“საეკლესიო ანთემის შესახებ საკითხი გაუგებრობას და შეცბუნებას იწვევდა და ჩვენს დროშიც იწვევს. ლიბერალურად განწყობილი ინტელიგენციის წრეებში კი – პროტესტს და აღშფოთებას. ჰუმანისტები ანათემას ბნელი შუასაუკუნეების ბნელ გადმონაშთად, შეუზღუდავ სისასტიკედ მიიჩნევენ, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, ხოლო თეოსოფები ანათემაში აუტოდაფეს კოცონს ხედავენ სხვაგვარად მოაზროვნეთათვის. უნდა გაირკვეს, თუ რას ნიშნავს თავისთავად ანათემა, რატომ ხდება, რომ ეკლესია – ღვთაებრივი სიყვარულისა და მოწყალების ეს განსხეულება, განსაზღვრულ შემთხვევებში საჯაროდ და სახალხოდ განკვეთს იმათ, ვინც ფორმალურად ითვლებიან მართლმადიდებელ ქრისტიანებად, მაგრამ მისი დოგმატური სწავლების წინააღმდეგ იბრძვიან.
ანათემა – ეს მხოლოდ დადასტურებაა იმ ფაქტისა, რომ ადამიანი, რომელმაც ეკლესიის სწავლებას თავისი ამაყი გონების ზმანებები დაუპირისპირა, უკვე განუდგა ეკელესიას. აქ ეკლესია განკვეთის გზით ადამიანს თითქოსდა უკანასკნელად მიმართავს, უკვე არა გაფრთხილებით, არამედ იმის დამტკიცებით, რომ იგი უცხოა ქრისტესთვის, როგორც საუკუნო ცხოვრებისთვის, რომ მან თავისი თავი ეკლესიის გარეთ დააყენა. ეკლესიიდან წასვლა კი ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ წასვლას, მოწამლული ატმოსფეროთი სუნთქვას, ეკლესიისთვის უცხო, სხვა გარემოში ყოფნას, იქ, სადაც ვერ აღწევენ ღვთაებრივი სინათლის სხივები.
…აქ, დედამიწაზე, ადამიანს შეუძლია კვლავ მიმართოს ეკლესიას და ეკლესიაც ნებისმიერი ცოდვილის და ერეტიკოსის სინანულს მიიღებს მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც კი, და მიუტევებს მას. ამიტომ ანათემა არა სისასტიკე, არამედ მოწყალებაა ეკლესიისა ადამიანების მიმართ, როგორც მშობლების მოწყალება შვილების მიმართ, მასწავლებლისა მოსწავლეების მიმართ, როცა მათ აფრთხილებენ, თუ სადაა ჩასაფრებული სასიკვდილო საფრთხე; როცა უფროსი ძმა ეუბნება ტყეში მიმავალ უმცროს ძმებს, რა ადგილას ბინადრობენ გველები, სად არის ჭაობიანი ადგილები ან ტოტებითა და ბალახებით შენიღბული ორმოები. განა ეს სისასტიკეა?
თავისთავად ანათემა არ არის წყევა წარწყმედის სურვებით. ის ეკლესიისგან განდგომილს იმის შესახებ აფრთხილებს, რომ იგი წყევისა და მარადიული უკუნის ქვეყანაში აღმოჩნდა. სიკვდილის მერე დაბრუნება და სინანული არ არის.
ავადმყოფის დიაგნოზი რომ დავხიოთ, ეს არ შეცვლის მის მდგომარეობას; საფლავის წარწერა რომ წავშალოთ, მკვდარი მაინც მიწაში დარჩება. ერესი – ეს საეკლესიო კანონით თვითგანკვეთაა ეკლესიიდან. მოუნანიებელ ცოდვილს თუგინდ მოეხსნას ანათემა, მას ეს მაინც არ მიაახლოებს ღმერთთან, მის იმქვეყნიურ ხვედრს ვერ შეცვლის. ნეტარი ავგუსტინე ამბობდა, რომ შესაძლოა გწამდეს წმიდა სამება ეკლესიის გარეშე, გეჭიროს სახარება და იქადაგო, ქრისტეს სახელისთვის ევნო, მაგრამ ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ერთი რამ – ცხონება. სწორედ ამას მოწმობს ეკლესია სიტყვით – “ანათემა”, რომელიც მომაკვდავი შვილების შემხედვარე დედის გოდებასავით გაისმის.”
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წიგნიდან “რისთვის გვითმენს უფალი?!”
(გვ: 182, 184-187)
ფოტოს ავტორი: სოსო ლიპარტია