განსაცვიფრებელი წვერი (ათონური პატერიკი)

განსაცვიფრებელი წვერი (ათონური პატერიკი)

Beard012არ შეგვიძლია რამოდენიმე სტრიქონი არ დავუთმოთ მამა იოაკიმეს* არაჩვეულებრივ წვერს, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე.

ჯერ კიდევ ამერიკაში ყოფნისას მამა იოაკიმე გულისტკივილით აკვირდებოდა განმაახლებლურ სულს, რომელმაც საეკლესიო ცხოვრებაშიც დაიწყო შემოჭრა. იგი ხედავდა, რომ ზოგიერთი მღვდელი ზურგს აქცევდა მართლმადიდებლურ ტრადიციებს იმ მოსაზრებით, რომ ასე უფრო გაუადვილდებოდათ ემოქმედათ საზოგადოებაში. მამა იოაკიმე მამაცურად ეწინააღმდეგებოდა ამ გამიწიერების სულს. ის მტკივნეულად განიცდიდა, როცა ხედავდა, თუ როგორ იხდიდნენ მღვდლები ანაფორებს, იმოკლებდნენ თმებსა და წვერს. აი, ამიტომაც აღნიშვნის ღირსია, თუ რას ევედრებოდა იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს თავისი ხელდასხმის დღეს: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გთხოვ, მიშუამდგომლო, რომ როცა სასულიერო პირი გავხდები, გამეზარდოს გრძელი თმები და გრძელი წვერი, რადგან მინდა ისე გამოვიყურებოდე, როგორც ჩემს სამშობლოში** გამოიყურებიან სასულიერო პირები“.

და ღვთისმშობელმაც არ დააყოვნა მისი თხოვნის შესრულება. როგორც უკვე ვთქვით, ამერიკელები აღფრთოვანებაში მოჰყავდა მამა იოაკიმეს შთამბეჭდავ გარეგნობას, მის ხშირ, გრძელ წვერს; ხოლო როცა იგი ათონის მთაზე მოვიდა საცხოვრებლად, მოხდა გასაოცარი რამ: მისი წვერი იზრდებოდა და იზრდებოდა, და ბოლოს მიწას მისწვდა. ეს იშვიათი მოვლენა იყო მონაზვნობის ისტორიაში, და ამიტომაც ყველანი იმ ლოცვის ნაყოფად მიიჩნევდნენ, რომელიც მან ღვთისმშობელს აღუვლინა. იმისთვის, რომ თავისუფლად ემოძრავა და თანაც პატივმოყვარეობასა და საყოველთაო განცვიფრებას გაქცეოდა, ის იძულებული გახდა ყელზე ჩამოკიდებული პატარა ტომსიკით ეტარებინა საკუთარი წვერი. ცხოვრების ბოლო წლებში მამებმა სთხოვეს გადაეღო ფოტოსურათი ჩამოშვებული წვერით, სრულ შესამოსელში. თავიდან მამა იოაკიმე არ თანხმდებოდა, მაგრამ რაკი მამები არ მოეშვნენ, ბოლოს და ბოლოს დაჰყვა მათს დაჟინებულ თხოვნას.

არქიმანდრიტი ქერუბიმი
წიგნიდან „თანამედროვე მთაწმინდელი მამები“ (2014 წ.)

—————-
* საუბარია ბერ იოაკიმე ანაწმინდელზე, 1895-1950 წწ.
** მამა იოაკიმე წარმოშობით საბერძნეთიდან იყო.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial