წმ. მამა გაბრიელის დარიგებები ბოლო ჟამთან დაკავშირებით

წმ. მამა გაბრიელის დარიგებები ბოლო ჟამთან დაკავშირებით

წლების განმავლობაში მამა გაბრიელი უპირატესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა მასთან მოსულთ. ხოლო ახალ კელიაში გადასვლის შემდგომ (1995 წლის ოქტომბერი – რედ. შენიშვნა), მკვეთრად და მძლავრად დაიწყო საუბარი ბოლო ჟამზე. ყველა მომსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლო ჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ. იგი გვეუბნებოდა:

“მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ – ახლოს არს ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს.

დიდი სიბრძნე და დაფიქრებულება გმართებთ. სახარება რა არის ვიცით – გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ნამდვილი მაცხოვნებელი სიყვარული კი არ არსებობს ჭეშმარიტების გარეშე, ჭეშმარიტება კი ქრისტეა – უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი. ჭეშმარიტება და საუკუნო სიცოცხლე ქრისტეს მცნებათა აღსრულებაშია. მცნებათა აღსრულების სისწორე და ნაყოფიერება დამოკიდებულია მცნებათა მომცემის – იესო ქრისტეს ჭეშმარიტ განსაზღვრებაზე, ანუ მასზედ, როგორც ეს მოგვეცა მოციქულთაგან და წმინდა მამათაგან, მსოფლიო კრებათა მიერ. აქ არის საჭირო სიბრძნე, რადგან უკანასკნელ ჟამს სწორედ ჭეშმარიტების სწორი და საღმრთო განსაზღვრება დაირღვევა და ყოველგვარ ურჯულოებას და თვით ანტიქრისტესაც მიეცემა დამტკიცება. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჭეშმარიტება – ქრისტე თქვენს გულებში, რადგან მრავალი საცდური მოგელით. არც დროზე ადრე იმოქმედოთ, რამეთუ მიიღებთ შეცდომას და ნურც დააგვიანებთ, თორემ დაგვიანებულნი აღმოჩნდებით ხუთ სულელ ქალწულთა დარად. ეკლესიები შეირყევიან და კეთილად გამოცდილნი დიდი მისაგებელით ცხონდებიან, რამეთუ უერთგულეს მათ ქრისტეს. ჯერ იქნება ერესი, აღრევა. შემდგომ ურჯულო განდგომილება და იქვე წამრწყმედელი ეკუმენიზმი. დაიმახსოვრეთ, ეკუმენიზმი ერესთა ერესია! იგი ქრისტეს, ჭეშმარიტების ღალატია!

განდგომილება ყველა საპატრიარქო ტახტს შეეხება. საპატრიარქოს დამორჩილებულ ეკლესიებში აღარ იქნება მადლი და ხსნა. მადლი და ცხონება მხოლოდ იმ ეპისკოპოსებთან და მღვდლებთან იქნება, რომლებიც არ შეეყოფიან განდგომილებას და ეკუმენიზმის სიბილწეს, არამედ ერთგულად დარჩებიან ქრისტეში და შეუცვლელად ჭეშმარიტებაში.

დევნისას მარტონი ნუ იქნებით და ნურც ქალაქებსა და სოფლებში დარჩებით. სულ მცირე 10-15 კაცი მაინც იყავით ერთად. ძლიერნი – ბავშვებს, სნეულებსა და მოხუცებს შეეწიეთ და სიხარულით იტვირთეთ, როგორც ეს ქრისტიანის სახელს შეშვენის. ყველასთვის ცნობილ მღვიმეებს ნუ შეაფარებთ თავს. მოიძიეთ საიმედო და კარგად თავშესაფარი ადგილები. მღვდლებმა ტრაპეზებიდან წმ. ნაწილები და მირონი თან წაიღეთ. ეს იქ აუცილებლად დაგჭირდებათ – მომაკვდავთა საზიარებლად და ახალშობილთა მოსანათლად.

ანტიქრისტე დაბადებულია, ჯერ ბავშვია და მალე გამოჩნდება. თავიდან ნებაყოფლობით იქნება მისი ბეჭდის მიღება, რომელიც ადამიანებს მარჯვენა ხელის მტევანზე და შუბლზე დაესმევა, ხოლო შემდგომ საყოველთაოს და უპირობოს გახდის. ადამიანი ვეღარაფერს იყიდის და გაყიდის, უმცირესითაც კი ვერ შეძლებს ამ სოფელში ცხოვრებას თუ მის ბეჭედს არ მიიღებს. ამ ბეჭდით ანტიქრისტე ადამიანს დაიმორჩილებს და დაიმონებს. სიკვდილი გერჩივნოთ ამ ბეჭდის დადებას, რადგან ეს სიკვდილი სიცოცხლეს მოგიტანთ, ხოლო ბეჭდით სიცოცხლე საუკუნო სიკვდილს.

პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ნუ დაგაბრკოლებთ, ვერაფერს გავნებთ. თქვით „მამაო ჩვენო“, ჯვარი გადასახეთ და ნაკურთხი წყალი ასხურეთ.

ნუ შეშინდებით. როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ისინი ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისთვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის – ამ სოფლის, და ფარაოს – ანტიქრისტეს მონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში – სასუფეველში შეგიყვანთ და მზესავით განგაბრწყინებთ.

მაშინ მთავარი იქნება რწმენა, საოსება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს.

ანტიქრისტე მთელს დედამიწაზე გამეფდება, როგორც სახარებაში წერია. ღმრთისმშობლის, ცისა და ქვეყნის დედუფლის მოწყალებით, საქართველოში სხვებთან შედარებით მცირე დევნა იქნება. ეს შედარებით მცირე დევნა იმდენად შვება იქნება ქრისტიანთათვის, რომ მრავალი გადასარჩენი სულები თავს საქართველოში მოიყრიან.

კვალად გეუბნებით, ნუ შეშინდებით! ვისაც რწმენა მხოლოდ გონებაში ექნება, ისინი ყველანი მიიღებენ ბეჭედს, ხოლო ვისაც გულში, ისინი – არა. ასევე გეუბნებით, ნუ გახდით ფილოსოფიის საგნად ანტიქრისტეს ცნობას; სულიწმინდა ყველას მოგცემთ მის ცნობას გულში, აქ მთავარია, ვინ მოუსმენს და ირწმუნებს, სულიწმინდისეულ ამ ჩურჩულს, იმ თესლის მსგავსად, რომელიც პოხიერ ნიადაგზე დავარდა.”

წიგნიდან “ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია”, გვ. 172-175

ZNEOBA.GE-ს რედაქცია