ბევრეთი – წმინდა თეკლას სავანე (კალამონი)

ბევრეთი – წმინდა თეკლას სავანე (კალამონი)

575353_648000415215110_1167482531_n

934702_648000361881782_80909813_n

934605_648000381881780_1076950201_n (1)

სავანეს საფუძველი ჩაეყარა 1995 წელს, როცა რვა მორწმუნემ მამა თეიმურაზის (ჩაჩიბაია) მრევლიდან მონაზვნობის მტკიცე სურვილი გამოთქვა. მათ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდათ, რაც გამოწვეული იყო საერთო მიზნისკენ სწრაფვით. მოძღვრისადმი დიდი ნდობისა და სიყვარულის გამო არ ისურვეს მასთან განშორება და გადაწყვიტეს, თავიანთი სავანე დაეარსებინათ წმიდა პირველმოწამე თეკლას სახელზე (მისდამი განსაკუთრებული სიყვარულის გამო). უწმიდესმა აკურთხა მათი განზრახვა და დაიწყეს სავანისათვის შესაფერისი ადგილის ძიება.

ადგილის შერჩევა გაჭიანურდა და ამიტომ ისევ უწმიდესის კურთხევით მონასტრული ცხოვრება წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან არსებულ ძველ შენობაში წამოიწყეს. თბილისში ცხოვრებამ ორ-ნახევარ წელიწადს გასტანა. ეძებდნენ ადგილს, საერო შფოთისაგან განშორებულს, რის გამოც არ ისურვეს ძველ ნამონასტრალზე დასახლება, სადაც გარდაუვალი იქნებოდა შეხება სხვადასხვა მიზნით მოსულ “მომლოცველებთან” და ადამიანებთან, რომლებიც ვერ ეგუებიან სხვათა დასახლებას და თავისი უფლებების შეზღუდვას იმ ადგილზე, რომელსაც მამაპაპისეულ მემკვიდრეებად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ შეიძინეს ნაკვეთი სახლითა და დამხმარე ნაგებობით სოფელ ბევრეთში. თბილისიდან 35 კილომეტრით დაშორებული ეს მშვენიერი ადილი მდებარეობს მთებში, ტყეებით გარშემორტყმულ ხეობაში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, გამოირჩევა მეტად მკაცრი კლიმატით.

1998 წელს დაიწყო სავანის საცხოვრებელი ნაგებობის მშენებლობა მამა თეიმურაზისა და მისი მრევლის ხელით. მშენებლობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობდა. იმის შესაბამისად, თუ როგორ ეხმარებოდნენ სამშენებლო მასალით თუ ფულადი შემოწირულობებით. მკაცრი კლიმატის გამო სამშენებლო სეზონი მოკლეა, საცხოვრებლის მშენებლობა შვიდი წელი გაგრძელდა. სავანეში დღესაც გრძელდება სხვადასხვა სამონასტრო საჭიროებებისათვის აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები. პერსპექტივაშია მთავარი ეკლესიის, გალავნისა და კარიბჭის აშენება. გავიდა დრო და დების რიცხვიც გაიზარდა.

მაგრამ დავუბრინდეთ წარსულს. სამონასტრო ადგილის პოვნისთანავე დები იქ საცხოვრებლად გადავიდნენ. ამ ადგილს “კალამონი” უწოდეს (წმიდა თეკლა ხომ ანტიოქიაში, კალამონის მთაზე მოღვაწეობდა). სავანის სულიერი ცხოვრებისათვის აუცილებელი იყო ეკლესია, და უწმიდესმა და უნეტარესმა მამა თეიმურაზს კურთხევა მისცა აეშენებინა ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე. აღსანიშნავია, მრავალწლიანი ძიების შემდეგ სავანის ადგილის პოვნა სწორედ ღვთისმშობლის მეოხების შედეგი იყო. მაგრამ უსახსრობის გამო ეკლესიის მშენებლობა საცხოვრებელი შენობის მსგავსად გაჭიანურდებოდა. საცხოვრებელი შენობის დასრულება კი აუცილებელი იყო, რადგან სხვაგვარად დებს ხანგრძლივად მოუწევდათ ცხოვრება მეტად მძიმე პირობებში. ამიტომ უწმიდესმა კურთხევა მისცა მანსარდაში მოეწყოთ პატარა ეკლესია წმიდა იოანე ოქროპირის სახელზე (სავანის თხოვნით). პირველი ლიტურღია აღესრულა 1997 წლის 12 (25) ივლისს ათონელ ქართველ წმიდა მამათა იოანესა და გაბრიელის ხსენების დღეს. სავანის საცხოვრებელი შენობა იკურთხა 2004 წლის 14 (27) ნოემბერს, წმიდა იოანე ოქროპირის ხსენების მეორე დღეს. დღეისათვის სავანეში თორმეტი დაა. მონასტერს განაგებს კეთილმოწესე, რომლის სრულ მორჩილებაშიც იმყოფებიან დები. სავანე მისდევს მონასტრული ცხოვრების ზოგადცხოვრებულთა (კინოვიური) წესს.

სავანეში დროის ათვლა მზის ჩასვლიდან იწყება და ამაზეა აგებული სავანის მთელი ტიპიკონი – მონასტრის საეკლესიო და ყოფითი ცხოვრება. სავანეს აქვს ხატწერის სახელოსნო. ღვთისმოყვარე ადამიანების შემოწირულობების გარდა, მონასტრისთვის შემოსავლის წყაროა ხატწერა და საგამომცემლო საქმე. ითარგმნება სასულიერო ლიტერატურა. ძველ ხელნაწერთა მიხედვით სწორდება საღვთისმსახურო წიგნები. სავანეში არის ფურნე, აცხობენ პიურს აღდგომის სასწაულებრივი საფუარით.

საცხოვრებელი ნაგებობების არქიტექტურა მრავალფეროვანია და, ერთი შეხედვით, უცხო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან აქ გამოყენებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის: მთათუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, სვანეთის, დიდგორის მთიანეთის, რაჭის და სხვათა, და ასევე სხვადასხვა პერიოდისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი. აგრეთვე საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და ციხე-სიმაგრეების დეტალები (რაც დაკვირვებული თვალისა და არქიტექტურაში თუნდაც მცირედ გათვიცნობიერებული ადამიანისთვის შეუმჩნეველი არ დაარჩება), ასევე გათვალისწინებულია ათონის წმიდა მთის მონასტრების, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, მაცხოვრის საფლავის ეკლესიის და პეტრიწონის ქართველთა მონასტრის არქიტექტურული სტილიც. ნაგებობა გადახურულია იმერული კრამიტით და ანანურის ქვით. ეს ქვა აქაური მკაცრი კლიმატისათვის ყველაზე შესაფერისია.

სავანის საღვთისმეტყველო ტიპიკონი მწუხრით იწყება და შედგება მწუხრის, სერობის, შუაღამიანის, ცისკრის, ჟამნებისა და ლიტურგიისაგან. ყოველდღიურად აღესრულება პარაკლისი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. დებს აქვთ ლოცვის პირადი კანონი, რომელსაც სენაკებში აღასრულებენ. სავანე ლოცულობს ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ყოველი მართლმადიდებელი სულისათვის, მართლმადიდებლობით შესვენებულთათვის, საკუთარი სამშობლოსთვის, შემომწირველთა და კეთილისმყოფელთათვის.

“უფალო იესო ქრისტე, ისმინე ლოცვაი შენდამი შეწირულთა ცხოვართაი, და წყალობა გარდამოავლინე ქვეყანასა ზედა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და წმიდისა პირველმოწამისა ქალწულისა თეკლასითა, რამეთუ სახიერ ხარ და კაცთმოყვარე. ამინ”