ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

4 დეკემბერს (21.11 ძვ.სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ტაძრად მიყვანებას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
+ + +

ტროპარი
დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი
ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

+ + +

ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, რომ შვილი არ გასჩენიათ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შვილიერებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ. ზეცათა მეუფემ შეისმინა მართალი მეუღლეების ლოცვა და მათ ასული უბოძა.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ და ანამ ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულეს: უხმეს ნათესავ-ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. აქ მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება მღვდელმსახურთა სიმრავლის თანხლებით. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. მისი ავლა ყრმას თავისით თითქოს არ შეეძლო, მაგრამ როცა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან, ღვთის მადლით ფრთებშესხმულმა, დანარჩენი თოთხმეტი საფეხურიც სწრაფად აირბინა და საყდარში შევიდა. ზეგარდამო შთაგონებით მღვდელმთავარმა ნეტარი ასული წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც წელიწადში ერთხელ. ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმინდა მარიამი გლახაკებს აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა“. ეკლესია ასე განადიდებს ამ დღესასწაულს: „ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა. დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღვთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“.

“წმიდანთა ცხოვრება”, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

 

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial