ჩვენ უფალმა მოგვცა მცნებები, რომელთა დაცვაც ყოველი ქრისტიანის ვალია. ბუნებრივია, თითოეული მცნების დარღვევა ყველა სხვა მცნების დარღვევას ნიშნავს, ვინაიდან ეს ერთი მთლიანობა, ერთიანი სწავლებაა, რომლის მიღება, გათავისება და მისდამი მორჩილება მთლიანობაში გვმართებს. ერთ-ერთი ამ მცნებათაგანია „არა იმრუშო“. ეს მცნება, ისევე როგორც დანარჩენი მცნებები, დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია, ვინაიდან გარკვეული მსოფლმხედველობა, საერთოდ აუქმებს სიძვის ან მრუშობის მცნებას და საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს იგი მოძველდა და მისი დაცვა უკვე საჭირო აღარაა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. მაშინ, როცა კაცობრიობას მოსეს მიერ ათი მცნება მიეცა, თითოეულმა მათგანმა მარადიული მნიშვნელობა შეიძინა, ამიტომ დრო მათ შესუსტებას ან განქარვებას ვერ შეძლებს.
მრუშობის საკითხს თვით სახარებაც ეხება. თავად იესო ქრისტე ეუბნება ადამიანებს, რომ არათუ მრუშობა, არამედ გულისთქმით შეხედვაც კი უკვე ცოდვაა ადამიანისთვის. ვინაიდან თუ კაცმა გული, აზრი არ განიწმიდა, ვერც თავის სიტყვას და საქმეს განწმედს. ადამიანმა განწმედა თავისი გონებიდან უნდა დაიწყოს. ქრისტიანობაში ძალიან მკაცრად და მტკიცედაა ჩამოყალიბებული სწავლება უბიწოების შესახებ – ქორწინებაში არმყოფმა ადამიანმა სხვასთან ხორციელი ურთიერთობა არ უნდა იქონიოს.
მრუშობის ცოდვა უმძიმესია და იგი მომაკვდინებელ ცოდვათა რიგში შედის. ის, ვინც მეშვიდე მცნებას არღვევდა, სჯულის კანონით უმკაცრესად ისჯებოდა. ასეთ ადამიანებს გარკვეული ხნით ზიარებისგან აყენებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სიძვაც და მრუშობაც უმძიმესი ცოდვებია, მათ შორის მაინც არსებობს განსხვავება. სიძვას ჩადის ადამიანი, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება, მრუშობა კი ის ცოდვაა, როცა სიძვას ქორწინებაში მყოფი ადამიანის ჩაიდენს. ორივე ცოდვა უმძიმესია, მაგრამ მათ შორის უფრო მძიმე მრუშობაა, იმიტომ რომ ქორწინებაში მყოფ ადამიანს უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, იგი უკვე ქორწინების საიდუმლოთი არის დაკავშირებული თავის მეუღლესთან, მათ შორის უფალია და როცა ადამიანი ამ საიდუმლო კავშირს, ჯვრისწერის კავშირს სხვა ადამიანთან ხორციელი ურთიერთობით შეურაცხოფს, რა თქმა უნდა, ეს უფრო მძიმე ცოდვაა, ვიდრე ქორწინებაში არმყოფი ადამიანის ცოდვა.
დღევანდელ ეპოქაში ზოგიერთნი საქმის ვითარებას ისე წარმოჩინდნენ, თითქოს ეს ცოდვა, ცოდვა აღარაა. ბოლო დროს ყოველმხრივ ხდება შემოტევა დღევანდელ საზოგადოებაზე, პროპაგანდას უწევენ სიძვასა და მრუშობას. ეს პორნოგრაფიული და ეროტიკულ ლიტერატურის უხვი ნაკადი ცუდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, განსაკუთრებით, მოზარდებზე, და არა მხოლოდ მათზე. ასევე უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებზე ის ფილმები, რომლებშიც უხამსობა და სიბილწეა ნაჩვენები.
სამწუხაროდ, ფილმებზე უარესია ამ ფილმების განხილვები და შეფასებები, სადაც არის მცდელობა იმისა, რომ ადამიანებს სხვა კუთხით შეახედონ ამ ცოდვას. ფაქტიურად ეს არის ცდა იმისა, რომ ეს საშინელი ცოდვა როგორმე საზოგადოების თვალში ცოდვა აღარ იყოს. ეს განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამგვარი ცნობიერებით იზრდებიან, შემდეგ ცოდვაში ვარდებიან, ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანი კი ეშმაკის მონა ხდება, თავის სულს ღუპავს და ჯოჯოხეთისათვის წირავს.
წყარო: orthodoxy.ge
(იბეჭდება შემოკლებით)