ღირსი საბა განწმედილი (532)

ღირსი საბა განწმედილი (532)

ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში. წმიდანის მამა მხედართმთავარი იყო. ერთხელ იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის ძე ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად.

გავიდა ხანი. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი რვა წლისა იყო. ნათესავები ბევრს ეცადნენ, საერო ცხოვრებისკენ მოებრუნებინათ ყრმა, მაგრამ ამაოდ.

გულისხმიერმა ყრმამ სწრაფად შეისწავლა წმიდა წერილი „და ყოველი წესი მონაზონებისაჲ“, ჩვიდმეტი წლისა ბერად შედგა, „სული თჳსი დაიმდაბლა მარხვითა. ჴორცნი შრომითა დააჭნვნა“, ყველა მოწესეს გარდაემატა სიმდაბლით, მორჩილებითა და ღვთისმსახურებით. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.

ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა, აქედან კი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდანს ამბა თეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. უფლის რჩეულმა მდაბლად მიუგო: „ვითარცა მიბრძანო, ეგრეცა ვყო“.

წმიდა საბა ოცდაათი წლის ასაკამდე ამ მონასტერში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის – თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.

ღირსი ექვთიმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ბერის მოღვაწეობას. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კი (+473), წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს (+475; ხს. 4 მარტს) სავანის სიახლოვეს დამკვიდრდა და „გამობრწყინდა, ვითარცა მთიები, იორდანისა უდაბნოსა“.

საბაწმიდის ლავრა, პალესტინა.

ერთხელ უფლის ბრწყინვალე ანგელოზი წარდგა ნეტარი საბას წინაშე და უბრძანა, სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრებულიყო. მოსაგრე დამორჩილდა ზეციურ კურთხევას. საბას ახალი სენაკი ძნელად მისასვლელი იყო: იგი საბლით ადიოდა და ჩამოდიოდა. თანდათან წმიდანის ირგვლივ მოწაფეები მომრავლდნენ. ჯერ მცირე ეკვდერი ააგეს, შემდეგ კი ცეცხლოვანი სვეტით უფლისგან სასწაულებრივ მინიშნებულ მღვიმეში მცირე ტაძარიც მოაწყვეს; აშენდა სენაკებიც. ასე წარმოიშვა დიდი ლავრა. საბამ ამ სავანისთვის შექმნა პირველი წეს-განგება, „იერუსალიმის“ სახელით ცნობილი, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა სავანემ მიიღო.

წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო: მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.

ექვთიმე დიდის მიბაძვით წმიდა საბაც დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა ხოლმე. ერთხელ მან მკვდარ ზღვაში მცირე კუნძულს მოჰკრა თვალი და გადაწყვიტა, აქ გაეტარებინა მარხვის დღეები, მაგრამ, როგორც კი მისკენ გაიწია, ეშმაკის მანქანებით, „შთავარდა. ადგილსა ერთსა მის ზღჳსასა, ბნელსა და ცეცხლსა, და გამოჴდა მიერ ალი და შეწუა პირი და წუერი“ და რამდენიმე დღე უგონოდ ეგდო, შემდეგ უფალი შეეწია და განაძლიერა, მაგრამ მოტრუსული წვერი ამის შემდეგ არ წამოზრდია – უწვეროდ დარჩა. „ქუეყანისა ანგელოზი. და ზეცისა კაცი, ბრძენი და სარწმუნო მოძღუარი“, წმიდა საბა დაუცხრომელი მოღვაწე იყო. მან „უდაბნოჲ ქალაქ ყო მონაზონთა სიმრავლითა“: გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა.

უფლის რჩეული ახოვნად იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად. ასე მაგალითად, მწვალებელმა სევერუსმა დიდი კადნიერება ჰპოვა უსჯულო მეფის, ანასტასის წინაშე და ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეს რომ წმიდა საბამ გაიგო, იერუსალიმში ჩავიდა უდაბნოში მოღვაწე ბერების თანხლებით და საჯაროდ შეაჩვენა სევერუსი და მისი მწვალებლური მოძღვრება: „შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან!“

ანასტასიმ მხედართა რაზმი გაგზავნა იერუსალიმში, იქაური მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ელია გადააყენა და მის ნაცვლად მწვალებლობისკენ მიდრეკილი იოანე დაადგინა. საბა და სხვა მეუდაბნოე მამები კვლავ შეიკრიბნენ იერუსალიმში და ისევ საჯაროდ შეაჩვენეს ერეტიკოსები. ანასტასიმ გადაწყვიტა, ქალაქიდან გაესხა მართლმადიდებლობის მოსარჩლე მამები, მაგრამ „ყოველნი მონაზონნი უდაბნოჲსანი“ აღსდგნენ წინამძღვრების დასაცავად და უღმრთო ხელისუფალი აიძულეს, რისხვა დაეცხრო.

ნეტარი საბა მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ახოვანი მოსაგრე გამოცდილი მოძღვარიც იყო. ერთხელ იგი ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად იერიქონიდან იორდანისკენ მიდიოდა, როცა მათ ერისაგანნი, და მათ შორის ერთი მშვენიერი ქალი შემოხვდათ. წმიდანმა მოწაფის გამოცდა მოისურვა და უთხრა: „ვითარ შუენიერ არს ქალი ესე, რომელ გარე-წარგუჴდა, და არს იგი ერთთუალი“. მოწაფემ მიუგო: „არა, მამაო, ორნივე თუალნი ასხენ“. ბერმა გაიმეორა: „სცეთ, შვილო, ერთთუალი არს“, მოწაფემ კი თავისი დაიჟინა: „არა ერთთუალი არს, არამედ დიდად ხოლო თუალითა შუენიერ არს“. მაშინ საბამ თქვა: „და სადა წერილ არს, რაჲთა შენ თუალნი მიადგნე მას და წამითა შენითა იხილო იგი? რამეთუ, ვითარცა ცეცხლი შემწუველი, ეგრე არს“. თვალდაუჭერლობისთვის ნეტარმა დასაჯა მოწაფე, სენაკიდან გააძევა და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნა, რაც მან გულწრფელი სინანულით აღვსილმა, „თავი თჳსი დიდად დაიტანჯა“.

წმიდა საბა მკაცრი მმარხველი იყო: მთელი მარხვის მანძილზე პურს არ ღებულობდა, მოუძლურება კი ოდნავადაც არ ეტყობოდა; „შურებინ სიცხესა მრავალგზის და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა შჳდეულთა მარხვით აღასრულებდა“, მაგრამ თუ სტუმარი მოვიდოდა და გაიხსნილებდნენ, „დღესა ორჯერ ჭამის და განძღის და გარდაერიის, და სიყვარულითა სტომაქსა არა ევნის“. ერთხელ, იოანე მთავარეპისკოპოსთან სტუმრობის დროს, საბა თურმე, ჩვეულებისამებრ, წრფელი გულით ღებულობდა ყველაფერს, რასაც აწვდიდნენ, და „ღმრთისა მიერ არარას განიკითხავდა“. მაშინ თეოდოსი დიდი იოანესა და მის ძმას, ასკალონის ეპისკოპოს ანტონის სიყვარულით გახუმრებია: „თქუენ ორთავე, რომელთა შემდგომად ღმრთისა თავადი პალესტინა გამოჰზარდეთ ჟამსა სიყმილისასა, მიკჳრს თუ ეგე გან-ვითარ-აძღოთ საჭმლითა“. პასუხად მთავარეპისკოპოსს უთქვამს: „შემინდვეთ, მამანო, რამეთუ ჩუენ ვერცა შიმშილსა დაუთმობთ, ვერცა სიმაძღრესა, ხოლო ამას ღმრთისა კაცსა მოციქულთაჲ იგი აქუს მადლი, იცის დამდაბლებაჲცა და აღმაღლებაჲცა. იცის მაძღრობაჲ და სიმშილი, გარდამეტებაჲ და ნაკლულევანებაჲ და ყოველივე განძლიერებულ არს ძლიერებითა ქრისტჱსითა“.

უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.

წმიდა საბამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება: დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა“, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

“წმიდანთა ცხოვრება”, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial