანი თავს ართმევს უფლებას იყოს ეკლესიის წევრი და დაესწროს ღვთისმსახურებას, სანამ თავის ცოდვას გულწრფელად არ შეინანებს. ახლა კი გვარწმუნებენ, რომ ეს მხოლოდ “ახალი ფერებია” გრძნობების პალიტრაზე. ზოგი მხატვარი-ავანგარდისტი ირწმუნება, რომ ნეხვიც ახალი საღებავია, რომლითაც შეიძლება ფერწერული ტილოების შექმნა…
სექსუალური პათოლოგია არის მძიმე დაავადება, რომელსაც შეუძლია დაანგრიოს ერი და ხალხი გაანადგუროს. საქართველოს ყველაზე ცნობილი კრების – რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (XII) მამები ამხელდნენ რა სოდომის ცოდვას, წერდნენ, რომ ეს საზიზღარი გარყვნილება იყო, ჯერ სპარსეთის, შემდგომ ბიზანტიის დაცემის მთავარი მიზეზი. ახლა სოდომი და გომორა რეაბილიტაციის სტადიაშია მართლმადიდებლურ ქვეყნებში. საბერძნეთში, რომელიც მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ცენტრია, დგას შენობები თავხედური აბრით “სოდომი”. რაღაც ძალებს უნდათ გახრწნან ადამიანის სული და ის სოდომად აქციონ.
ღმერთმა, აღუთქვა აბრაამს, რომ შეიწყალებდა ბოროტმოქმედთა ქალაქს, თუ მასში თუნდაც ათ მართალს იპოვიდა, მაგრამ იქ ასეთი ადამიანები არ აღმოჩნდნენ. რა მოგვივა, ჩვენ, როცა ჩვენს შორის აღარ იქნება თუნდაც ათი მართალი, რომლებმაც თავი სიბილწისა და სულიერი ჭუჭყისაგან დაიმარხეს? – ამას მკვდარი ზღვა უტყვად მოწმობს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
“სოდომისა და გომორის რეაბილიტაცია”
ფოტოს ავტორი: სოსო ლიპარტია