შემოდგომის ერთ სუსხიან დილას კოლეგასთან ერთად ახლომდებარე ქალაქში გავემგზავრე, რათა ის დილა საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში გამეტარებინა. საავადმყოფოში ადრე მივედით, მიღება ჯერ არ იყო დაწყებული. შენობაში არავინ დაგვხვდა. მალე მოვიდა მედდა და ნათურა აანთო. მერე მეორეც გამოჩნდა, ღიღინით შემოაგორა მისაღებში დიდი მაგიდა, რომელზეც იდო პაკეტი წარწერით “სტერილური” – პაკეტში ალბათ ინსტრუმენტები ეწყო. კაბინეტიდან სიცილი გაისმა და კვამლი და ყავის სუნი გამოვიდა.
როცა უკვე ვიფიქრეთ, რომ აბორტის გასაკეთებლად არქავინ მოვიდოდა, მისღები ოთახის კარი ახალგაზრდა ქალმა შემოაღო. მან იკითხა თავისუფალი იყო თუ არა სკამი და პასუხს არც დაელოდა, ისე დაჯდა. სიგარეტს მოუკიდა – ეტყობოდა, რომ რომ ნერვიულობდა – და მაშინვე ლაპარაკი დაიწყო:
– ალბათ თქვენც აბორტის გასაკეთებლად მოიყვანეთ ვინმე. მე 27 წლის ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ადრეა ჩემთვის ბავშვის ყოლა. ჯერ ვსწავლობ. ჩემი მეგობარი არ არის წინააღმდეგი, რომ დავქორწინდეთ და შვილები გვყავდეს, მაგრამ ეს მერეც შეიძლება, სწავლას რომ დავამთავრებ. შემეშინდა მისთვის მეთქვა, რომ ფეხმძიმედ ვარ. ის არავითარ შემთხვევაში არ მომცემდა აბორტის გაკეთების ნებას…
არ ვიცოდი, რით დამეწყო, კოლგას შევხედე, მაგრამ ის უკვე ვიღაცას ელაპარაკებოდა. მისაღები ხალხით გავსო, ყველა საუბრობდა და ხმები ერთიან გუგუნში იყო შერწყმული. მეც დავიწყე საუბარი. ვთხოვდი იმ ახალგაზრდა ქალს, არ მოეკლა თავისი შვილი, ვუყვებოდი ადამიანის სიცოცხლეზე დაბადებამდე, აბორტის საშიშროებაზე, პრობლემებზე, რომლებიც აბორტის შემდეგ შეექმნებოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ბავშვს, რომელიც უკვე ცოცხლობდა მასში, მალე მოკლავდნენ. ვთხოვდი, ვემუდარებოდი, მაგრამ ამაოდ. როგორც კი მედდა გამოჩნდა და თქვა, ვინც ფული გადაიხადა, შემოვიდესო, ქალი ადგა და კაბინეტში შევიდა.
კაბინეტიდან ინსტრუმეტების ხმა მოისმა.
“რა უცნაურია, – გავიფიქრე, – მეზობლად მდგომი ტაძრის ზარების რეკვის ნაცვლად ეს ადამიანები მკვლელობის იარაღების ჟღარუნს ისმენენ”.
აბორტის მომლოდინე ქალებს ესმოდათ ჩვენი საუბარი და ერთ-ერთმა მკითხა:
– მართალია, რომ ჩემი შვილი უკვე ცოცხალია? მე 6 კვირის ფეხმძიმე ვარ და მითხრეს, რომ ბავშვი მხოლოდ სამი თვის შემდეგ ცოცხლდება.
– კი, ქალბატონო, ბავშვი ჩასახვის მომენტიდან ცოცხალია. მისი გული ფეთქვას იწყებს, როცა თქვენ ჯერ არც კი იცით, რომ ფეხმძიმედ ხართ – ჩასახვიდან მე-18-21-ე დღეს გული უკვე სისხლს მიაქროლებს სისხლძარღვებში. თქვენი ბავშვი ახლა თავსა და ტანს ისე ამოძრავებს, როგორც ახალშობილი! – ვუპასუხე მე.
– ეს მართალია?! მე მითხრეს, რომ ის ჯერ მხოლოდ რაღაც გუნდაა… მე არ გავიკეთებ აბორტს. მე მიყვარს ჩემი შვილი, რომელიც სახლში მელოდება. ამას ვერ გავაკეთებ!
რა სიხარული ვიგრძენი, ეს რომ გავიგონე, მაგრამ რამდენი ასეთი ქალი დგას ყოველდღე რიგში ამ საზარელი კაბინეტის კართან – ქალები, რომლებსაც არავინ ეუბნება, თუ რა არის სინამდვილეში აბორტი, რომ ბავშვი დაბადებამდეც ბავშვია.
ჩემი თანამოსაუბრე წავიდა და მალე დაბრუნდა მეუღლესთან ერთად.
“ნეტავ რას მეტყვის?” – გავიფიქრე.
მან კი ჩუმად მითხრა: – ბატონო ექიმო, მადლობელი ვარ. ჩემმა ცოლმა ამ ბავშვის გაჩენაც გადაწყვიტა. ბოლო დღეებში სულ სხვანაირი გახდა და ჩემგან არაფრის გაგონება არ სურდა.
მე დიდხანს ვესაუბრე რიგში მდგომ ქალებს. მათ აბორტის გაკეთება გადაწყვიტეს და არავინ სცადა გადაერწმუნებინა ისინი. მეტიც, ერთ-ერთ მათანს, რომელიც მეოთხე ბავშვს ელოდა, დასცინეს კიდეც, არწმუნებდნენ აბორტი გაეკეთებინა და იმასაც პირდებოდნენ, რომ აბორტს ძველ ფასად გაუკეთებდნენ.
იმ დილას მე და ჩემმა მეგობარმა ხუთი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით. და ამის შემდეგ ამ ბავშვების მომავალი დედების სახეებზე ღიმილი გაჩნდა. ისინი საავადმყოფოდან გაბრწყინებულები წავიდნენ.
ერთ-ერთ ქალს სპირალის შეყვანა უნდოდა – მან კარგად იცოდა, რომ სპირალი ხელს არ უშლის ჩასახვას და ჩასახული ბავშვის სიკვდილს იწვევს. ჩვენ მას ბროშურა მივეცით, რომელშიც საუბარი იყო სპირალისა და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების აბორტის გამომწვევი მოქმედებისა და მათი საზიანო მოქმედებების შესახებ.
ყველაზე ძნელი აღმოჩნდა ერთ-ერთი ქალის დარწმუნება – ჩემი მეგობარი მას სამ საათზე მეტ ხანს ესაუბრა. მოულოდნელად დამხმარე გამოგვიჩნდა. მისაღებში დაახლოებით 35 წლის ქალი იჯდა. იგი დიდხანს ჩუმად უგდებდა საუბარს ყურს და უცებ ხმამაღლა წამოიძახა:
– რამდენს გავიღებდი, ახლა შენს ადგილზე რომ ვიყო. გააჩინე ეს ბავშვი, ნუ წაართმევ მას სიცოცხლეს, შენ თავს კი – დედობის სიხარულს. შვიდი წლის წინ აბორტი გავიკეთე და ახლა ვერც ერთი ექიმი ვერ მიშველის. მე აღარ მეყოლება შვილები.
ეს სიტყვები გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჩვენ თანამოსაუბრეს სახე შეეცვალა; ერთხანს ჩუმად იჯდა და შემდეგ თქვა:
– ჩემი შვილი უნდა დაიბადოს! და ამ სასაკლაოდან წავიდა!
იმ დღეს მივხვდი, რომ უნდა ვიპოვო ადამიანები, რომლებიც დილაობით ივლიან გინეკოლოგიურ განყოფილებებში – გოლგოთაზე, სადაც იღუპება ჩვენი ქვეყანა – და ითხოვენ შეწყალებას პატარა სიკვდილმისჯილები, რომლებიც სიკვდილს ელიან ბნელ და ცივ ოთახებში – ამ ბნელ და ცივ ციხეებს კედლების ნაცვლად განწირულ ჩვილთა მშობლების გულები აქვს.
ანტუან ლისეცი
მედიცინის დოქტორი, ხორვატია
(ნაწყვეტი წიგნიდან “სიცოცხლისათვის”)