პაპის ვიზიტის გარშემო

პაპის ვიზიტის გარშემო

ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანებული სტუმრებისა, რომელი რელიგიური აღმსარებლობის კუთვნილებასაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი. თუმცა ყოვლად შეუძლებელია ამავე კონტექსტში რომის პაპის ვიზიტის განხილვა, რადგან, რომის პაპი საქართველოში მისიონერული მიზნებით მობრძანდება, რისი დასტურიც გახლავთ ისეთი მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვა, რომლის განსახორციელებლადაც საფეხბურთო სტადიონია საჭირო.

ჩვენთვის უცნობია, თუ რა მანქანებით აპირებს პაპი სტადიონის შევსებას (ამას ჩვენი საფეხბურთო ნაკრებიც, კი ძნელად ახერხებს ხოლმე), მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს საკითხი წინასწარ იქნება გავლილიც და გადაღეჭილიც. ჰიპოტეტიურად, შესაძლოა მოხდეს კავკასიის სხვადასხვა რეგიონებიდან კათოლიკური აღმსარებლობის პირების ჩამოყვანა, რადგან რამდენადაც ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში კათოლიკურ “ეკლესიას” არცთუ ისე მრავალრიცხოვანი მრევლი  უმაგრებს ზურგს. ასევე, სრულიად შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სტადიონს დიდი ხალისით ეწვევიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ განწყობილ მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფები, რომელთა მობილიზაციასაც, ეკლესიის კრიტიკაში შემჩნეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვილად მოახერხებენ.  ძნელი არ იქნება სექსუალური უმცირესობების და მათი აპოლოგეტების დარაზმვაც, მაშინ როცა, ისინი, ჩვენი ეკლესიის და ზოგადად ჩვენი ერის მიმართ მძაფრი რევანშის გრძნობით არიან აღვსილნი, რადგან უკვე მერამდენედ არ ეძლევათ თავიანთი, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდირების საშუალება.  და ალბათ კიდევ იქნება მოფიქრებული ისეთი არაორდინალური ხერხები, რომელთა წინასწარ განჭვრეტაც, ჩვენი ორთოდოქსული გონებისთვის სრულიად შეუძლებელია.

რომის პაპის წინა ვიზიტმა, კიდევ ერთი მანკიერება გამოავლინა. ის ადამიანები, რომლებიც დიდ სირცხვილად მიიჩნევდნენ საქართველოს პატრიარქის წინაშე თავის მოდრეკას და მასთან შეხვედრების დროს ხელის დარდიმანდული ჩამორთმევით იფარგლებოდნენ, რომის პაპის წინაშე გასაოცარ რევერანსებს ასრულებდნენ, გაბადრული სახეებით იღებდნენ მისგან დალოცვას და მდაბლად ემთხეოდნენ მის ,”მაკურთხებელ” მარჯვენას. ეს რა თქმა უნდა მათი პირადი არჩევანია, მაგრამ არსებობს ერთი გარემოება. კერძოდ ის, რომ მათი აბსოლიტური უმრავლესობა – ნათელღებული, ნომინალურად მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და ასევე უწოდებენ თავიანთ თავებს, რაც, ჩვენი აზრით, მთლიანად მართლმადიდებელი მრევლის დისკრედიტაციას ახდენს, რადგან, ჩვენი ეკლესიის უდიდესი ავტორიტეტების, წმინდა მამების გადმოცემით კათოლიციზმი წარმოადგენს ერეტიკულ მოძღვრებას, ხოლო რომის პაპი  – ერეტიკული კონფესიის მეთაური გახლავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია მივესალმოთ მართლამდიდებლების მიერ მისგან ლოცვა-კურთხევის აღებას (რაც ან მის აღიარებას ნიშნავს მართლმადიდებლად, ან საკუთარი თავის განყენებას მართლმადიდებლობისგან)  და არც ზოგადად მის ვიზიტს საქართველოში, რომელიც აშკარად ემსახურება, საქართველოს ეკლესიის შვილების გადაბირებას ერეტიკული კონფესიის სასარგებლოდ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კათოლიკურ “ეკლესიას” თავის არსებობის მანძილზე არაერთხელ მიუმართავს მოსახლეობის მოსყიდვისთვის და ამასთან ერთად ფინანსების ნაკლებობას არც დღეს განიცდის, რა რისკებს შეიძლება მოიცავდეს პონტიფიკოსის ვიზიტი ჩვენს გაძვალტყავებულ ქვეყანაში ამისი ამოცნობა დიდ გამჭრიახობას არ მოითხოვს.‎

“პაპიზმი – ასე ეწოდება მწვალებლობას, რომელმაც მოიცვა დასავლეთი, რომლისგანაც, როგორც ტოტები ხისგან, ისე წარმოიშვა სხვადასხვა პროტესტანტული მოძღვრება. პაპიზმი პაპს ქრისტეს თვისებებს განუკუთვნებს და ამით უარყოფს ქრისტეს… პაპი პაპისტების კერპია, ის მათი ღვთაებაა. ამ საშინელი ცდომილების გამო ღმრთის მადლმა დატოვა პაპისტები; ისინი მიეცნენ საკუთარ თავსა და სატანას – ყველა მწვალებლობის, მათ შორის, პაპიზმის, გამომგონებელსა და მამას”.
წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი (+1867)

“რომის, ანუ, უფრო სწორად, პაპისტური ეკლესია, ქადაგებს არა წმიდა მოციქულების, არამედ პაპების დოგმატებს”.
წმ. ნექტარიოს ეგინელი  (+1920)

“ჩვენ ლათინები ჩამოვიშორეთ არა რომელიმე სხვა მიზეზით, არამდე იმიტომ, რომ ერეტიკოსები არიან. ამიტომაც სრულიად არასწორი იქნება მათთან გართიანება. ლათინები არიან არა მხოლოდ განხეთქილების შემომტანნი, არამედ – ერეტიკოსებიც”.

“თუკი ლათინებმა გეზს სრულიად გადაუხვიეს სულიწმიდის საკითხში, რომლის გმობა ყველაზე დიდი საშიშროებაა, ე.ი. ცხადია, ისინი ერეტიკოსები არიან და ჩვენ მათ მოვიკვეთთ, როგორც ერეტიკოსებს”.
წმიდა მარკოზ ეფესელი († 1447)

“ლათინებმა არა მარტო შეიტანეს სხვადასხვა უკანონობანი, არამედ ისეთი თავხედობა გამოიჩინეს, რომ უტიფრად შეიტანეს სიცრუე მრწამსშიც კი, რომელიც ყველა კრების დადგენილებით ნაბრძანებია უცვლელად იქნეს დაცული, (ო, მზაკვრის მოხერხება!) – თითქოსდა სულიწმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც; ამით მათ წმიდა სამების შესახებ ძირითადი დოგმატი დაარღვიეს”.
წმიდა ფოტი კონსტანტინოპოლელი († 891)

“ჩვენ არ მიგიღებთ თქვენ მანამ, სანამ ილაპარაკებთ, რომ სულიწმიდა გამოდის ძისაგანაც”.
წმიდა გრიგორი პალამა († 1360 წ. ახლოს)

“ლათინები არსით ქრისტიანები არ არიან”.
ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი) († 1794)      

“დედამიწაზე იყო ერთიანი სარწმუნოების მქონე ერთი ეკლესია. მაგრამ მოვიდა ცდუნება – პაპი თავის მიმდევრებთან ერთად ამპარტავნებამ გაიტაცა და ერთიან სარწმუნოებასა და ეკლესიას ჩამოშორდა”.

“გწამდეს, რომ სულიწმიდა გამოდის მამა ღმერთისაგან – ეს არის აუცილებელი დოგმატი, ხოლო გწამდეს ლათინურად, რომ ის გამოდის ძისაგანაც, არის ეკლესიიდან გადახვევა, ანუ მწვალებლობა”.
წმიდა თეოფანე დაყუდებული († 1894)

კიდევ მრავალი ციტატის მოხმობა შეიძლება ჩვენი წმინდა მამების საგანძურიდან და რამდენად კეთილგონივრული იქნება, რომ, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა არ მოუსმინოთ წმინდა მასწავლებლებს და გავიზიაროთ ჩვენი თანამოქალაქეების მცირე ნაწილის მოსაზრებანი იმის შესახებ, რომ დიდი პაპის ვიზიტი  პატარა საქართველოში ზეგარდმო გადმოვლენილი სიკეთეა და ჩვენი ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია. ნება გვიბოძეთ ჩვენ სხვაგვარად ვიფიქროთ.

გიორგი ბაგალიშვილი

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial