გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს – ილია II (1992 წ. ქადაგება)

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს – ილია II (1992 წ. ქადაგება)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,

ყოველი ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, გამოცდაა, რომლის ჩაბარების შემდეგაც იგი ღვთის წინაშე უნდა წარდგეს. ზოგი აბარებს ამ გამოცდას, ზოგი კი – ვერა. ადამიანი სწორედ იმისათვისაა მოწოდებული, რომ სიძნელეები გადალახოს და ეს გამოცდა ჩააბაროს. მან უნდა გაიგოს, რომ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლება მისი არსებობა და სხვა, უფრო დიდი და მარადიული ცხოვრებისათვის უნდა მოემზადოს.

წარსული სამოცდაათი წელი უდიდესი გამოცდა იყო არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. კაცობრიობის ერთი ნაწილი ამოვარდა მისი ნორმალური მსვლვლობიდან და შედეგად ის მივიღეთ, რომ ეს ნაწილი მთელ მსოფლიოს მოსპობით დაემუქრა. ამ ბოლო ხანებში იმდენი იარაღი დაგროვდა, რომ, როგორც მეცნიერები ამბობენ, მას შეუძლია დედამიწაზე სიცოცხლე ჩვიდმეტჯერ მოსპოს. ყოველივე ეს შედეგი იყო ურწმუნოებისა და იმისა, რომ ადამიანის დაცარიელებულ სულს ეშმაკი დაეპატრონა. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ მძიმე განსაცდელის პერიოდშიც აღმოჩნდნენ რჩეულნი ღვთისანი, ანთებულ სანთელთა მსგავსნი. ამჯერად მინდა ერთი მათგანის, კერძოდ, რუსი მიტროპოლიტის კირილეს შესახებ გიამბოთ. ეკლესიის მსახურთა დევნის ჟამს იგი დააპატიმრეს და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. ციმბირისაკენ ეტაპით მგზავრობისას იგი ხშირად ლოცულობდა. მასთან ერთად ლოცულობდნენ სხვა გადასახლებულნიც, რომელთა რიცხვი დიდი იყო. გამცილებელმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, მიტროპოლიტი მატარებლიდან გადაეგდოთ და ასეც მოიქცნენ. გაქანებული მატარებლიდან გადასროლილი მიტროპოლიტი თოვლში დაეცა. ეს ნამდვილ სიკვდილს ნიშნავდა, რადგან ციმბირში შეიძლება კაცმა ათასი კილომეტრი ისე გაიაიროს, რომ დასახლებული პუნქტი არ შეხვდეს. სანამდე შეძლო, მშიერ-მწყურვალმა იარა, ისე რომ არც კი იცოდა საით მიდიოდა. ბოლოს მოსაღამოვდა. ძალ-ღონეც გამოელია და სიკვდილის მოლოდინში გადაქცეულ ხეზე ჩამოჯდა, ამ დროს ტყიდან დათვი გამოვიდა, მიუახლოვდა და იქვე ფეხებთან დაუწდა. როცა დაღამდა, დათვი გაიშალა. შეშინებული მიტროპოლიტი დარწმუნდა, რომ დათვი მის შესაჭმელად არ იყო მისული. ამიტომ, გაბედა და სიცივისაგან აძაგძაგებული გვერდით მიუწვა. მთელი ღამე ასე გაატარა. დათვის სხეულის სითბომ იგი გაყინვას გადაარჩინა. დილით მამლის ყივილი მოესმა და მიხვდა, რომ სადღაც ახლოს სოფელი იყო. გახარებული შეეცადა ისე წამომდგარიყო, რომ დათვი არ გაეღვიძებინა, მაგრამ მან მაინც გაიღვიძა, დაყნოსა და ტყისაკენ წავიდა. თურმე იგი ტყიდან მიტროპოლიტის გადასარჩენად გამოსულიყო. ასე იხსნა უფალმა მისი მსახური მძიმე განსაცდელის ჟამს.

ამიტომ მორწმუნეს განსაცდელი არ უნდა აშინებდეს. დღეს ჩვენი ერიც განსაცდელშია, ხშირად გაიგონებთ, რომ ჩვენ შიმშილი და კატასტროფა გველის, მაგრამ მინდა შევახსენოთ, რომ არ არსებობს მდგომარეობა, რომლისაგანაც გამოსვლა არ შეიძლებოდეს. მთავარია ადამიანმა იმედი არ დაკარგოს, რადგან სასაწარკვვთილებაში ჩავარდნას შედეგად დაღუპვა მოსდევს.

განსაცდელში ჩავარდნილ ხალხს დღეს პირველ რიგში ეკლესია უნდა დაუდგეს გვერდით, ეკლესიამ უნდა იზრუნოს მისთვის. მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ ყველა ტაძართან მეურნეობა შეიქმნება. ტაძარს უნდა ჰქონდეს საკუთარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც მრევლი დაამუშავებს. ასევე შესაძლებელია პირუტყვის მოშენებაც. პირველ რიგში საჭიროა, ყველა ტაძარმა აღრიცხოს თავისი მრევლი, როგორც ეს მიღებულია საერთოდ ყველა ცივილიზებულსა და დემოკრატიულ ქვეყანაში. შემდეგ უნდა შეიქმნეს ჯგუფები, რომელშიც შესაძლებელია 7, 9 ან 12 მორწმუნე გაერთიანდეს. ამ ჯგუფებმა უნდა გადაწყვიტონ კერძოდ რომელ საქმეს მოჰკიდებენ ხელს. ზოგი შეიძლება ფარდაგების ქსოვას შეუდგეს, ზოგმაც ხატწერა აირჩიოს, ზოგმაც კიდევ ხეზე ჭრა, მაგალითად ჯვრებისა. როგორც ცნობილია, დღეს დიდი მოთხოვნილებაა ხის, განსაკუთრებით კი ბზისაგან გამოჭრილ ჯვრებზე. რამდენიმე ჯგუფმა შეიძლება კერამიკის წარმოებასაც კი ჩაუყაროს საფუძველი. ამ ჯგუფებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ მოძღვრები.

თქვენ იცით, რომ ეკლესიას დიდი მამულები ჰქონდა, ნაწილი მას დაუბრუნდა, ნაწილსაც ალბათ მალე გადმოგვცემენ. მრევლს შეუძლია იგი დაამუშაოს და კარგი მოსავალიც მოიწიოს. რომელსაც შემდეგ ყველა თანაბრად გაინაწილებს, საპატრიარქოს პირუტყვიც ჰყავს. მათ შორის ასზე მეტი თხა, რომელთაგან ზოგი ძალიან ძვირფასი ჯიშისაა, მაგალითად თივთიკისა. ახლო მომავალში შვეიცარიიდან ასოციაცია „საქართველოს მეგობრები“ იმგვარი ჯიშის თხების გამოგზავნას გვპირდებიან, რომელნიც დღეში 6-7 ლიტრ რძეს იწველებიან. თუ ეს მეურნეობანი ჩამოყალიბდება, შეიძლება ეს თხები თქვენ გადმოგცეთ და შემოსავლის მშვენიერი წყარო გაგიჩნდებათ. შრომა და, განსაკუთრებით კი, ერთად შრომა მრევლში სულიერობასაც აამაღლებს. ლოცვასთან ერთად ხომ შრომაც აუცილებელია. წმიდა ანტონი დიდს ანგელოზისაგან ესმა, ილოცე და იშრომეო. ამგვარი მეურნეობების შექმნის მაგალითი სხვა ეკლესიებს პირველ რიგში სიონის მრევლმა უნდა მისცეს. ერთმანეთს უნდა შევეშველოთ ამ განსაცდელის ჟამს, რომელიც აუცილებლად, გადაივლის და ხალხს ნორმალური ცხოვრების პირობები შეექმნება. ასე რომ სასოწარკეეთილებაში ნუ ჩავვარდებით, იმედს ნუ დავკარგავთ და ღმერთიც შეგვეწევა განსაცდელისაგან თავის დაღწევაში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ,

ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამინ.

ილია II

სიონი, 1 ნოემბერი, 1992 წ.