მეუფე შიოს დალოცვა პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევისას (2003 წ.)

მეუფე შიოს დალოცვა პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევისას (2003 წ.)

2003 წლის 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. წირვის ბოლოს უწმიდესმა და უნეტარესმა სიტყვით მიმართა მეუფე შიოს:

“თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე შიო,
ეპისკოპოსო სენაკისა და ჩხოროწყუსა,
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ძმანო და დანო,

ჩვენთან არს ღმერთი!

მართლაც დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმენი. წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: “დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი: და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”. ღვთის განგება მიუწვდომელია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ, აღვასრულოთ ნება ღვთისა და გვახსოვდეს, რომ უფალი მეფობს, მეფობს ცასა და ქვეყანასა ზედა, მეფობს ჩვენს გულსა და გონებაში.

დღეს აღსრულდა ნება ღვთისა, – შესრულდა წმიდა სინოდის განჩინება. ჩემი აზრით, ეს განჩინება რუის-ურბნისის კრებაზე მიღებულ დოკუმენტს არ ჩამოუვარდება.

მოგეხსენებათ, ურბნისის ტაძარში, წმიდა სინოდის ისტორიულ კრებაზე, ხუთი ახალი საეპისკოპოსო კანდიდატი დასახელდა. დღეს შესრულდა მეხუთე ეპისკოპოსის – სენაკისა და ჩხოროწყუს მღვდელმთავრის კურთხევა. მეუფე შიო, ეს არის დიდი მადლი და წყალობა ღვთისა, როდესაც უფალი ადამიანს დიდ მადლს ანიჭებს, მასში თავმდაბლობა და მორჩილება უნდა გამრავლდეს. თუკი ეს არ მოხდა, მაშინ ღვთის მადლი, ადამიანის ამპარტავნებისა გამო, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს და შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს კიდეც. ერთადერთი გზა გადარჩენისა, – ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რწმენა, სიყვარული და მორჩილება; ეს არის უფლის მიერ დასახული გზა. სწორედ ამ გზით უნდა იარო, მეუფეო, დღეიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მხოლოდ იგი მიგიყვანს სასუფეველში.

არ არის შემთხვევითი, შენ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსად რომ გაკურთხეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თვითონ ქალაქის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ იქ დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ. ეს იყო სენაკი მრავალი სასულიერო პირისა. თუნდაც, გავიხსენოთ ბოლო პერიოდის დიდი მოღვაწენი, რომელთაც მთელი საქართველო ასახელეს. დღეს მათ წმიდა სახელებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იცნობს.

სენაკში მოღვაწეობდნენ წმიდა მამა ალექსი შუშანია, მონაზვნები – ფავსტო და ეფსიმე, მამა კონსტანტინე ქვარაია, ჩემი დიდი მოძღვარი – მამა შიო ძიძავა და მრავალი სხვა. ასე რომ, მეუფე შიო, შენ მადლმოსილ ისტორიულ ეპარქიაში მიდიხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ეპარქიაში არსებული მადლი კიდევ უფრო გაამრავლო და გააძლიერო. ძალიან კარგად ვიცნობ სენაკელებს, არაერთხელ მქონია მათთან შეხვედრა და ვიცი, რომ მთელი მოსახლეობა დიდი სიყვარულით დაგხვდება, უკვე ის ფაქტი, რომ დღეს სენაკელები საგანგებოდ ჩამოვიდნენ თავიანთი ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევაზე, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მოსიყვარულე მრევლი გეყოლებათ. მაგრამ, ამასთან, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ მღვდელმთავრის წოდება მოწამეობრივია; ეპისკოპოსი მუდამ განსაცდელის წინაშე დგას. იგი პასუხისმგებელია უფლის წინაშე არა მარტო საკუთარ სულზე, არამედ სამღვდელოებასა და მთელ მრევლზე. ამიტომ უნდა გაძლიერდე ლოცვით, მარხვით, მოღვაწეობითა და, რაც მთავარია, თავმდაბლობითა და მორჩილებით. შენ გელის მშვიდობა და სიხარული. ახლა კი მიიღე კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო მღვდელმთავრის მადლისა და დალოცე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია და სრულიად საქართველო.

როგორც მოგახსენეთ, სენაკი, მისი მიმდებარე სოფლები და მთელი ეპარქია მადლმოსილი კუთხეა საქართველოსი. ბოლო წლებში ამ ეპარქიაში დიდი ღვაწლი გასწია მეუფე გრიგოლმა, რომელიც იქ მოღვწეობდა. ახლა იგი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსია. მინდა სენაკელების სახელით, წმიდა სინოდისა და მთელი მრევლის სახელით მადლობა გადავუხადო მას ამ დიდი მოღვაწეობისთვის და გახაროთ, რომ იგი აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მთავარეპისკოპოსი გრიგოლი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდი მადლის მონიჭებას, რომელიც უფალმა ჩვენზე მოიღო. მშვიდობა, წყალობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან და მთელ საქართველოში. ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!”

წყარო: patriarchate.ge