რა საფრთხეებს შეიცავს ბავშვებისთვის ინტერნეტით სარგებლობა

რა საფრთხეებს შეიცავს ბავშვებისთვის ინტერნეტით სარგებლობა

როგორც მეცნიერები ამბობენ, ბავშვებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს სოციალური ქსელები (ფეისბუკი, ინსტაგრამი, იუთუბი, ოდნოკლასნიკი, ვკონტაქტე და ა.შ.), მაგრამ მანამდე, ვიდრე ის სოციალურ ქსელში ჩაერთვება, როგორც წესი, უკვე მეტ-ნაკლებად ინტერნეტ-დამოკიდებულია. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს დამოკიდებულება 2-3 წლის ასაკიდან იწყება, როდესაც მშობლები იმისათვის, რომ ბავშვებისგან დაისვენონ, მათ გასართობად ტელეფონს აძლევენ. ხშირად ეს გართობა საათობით გრძელდება. ბავშვები ამ დროს ელექტრომაგნიტურ დასხივებასაც იღებენ, მხედველობასაც იზიანებენ და ინტერნეტზე დამოკიდებულებიც ხდებიან (ჯერ საბავშვო თამაშები და მულტფილმები, მერე ფეისბუკი, ვიდეორგოლები, ქსელური თამაშები, აზარტული თამაშები და ა.შ.).

ინტერნეტის ბერძენი მკვლევარი ათანასე კოლიოფუტისი წერს: „ტერმინში „ჩვევა“ ჩვენ ვგულისხმობთ სუბიექტის ლტოლვას გარკვეული კმაყოფილების შეგრძნებისაკენ. ამასთანავე, სუბიექტი ვერ ახერხებს გაუმკლავდეს ამ სწრაფვას, ის გრძნობს გარკვეული მოქმედების აკვიატებულ სურვილს, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს როგორც სუბიექტისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ჩვენს მიერ განსახილველ ინტერნეტ-დამოკიდებულების შემთხვევას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ შემთხვევაში – ინტერნეტით სარგებლობისას. შედეგად, იზრდება დრო, რომელიც ამ შეგრძნების მისაღწევად იხარჯება. ამასთანავე, ინტერნეტის უქონლობა შესაძლოა სტრესული სიტუაციის ტოლფასი იყოს… დამოკიდებულება ჩნდება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანის მოქმედება, რომელიც მიმართულია სიხარულის გრძნობის მიღწევისკენ და რაიმე ფსიქოლოგიური ტვირთისგან განთავისუფლებისკენ, მისი კონტროლიდან გამოდის. ადამიანი თანდათანობით კარგავს თავისი მოქმედებისა და ინტერნეტისკენ ლტოლვის კონტროლს, მიუხედავად მისი ზემოქმედების უარყოფითი შედეგისა“.

ფეისბუკზე დამოკიდებულება იმდენად საყოველთაო მოვლენად იქცა, რომ უკვე არსებობს სხვადასხვა ტესტები მის დასადგენად და სიმძიმის გასაზომად (პიტსბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, კიმბერლი იანგის ტესტი; ბერგენის (ნორვეგია) სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ შემუშავებული ფეისბუკ-დამოკიდებულების გასაზომი სპეციალური სკალა და სხვ.). ამერიკაში, პენსილვანიის შტატში გაიხსნა საავადმყოფო ინტერნეტ-დამოკიდებულთა სამკურნალოდ. მკურნალობა იწყება იმით, რომ ავადმყოფებს 3 დღე-ღამის განმავლობაში ეკრძალებათ კომპიუტერისა და ტელეფონის მოხმარება. ვაშინგტონის შტატის დასახლება ფოლ სიტიში ფუნქციონირებს ცენტრი, რომელშიც ინტერნეტზე დამოკიდებულ ბავშვებს მკურნალობენ სპეციალური პროგრამით „რესტარტი“. ჩინეთში არსებობს სამხედრო ტიპის ცენტრები, სადაც თერაპევტები, ფსიქოლოგები და მწვრთნელები ინტერნეტ-დამოკიდებულ ბავშვებს ფიზიკური ვარჯიშებით, მკაცრი რეჟიმით და საუბრებით მკურნალობენ.

გამოკვლევების მიხედვით ჩანს, რომ ფეისბუკ-დამოკიდებულების მთავარი გამომწვევი მიზეზებია ზედმეტი თავისუფალი დრო, დეპრესიული განწყობა, პოპულარობის წყურვილი და ცნობისმოყვარეობა. პოპულარობის წყურვილი ძირითადად გამოხატულებას ჰპოვებს საკუთარი (ან ოჯახის წევრების) ფოტოებისა და „სტატუსების“ აფიშირებაში „მოწონებებისა“ და კომპლიმენტების მოლოდინით.

საფრთხეები, რომლებზეც მკვლევრები საუბრობენ, ემუქრება როგორც უფროსებს (ინტერნეტ-მეგობრებთან ურთიერთობის შედეგად ზოგჯერ საკმაოდ მყარი ოჯახებიც ინგრევა), ასევე ბავშვებს, თუმცა ბავშვი ბევრად მეტ ზიანს იღებს გარკვეული მიზეზების გამო. ფიზიკური და სულიერი საფრთხეებიდან ასახელებენ:

ა) მხედველობის დაზიანება მონიტორიდან მომავალი, თვალისთვის არაბუნებრივი ნათების გამო, რაც შეიძლება საათობით, განუწყვეტლივ გრძელდებოდეს (თავდაცვა: არ ვუყუროთ მონიტორს ახლო მანძილიდან ან სიბნელეში; დროდადრო თვალი მოვაშოროთ კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანს და შორს გავიხედოთ, შევარჩიოთ კარგი ხარისხის ეკრანი).

ბ) ელექტრო-მაგნიტური დასხივება – საფრთხე იზრდება, როცა უკაბელო ინტერნეტის როუტერი ადამიანისგან ახლო მანძილზეა მოთავსებული, როდესაც ვსარგებლობთ ძველებური (CRT) მონიტორით, ან მობილური ტელეფონი თავთან ახლოს გვიკავია. ზოგადად, რაც უფრო ახლოს ვართ გამოსხივების წყაროსთან (მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, როუტერი, ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი), მით მეტ გამოსხივებას ვიღებთ. ექიმები ამბობენ, რომ მობილური ტელეფონით სარგებლობისას მცირეწლოვან ბავშვებში მაღალია ტვინის სიმსივნის განვითარების რისკი, რადგან მათი თავის ქალა სუსტია და გამოსხივებას ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევს. (თავდაცვა: ვაკონტროლოთ კომპიუტერთან ყოფნის დრო; ინტერნეტში შევიდეთ კომპიუტერით და არა ტელეფონით, თუ არ არის ამის აუცილებლობა; სახლში არ გამოვიყენოთ უკაბელო ინტერნეტი; თუ მაინც გამოვიყენებთ, როუტერი მაქსიმალურად შორს მოვათავსოთ ადამიანებისგან, განსაკუთრებით ბავშვებისგან და როცა არ ვიყენებთ, გამოვრთოთ; მობილური ტელეფონით საუბრისას ტელეფონი ყურზე არ მივიდოთ, რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებაც დიდად ამცირებს გამოსხივების მოქმედებას; მობილური ტელეფონი ვატაროთ ჩანთით ან ქამარზე მისამაგრებელი ტელეფონის ჩასადებით, ძილის დროს ჩვენგან მაქსიმალურად მოშორებით დავდოთ).

გ) კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომით გამოწვეული უმოძრაობის შედეგად ორგანიზმს ემუქრება ხერხემლის, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარება ან გართულება, კვების რეჟიმის დარღვევა, სიმსუქნე (უნდა განვსაზღვროთ დრო, რომელიც კომპიუტერთან უნდა გავატაროთ; პერიოდულად ავდგეთ და გავიაროთ ან ვივარჯიშოთ).

დ) ნერვული სისტემის გამოფიტვა, მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება, ძილის დარღვევა, დაღლილობა, დეპრესია (თავდაცვა ბავშვებისთვის: კომპიუტერთან ყოფნა მხოლოდ წინასწარ დაწესებული ხანმოკლე დროის განმავლობაში, რეალური თამაშები და წიგნების კითხვა, უფროსების დახმარება საოჯახო საქმეებში, სპორტი, ბუნებაში სეირნობა).

ე) როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, უკონტროლო, მრავალფეროვანი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ინტერნეტში შეზღუდვები არის მხოლოდ ფიქტიური, ფაქტიურად კი უყურადღებოდ დატოვებულ ბავშვს წვდომა აქვს ნებისმიერ ინფორმაციაზე; მას არ შეუძლია დაახარისხოს ეს ინფორმაცია და ამიტომ ყველაფერს ისრუტავს, რაც ნელ-ნელა მას ფსიქიკას უზიანებს.

ვ) ძალიან იოლია ბავშვი ინტერნეტით აზარტულ თამაშებში ჩაებას, რაც მას სერიოზულ ფსიქიკურ ზიანს მოუტანს, მის ოჯახს კი მატერიალურ ზარალს. ზოგჯერ ასეთი თამაშები დიდი ტრაგედიებითაც მთავრდება…

საფრთხის შემცველი მხოლოდ აზარტული თამაშები არ გახლავთ. ამერიკის პედიატრთა აკადემიის ჟურნალში (2015 წლის იანვრის ნომერი) გამოქვეყნდა გამოკვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბავშვების ზედმეტი გატაცება კომპიუტერული თამაშებით იწვევს დეპრესიის, შფოთიანობის და სოციალური ფობიების განვითარებას, სწავლაში ჩამორჩენას, მხედველობის გაუარესებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სტრესებს, დევიანტურ ქცევას, ზნეობრივი ნორმების წალეკვას. ბავშვთა ფსიქიატრი ა. მაზური წერს: „ფაქტია, რომ კომპიუტერული „დამოკიდებულების“ მდგომარეობა ახდენს ბავშვის დეზადაპტაციას, „აგდებს“ ცხოვრებიდან, თანაც სრულად „აგდებს“, რადგან ბავშვს აღარ რჩება (კომპიუტერული) თამაშის გარდა სხვა ინტერესები. თამაში დომინანტი ხდება, როგორც ნარკომანებისთვის ნარკოტიკი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერული „დამოკიდებულება“ ნარკომანიის სახეობაა. … როდესაც ნარკომანი ნარკოტიკის გარეშეა, ჩვეულებრივ, იწყება „ლომკა“. გარდა ამისა, კომპიუტერთან დიდხანს დროის გატარება, ისევე როგორც ნარკომანია, იწვევს ფსიქიკის გამოხატულ ასტენიზაციას. ბავშვის ფსიქიკას უკვე აღარ შეუძლია იმ დატვირთვების გადატანა, რომელთა გადატანაც ადრე შეეძლო. აქედან ადვილად ჩნდება „დამოკიდებულებაც“ და ცხადია ფაკულტატური სიმპტომებიც: გაღიზიანება, უძილობა, განწყობის მერყეობა, აგრესიულობა, იმპულსურობა, მომატებული დაღლილობა“.

ერთ-ერთი პიროვნება, ადრე ვირტუალური თამაშით გატაცებული, ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიის კომენტარში წერს: „…რეალობა უფრო საშინელია. მე თვითონ ვთამაშობდი (…)-ს და საინტერესო ის არის, რომ თამაშის დასრულებისთანავე რაღაცნაირი ტვინის გამოთიშვა მემართებოდა (თამაშის მთავარი აზრია, მოკლა ყველა, ვინც ამოცანის შესრულებაში ხელს გიშლის, ანდა ისე, გართობისთვის). თამაშის შემდეგ თავი ორთქლის ქვაბივით მქონდა… არ ვიცი სხვები როგორ, მაგრამ მე რამდენიმე დღე გადაბმულად თამაშის შემდეგ ვხდებოდი აგრესიული, გაბოროტებული, გაღიზიანებული, სულ ადვილად შემეძლო ხელი მეკრა ცოლისთვის, თუკი წინ დამხვდებოდა, ბავშვთან მეჩხუბა, მოთმინებაზე, ურთიერთგაგებაზე და სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და ა.შ. ეს ყოველივე მატულობდა. ამგვარად, მალე გავაცნობიერე, რომ თამაშიდან ქცევის პროექცია რეალურ ცხოვრებაში გადამქონდა, ოჯახში და სამსახურში. მაგრამ მე ჯანმრთელი, ზრდასრული კაცი ვარ, შემიძლია ყველაფერი გავაცნობიერო და გავაანალიზო, დასკვნა გავაკეთო და სწორი ნაბიჯი გადავდგა – საერთოდ შევწყვიტო თამაში. ბავშვს კი რისი გაკეთება შეუძლია? მას ხომ ძალიან აინტერესებს თამაში! თუკი ჩემი ფსიქიკა რამდენიმე დღეში მრუდდებოდა, მაშ ბავშვს რას დამართებს ერთი-ორი წლის განმავლობაში გამუდმებული თამაშები?!“

ზ) ე.წ. კიბერბულინგი – მიზანმიმართული დევნა ინტერნეტში ერთი ან რამდენიმე შეთანხმებული პირის მიერ – მსხვერპლის დამცირება, ცილისწამება, შანტაჟი, დაშინება. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით ბავშვების დაახლოებით 30 % ყოფილა კიბერბულინგის მსხვერპლი ან მოძალადე (თავდაცვა: ბავშვმა ინტერნეტში არ უნდა გააბას ურთიერთობა უცნობ ადამიანებთან; მის მიმართ დაწყებული დევნის შესახებ უნდა აცნობოს მშობელს და დაბლოკოს ყველა ის საშუალება, რითიც ხდება მასზე შეტევის განხორციელება; მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ და უნდა გაარკვიონ, რა გახდა ბავშვის უხასიათობის, უძილობის, დათრგუნვილობის, სწავლაში ჩამორჩენის, შეშინების მიზეზი).

თ) არსებობს დიდი საფრთხე, რომ ბავშვს ინტერნეტთან ურთიერთობამ ყველაზე ძნელად გამოსასწორებელი ზიანი ზნეობრივი მხრიდან მიაყენოს. საშიშია არა მხოლოდ პორნოგრაფია, ძალადობის სცენები და აზარტული თამაშები, არამედ ფორუმები, „ჩათები“, ბევრი მუსიკალური „კლიპი“ და მულტფილმიც კი საფრთხის შემცველია. მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს იმ მულტფილმების შინაარსი, რასაც მათი შვილები უყურებენ, რადგან ბოლო დროის პოპულარულ მულტფილმებში მომრავლებულია ძალადობა, შეურაცხყოფა, ბილწსიტყვაობა, ბოროტება მომხიბლავადაა წარმოდგენილი; გმირები, რომლებსაც შემდეგ ბავშვები ბაძავენ, ხშირად უზნეო პიროვნებები არიან, ბავშვისთვის დამაზიანებელია მათი საუბრები, ქცევა, გარეგნობა. ბავშვები ხშირად ბაძავენ იმას, რასაც ხედავენ და ისმენენ, ზოგჯერ თავს აიგივებენ მულტფილმების პერსონაჟებთან. სიდნეის მაკუირის უნივერსიტეტის დოქტორის ვეინ ფერბერტონის თქმით არსებობს ასობით გამოკვლევა, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ მულტფილმებიდან მომდინარე სისასტიკის ზემოქმედება ბავშვის აზროვნებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ზოგჯერ ბავშვები მულტფილმების გავლენით ერთმანეთს ფიზიკურ ზიანსაც აყენებენ. ექიმები თანამედროვე გამოკვლევებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ სამ წლამდე ბავშვებმა მულტფილმებს საერთოდ არ უნდა უყურონ, რადგან ამას მათი გონებრივი განვითარებისთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს.

მშობლების უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ მაშინაც კი, როცა მათი შვილები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში (იუთუბი) უყურებენ ვიდეოსიუჟეტებს ბუნებაზე, რელიგიაზე, ისტორიაზე, მუსიკაზე, როგორც წესი, შეთავაზებებს შორის ჩნდება ფანჯარა, რომელიც მაყურებელს უხამს, განსაკუთრებით ბავშვისთვის შეუფერებელ ვიდეორგოლს სთავაზობს, ზოგჯერ წარწერით 18+, თითქოს გაფრთხილების მიზნით, რომ არასრულწლოვანებმა არ უყურონ, რეალურად კი ეს უფრო რეკლამის როლს თამაშობს. ზოგადად, ინტერნეტში ძალიან ცოტაა ისეთი პოპულარული გვერდები, რომლებიც არ ავრცელებენ ვნებების აღმძვრელ, უზნეო, სულის დამაზიანებელ ინფორმაციას ტექსტების, ფოტოების და ვიდეოების სახით. ვებ-გვერდების დიდი ნაწილი შექმნილია რეკლამების მიზიდვისთვის. რაც მეტი რეკლამა განთავსდება, მით მეტია საიტის მფლობელთა შემოსავალი. რეკლამების გამავრცელებლები კი ისეთ ვებ-გვერდებს ეძებენ, რომლებსაც მეტი მნახველი ჰყავთ. მნახველების მოზიდვაზეა გათვლილი უხამსი ფოტოები, ვიდეოები და ისტორიები, ჭორები, სენსაციური ამბები, მდარე, ზედაპირული, საეჭვო მასალები სხვადასხვა თემატიკაზე. სამწუხაროდ არათუ ბავშვებს, ხშირად უფროსებსაც უჭირთ ინტერნეტის ხრიკების გარჩევა და ნაყალბევი ინფორმაციის გამოცნობა. ეს განსაკუთრებით საშიშია, როდესაც საქმე სამედიცინო სფეროს ეხება, სხვადასხვა „გამოცდილ“ რეცეპტებს, ახლად აღმოჩენილ მკურნალობის მეთოდებს, დიეტებს, „სენსაციურ წამლებს“ და ა.შ.

ათანასე კოლიოფუტისი წერს: „საერთაშორისო კვლევების მიხედვით, გამოკითხული ბავშვების 74,4% პასუხობს, რომ ნებისმიერ სასურველ დროს შეუძლიათ ინტერნეტში შესვლა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ხოლო 9,7% კითხვარში აღიარებს (არა მშობლებთან), რომ თავს დასხმიან პედოფილები – „ჩათში“, ელ. ფოსტაში და სხვადასხვა სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, პორნოგრაფიასთან პირველი შეხების საშუალო ასაკად ითვლება 11 წელი. პორნოგრაფიის ყველაზე მეტი მოხმარება ხდება 12-17 წლის ასაკში, ამასთანავე ასი ათასი ინტერნეტსაიტი მომხმარებელს სთავაზობს ბავშვთა პორნოგრაფიის დიდ რაოდენობას. 15-17 წლის მოზარდთა 80% აღიარებს, რომ არაერთხელ უნახავთ ინტერნეტში სექსუალური ძალადობის სცენები. ბავშვების 90% 8-16 წლის ასაკში უყურებდა პორნოგრაფიულ ფილმებს იმ დროს, როცა როცა სასკოლო დავალებებს ასრულებდა. პორნოგრაფიული შინაარსის საიტების დათვალიერების გარდა ბავშვები ხშირად სწავლობენ აზარტულ თამაშებს, უჩნდებათ მიდრეკილება ნარკოტიკების მოხმარებისკენ, მონაწილეობენ საშიშ თამაშებში და ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც მიდიან. ასევე უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ქსელური თამაშები, რომლებშიც ძალადობის სიმრავლეა; ამ თამაშების გავლენით იშვება სიძულვილი, სადიზმი და სიკვდილისკენ ლტოლვა. გარდა ამისა, ინტერნეტის საშუალებით შეიძლება განხორციელდეს პორნოგრაფიული ხასიათის სხვადასხვა მოქმედება. ახალგაზრდები შედიან გარკვეულ საიტებზე, ყიდულობენ სხვადასხვა საქონელს შესაბამის მაღაზიებში, ეცნობიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს და გარყვნილ ადამიანებს“.

არსებობს იმის მაგალითებიც, როდესაც მოზარდებს სოციალური ქსელების საშუალებით ითრევენ სექტები, ტერორისტული ან კრიმინალური ჯგუფები.

(თავდაცვა: მშობელი რაღაც დონემდე უნდა ერკვეოდეს ინტერნეტის შესაძლებლობებში, საფრთხეებში და უნდა აუხსნას ბავშვს, როგორ დაიცვას თავი, რას მოერიდოს; მუდმივად უნდა აკონტროლოს, რას ნახულობს ბავშვი, ვისთან აქვს ურთიერთობა; არ მისცეს მცირეწლოვანს ისეთი ტელეფონი (სმარტფონი), რომლითაც ის ინტერნეტში შესვლას შეძლებს. კომპიუტერისგან განსხვავებით, ბავშვი სმარტფონის საშუალებით ყოველგვარი კონტროლის გარეშე შევა ინტერნეტში სადაც უნდა და რამდენ ხანსაც უნდა. ბავშვები ხშირად ამას გაკვეთილებზეც ახერხებენ).

ვრცლად: martlmadidebloba.ge

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial