მღ. ბასილ იაშაღაშვილი – რჩევა და თხოვნა თელეთის ეკლესიის მრევლს ფეისბუქთან დაკავშირებით

მღ. ბასილ იაშაღაშვილი – რჩევა და თხოვნა თელეთის ეკლესიის მრევლს ფეისბუქთან დაკავშირებით

image

ფეისბუქის გამოყენებით კარგი საქმეების გაკეთებაც შეიძლება: სარწმუნოების ქადაგება, გაჭირვებულთა დახმარება, განსაცდელში მყოფთათვის ლოცვა, კარგი მეგობრების შეძენა, სამსახურის ან თანამშრომლის პოვნა და ა.შ. ამ ყოველივეს კი, სამწუხაროდ, ამაო და სულის სავნებელი გართობა ჩრდილავს.

ქრისტიანის ნებისმიერი საქმიანობა უნდა ემსახურებოდეს უფლის დიდებას, სულიერ განწმედას და მოყვასის შეწევნას. ჩვენი ეკლესიის მრევლის ფეისბუქის გვერდებზე თვალის გადავლებით კი ძირითადად ვხედავთ: საკუთარი ან ოჯახის წევრთა ფოტოებით თავის მოწონებას, ერთმანეთის ქებას, ფუჭ გართობას, „მტრების“ შეურაცხყოფას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ადამიანში პატივმოყვარებისა და ფარული მრუშობის გაღვივებას, სულიერ მოუძლურებას.

ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოყვასის ცდუნება ცოდვაა და ეს ცხოვრების ყველა შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ. ქრისტიანი უნდა ხვდებოდეს, რომ საჭირო არაა ჩვენი ან ჩვენი ახლობლების ნახევრად შიშველი, გამომწვევად ჩაცმული, პლაჟზე გადაღებული ფოტოების საჯაროდ გამოფენა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ფეისბუქის გვერდს, ჩვენს მიერ გაზიარებულ ტექსტს, ფოტოს, ვიდეოს სავარაუდოდ ნახავენ ბავშვებიც და სასულიერო პირებიც. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ საცდურის მიზეზი არ გავხდეთ – „ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური“ (მათე 18,7).

ფეისბუქის გვერდებზე ხშირია „მტრების“ დაცინვა, განკითხვა, სხვისი ცოდვების საჯაროდ გამოფენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენმა დაუფიქრებელმა, დამცინავმა, შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა შეიძლება ადამიანი კიდევ უფრო დააბრკოლოს, თუნდაც ის იყოს ეკლესიის და ზნეობის მტერი. ასეთ დროს ადამიანები ჩვენი სარწმუნოებისა და ეკლესიის მიმართაც კიდევ უფრო მტრულად განეწყობიან და ჩვენ ვიქნებით ამის მიზეზი. ბოროტებას ბოროტებით ვერ აღმოვფხვრით. სიძულვილითა და სიამაყით ნათქვამს ყოველთვის სიყვარულითა და თავმდაბლობით ნათქვამი სჯობს. ის მორწმუნეები, ვინც სხვა ნაციონალობის ან მათგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს დასცინიან და ლანძღავენ, დიდ ბოროტებას ჩადიან და ზიანს აყენებენ საკუთარ თავსაც, ეკლესიასაც და სამშობლოსაც.

ზოგიერთი მორწმუნე ავრცელებს უხამს ფოტოებს, ვიდეოებს, მკრეხელურ გამონათქვამებს იმისთვის, რომ ამხილოს ესა თუ ის ადამიანი, ან საზოგადოება, მაგრამ სინამდვილეში, თავისდა უნებურად ცოდვის გამავრცელებელი ხდება, რადგან ეს ყოველივე თვალის დახამხამებაში აბინძურებს ადამიანის სულს. ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რომ ხალხის გამოფხიზლების ნაცვლად სიბინძურის გამავრცელებლები არ აღმოვჩნდეთ.

ფეისბუქის იმ მეგობრებს, ვინც დაუფიქრებლობით ან არასწორი აზროვნებით რაიმე სახის საცდურს ავრცელებს, უნდა მივუთითოთ და თუ არ შეიგნებენ, ჯობია ამოვშალოთ მეგობრებიდან, რომ ჩვენც მათი ცოდვის მონაწილენი არ გავხდეთ და ისინიც იქნებ უფრო დაფიქრდნენ.

ფეისბუქში ზოგიერთი ადამიანი მიზანმიმართულად ავრცელებს უხამს ფოტოებს, ვიდეოებს, მაცდუნებელ აზრებს – შეფარულად, სხვა სათაურს ამოფარებულად, ანდა ისე, რომ საკმარისია ჩვენ გავხსნათ და ავტომატურად გავრცელდება. ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რომ უნებურად სული არ დავიზიანოთ და საცდურის გამავრცელებლებიც არ აღმოვჩნდეთ.

არ დავივიწყოთ, რომ სულისთვის მავნებელია უმიზნოდ და გასართობად ინტერნეტში შესვლა. ხოლო როცა მიზანმიმართულად, რაიმე საქმისთვის შევდივართ იქ, კარგი იქნება დროის დანიშვნა (რეგლამენტის დაწესება, ერთი ან ორი საათი), რომ გონება არ დაგვისუსტდეს და შემდეგ ჩვენი მთავარი მოვალეობების შესრულება ვეღარ შევძლოთ. ჩვენი ცხოვრება უცებ გაფრინდება და მოგვიწევს პასუხის გაცემა ამაოდ გატარებული დროის გამო, რომელიც მოგვეცა ლოცვისათვის, კეთილი საქმეებისათვის, წმიდა წიგნების კითხვისათვის, სინანულისათვის.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial