მიმართვა თელეთის ტაძრის მრევლს საქართველოს პატრიარქის ვატიკანში მიწვევასთან დაკავშირებით
ამ ბოლო დროს შეიმჩნევა რომის პაპის აქტიურობა საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში.
მან მიიწვია ჩვენი პატრიარქი ვატიკანში მისი ვატიკანში ვიზიტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოში ჩამოვიდნენ პაპის კარდინალი და მისი თანმხლები პირები, რომლებიც შეხვდნენ საქართველოს პატრიარქს და სინოდის წევრებს.
ჩვენ, მართლმადიდებლებს, უნდა გვქონდეს მართლმადიდებლური დამოკიდებულება რომის პაპისა და მისი სარწმუნოებისადმი.
წმ. მღვდელმთავარი მარკოზ ეფესელი ასე მიმართავს რომის პაპს: “რაკი ჩვენ სხვადასხვას ვამბობთ, განა აშკარა არაა, თუ რა დიდია ჩვენს შორის განხეთქილება? არა კუთხე-კუნჭულში, არა კერძო შეკრებებზე, სადაც ეს შეიძლება ბევრმა ვერც კი გაიგოს, არამედ – სარწმუნოების სიმბოლოში, ნათლისღების საიდუმლოში, ქრისტიანობის არსში. და თუკი მეფის მონეტის გამყალბებელი დიდი სასჯელის ღირსია, მაშ რაღა პასუხი უნდა აგოს ქრისტიანული აღმსარებლობის საერთო ბეჭდის შემცვლელმა? … ოდესღაც ერთსა და იმავეს ვაღიარებდით და ჩვენ შორის არავითარი განხეთქილება არ არსებობდა (XI საუკუნემდე), მაშინ ჩვენ, ორივე მხარე წმიდა მამებს ვეთანხმებოდით. ახლა კი, როცა სხვადასხვას ვამტკიცებთ, როგორღა უნდა ვიყოთ ერთად? ჩვენ, მართლმადიდებლები, დღესაც იგივეს ვამბობთ, რასაც მაშინ… თქვენ კი სიახლეები შემოიღეთ და ამით გაამჟღავნეთ, რომ ეწინააღმდეგებით საკუთარ თავსაც (ე.ი. ძველი პაპების სარწმუნოებას), წმინდა მამებსაც და ბოლოს, ჩვენც”.
წმ. მარკოზ ეფესელი იხსენებს III მსოფლიო კრების დადგენილებას: “ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ წმინდა მამათა მიერ გადმოცემული სარწმუნოების, ანუ “მრწამსის” ხელყოფას. არავის მივცემთ უფლებას თუნდაც ერთი სიტყვა შეცვალოს “მრწამსში”. “ნუ სცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დაადგინეს მამათა შენთა” (იგავი 22,28), რამეთუ ყოველივე ამას ისინი თავისით კი არ ამბობდნენ, არამედ სული ღვთისა და მამისა მეტყველებდა მათ მიერ”.
შემდეგ წმ. მარკოზ ეფესელი აგრძელებს: “ამ კრების შემდეგ მოწვეული იქნა IV მსოფლიო კრება, რომელმაც დაამტკიცა: “საკმარისია სრული შემეცნებისთვის ეს საღმრთო მადლით გაბრწყინებული სარწმუნოების სიმბოლო, რამეთუ იგი სრულყოფილად ასწავლის მამისა და ძისა და სულიწმიდის შესახებ”; “გესმის: იგი სრულყოფილად ასწავლის. ამრიგად მასში არაფერია ისეთი, რაც სულიწმიდის შესახებ შევსებას მოითხოვს. სარწმუნოების სიმბოლოს არავითარი დამატება არ სჭირდება. ბოლოს მამებმა დაადგინეს: “არავის მიეცეს ნება სხვა სარწმუნოების შემოტანისა. ვინც გაკადნიერდება დაწეროს ან შეადგინოს სხვა სარწმუნოება (ანუ სარწმუნოების სიმბოლო), თუ იგი ეპისკოპოსია ან მღვდელია, განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი შეჩვენებულ იქნეს”.
შემდეგ წმ. მარკოზს მოჰყავს ერთი ლათინის სიტყვები: “აქამდე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მიკვირს, რომ მას, ვინც ასეთი აკრძალვების მიუხედავად პირველმა გაბედა სარწმუნოების სიმბოლოში ცვლილებების შეტანა, არ შერცხვა ხმამაღლა წარმოეთქვა და შთამომავლობისათვის გადაეცა იგი”.
კათოლიკეთა სწავლება – სულიწმიდის ძისაგან გამომავლობის შესახებ, არის საწინააღმდეგო იმისა, რასაც გვასწავლის ქრისტე სულიწმიდის შესახებ (იოანეს სახარება 15,26 ) და რასაც გვასწავლის შვიდი მსოფლიო კრების წმ. მამების მიერ დამტკიცებული სარწმუნოების სიმბოლო.
წმ. სიმეონ თესალონიკელის თქმით, “სულიწმიდაზე წარმოთქმული გმობის გამო, მათ საიდუმლოებებში აღარ მოქმედებს სულიწმიდის მადლი. მათი საიდუმლოებები (ნათლობა, მირონცხება, აღსარება, ზიარება…) არ არის ნამდვილი, უმოქმედოა; მაშასადამე ღმერთს გმობენ ისინი, ვისაც შემოაქვს სიახლე სულიწმიდის შესახებ. რადგან გმობენ სულიწმიდას, მათ საერთოდ არა აქვთ სულიწმიდა, ამიტომ მათთან ყველაფერი უმადლოა, რაც ეკლესიაში სულიწმიდის მადლით არის დაწესებული.” (იგულისხმება წმ. საიდუმლოებები).
გარდა ამისა, დასავლეთის ეკლესიაში წარმოიშვა სხვა მრავალი მწვალებლობაც, როგორიცაა პაპის უცდომელობის დოგმატი, სწავლება განსაწმედელზე, ღვთისმშობლის უბიწოდ (ე.ი. ქრისტესავით) ჩასახვაზე, ინდულგენციებზე და სხვა.
წმ. სვიმეონ თესალონიკელი ეპისკოპოსის თქმით, პაპიზმმა ეკლესიას მიაყენა დიდი ზიანი, რის გამოც გაჩნდა ყველა მწვალებლობა და განხეთქილება. მართლმადიდებლები რომის პაპებთან თანაზიარებაში არიან მხოლოდ განხეთქილებამდე (1054 წ.); მრავალ პაპს მიაგებენ პატივს, როგორც წმინდანებს და აღნიშნავენ დღესასწაულებს მათი ხსენების დღეებში. განხეთქილების შემდეგ კი პაპები არიან მწვალებლები. მათ დაკარგეს უფლება რომის კათედრის მემკვიდრეობაზე. მათ აღარ აქვთ მოციქულთა მემკვიდრეობა, რადგან აღარ აქვთ მოციქულთა და მამათა სარწმუნოება. ამ მიზეზით ჩვენ “არა მარტო არ ვეზიარებით პაპთან, არამედ ვუწოდებთ მას მწვალებელს.” (მწვალებელი ნიშნავს მცდარი სარწმუნოების მქონე, ეკლესიიდან გამოყოფილ ადამიანს).
“ჩვენ ლათინები განვიშორეთ არა სხვა რაიმე მიზეზით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მწვალებლები არიან. ამიტომაც სრულიად არასწორია მათთან გაერთიანება”. (წმ. მარკოზ ეფესელი)
“ყოველივე, რაც წმიდა ეკლესიამ მიიღო და შეიტკბო, ძვირფასი უნდა იყოს ქრისტიანისთვის. შეასრულე, რაც ეკლესიამ შვიდ მსოფლიო კრებაზე დაადგინა. ვაი მას, ვინც ამ დადგენილებებს თუნდაც ერთ სიტყვას მიუმატებს ან მოაკლებს!” (წმ. სერაფიმე საროველი)
“კვიპროსზე მცხოვრებ ღვთის ხალხს, კათოლიკე ეკლესიის ჭეშმარიტ შვილებს, გიბრძანებთ: გაექცეთ მღვდლებს, რომლებიც ლათინურ საცდურს დაემორჩილნენ, არ შეხვიდეთ მათ ტაძრებში, არ მიხვიდეთ მათთან კურთხევის მისაღებად. უმჯობესია ილოცოთ საკუთარ სახლში, ვიდრე ლათინებთან ერთად წახვიდეთ ტაძარში და შემდეგ მათთან ერთად ჯოჯოხეთში გაემგზავროთ”. (წმ. გერმანე ახალი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი)
“პაპიზმი – ასე ეწოდება მწვალებლობას, რომელმაც მოიცვა დასავლეთი, რომლისგან, როგორც ტოტები ხისგან, წარმოიშვა სხვადასხვა პროტესტანტული მოძღვრება. პაპიზმი პაპს ქრისტეს თვისებებს განუკუთვნებს და ამით უარყოფს ქრისტეს… პაპი პაპისტების კერპია, ის მათი ღვთაებაა. ამ საშინელი ცდომილების გამო ღვთის მადლმა დატოვა პაპისტები; ისინი მიეცნენ საკუთარ თავსა და სატანას – ყველა მწვალებლობის, მათ შორის პაპიზმის, გამომგონებელსა და მამას” (წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი).
“ნუ ეთამაშებით თქვენს ცხონებას, ნუ ეთამაშებით! სამუდამო ტირილი მოგიწევთ. იკითხეთ ახალი აღთქმა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამები, და არა ტერეზა, ფრანჩესკო და დასავლეთის სხვა გონებაცდომილები, რომელთაც მათი მწვალებლური ეკლესია წმინდანებად ასაღებს” (წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი).
არ შეიძლება მართლმადიდებელი ქრისტიანი დაესწროს რომის პაპის მიერ ჩატარებულ მესას (ლოცვას) და თანაზიარი გახდეს მისი მწვალებლობისა.
“თუ ეპისკოპოსი მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს აეკრძალოს მღვდლობა”. (მოც. 45-ე კანონი)
“მწვალებლისგან კურთხევის მიღება არ შეიძლება, რადგან მისი სიტყვები ცრუ კურთხევა უფროა ვიდრე კურთხევა”. (ლაოდიკ. 32)
“მწვალებელთან და განდგომილთან ლოცვა არ შეიძლება”. (ლაოდიკ. 33)
მღვდელი ბასილი იაშაღაშვილი