კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

“თავიანთი მრავალი მწვალებლობით ლათინებმა მთელი დედამიწა შეურაცხყვეს…
ლათინურ სარწმუნოებაში მარადიული ცხოვრება არ არსებობს.”
ღირსი თეოდოსი პეჩორელი (+1070)

* * *

სარჩევი

შესავალი
თავი I – რომის პაპის პირველობის შესახებ
თავი II – რომის პაპის შეუმცდარობის (უცდომელობის) შესახებ
თავი III – სული წმინდის გამომავლობის შესახებ
თავი IV – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ
თავი V – წმინდანთა საკმარისზე მეტი დამსახურებებისა და ინდულგენციების შესახებ
თავი VI – ჩვილ ბავშვთა წმიდა მირონცხების უარყოფის შესახებ
თავი VII – ჩვილი ბავშვების უზიარებლობის შესახებ
თავი VIII – უარის თქმა საეროთათვის ქრისტეს წმიდა სისხლით ზიარებაზე
თავი IX – წმ. ზიარებაში ხმიადის ხმარების შესახებ
თავი X – შაბათის მარხვის შესახებ
თავი XI – ორღანის შესახებ
დასკვნა

* * *

შესავალი

კითხვა: ერთნაირი სარწმუნოება აქვთ მართლმადიდებლებსა და ლათინებს?

მიგება: არა, მათ შორის არის განსხვავება და საკმაოდ სერიოზული.

კითხვა: რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა სარწმუნოება?

მიგება: მართლმადიდებლებმა შემოინახეს ქრისტიანული სარწმუნოება წმიდად და შეურყვნელად, ანუ ისე, როგორც განგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, როგორც ქადაგებდნენ მოციქულები და განმარტავდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები, წმიდა მამები და მასწავლებლები ეკლესიისა; კათოლიკეებმა კი დაამახინჯეს ქრისტიანული სარწმუნოება მთელი რიგი მწვალებლური სწავლებებით და შემოიღეს წმ. ეკლესიის გარდამოცემასთან შეუთავსებელი წეს-ჩვეულებანი.

კითხვა: დიდი ხანია, სარწმუნოებრივი დაბნეულობა გაჩნდა დასავლეთის ეკლესიაში?

მიგება: სარწმუნოებრივი დაბნეულობა IX საუკუნეში განცხადდა და მას შემდეგ ეს პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა.

კითხვა: რა მოიმოქმედა ეკლესიამ ლათინთა შორის გაჩენილი არასწორი სწავლების საპასუხოდ?

მიგება: ეკლესია მიუთითებდა მათ შორის გაჩენილ შეცდომებსა და არასწორ სწავლებაზე და მოუწოდებდა სიწმიდის დაცვისაკენ, მაგრამ კათოლიკეები წინააღმდეგობას უწევდნენ, რითაც ფაქტიურად თვითონ დააყენეს თავიანთი თავი ეკლესიის გარეთ. ამის შემდეგ ეკლესიამ ჩამოიშორა ისინი.

კითხვა: სწორად მოიქცა ეკლესია, როცა მოიკვეთა კათოლიკეები?

მიგება: დიახ, სწორად მოიქცა, რადგან ეკლესია თითქმის ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოთმინებით, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდა კათოლიკეთაგან – არასწორი სარწმუნოებრივი სწავლების უარყოფას. მაგრამ ისინი წინ აღუდგნენ ეკლესიის სწავლებას და ვინც ეკლესიისას არ ისმენს, „იყავნ იგი შენდა ვითარცა მეზუერე და წარმართი“, (მათე 15,17). პავლე მოციქული გვასწავლის: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არ ეგევითარი იგი და ცოდვას და არს იგი თვით დასჯილ“ (ტიტე 3, 10-11)

კითხვა: რა ცდომილებანი გააჩნია დღეისათვის დასავლეთის ეკლესიას?

მიგება: ეს ცდომილებანი შემდეგია:
ა) კათოლიკენი ასწავლიან, თითქოსდა რომის პაპი არის ღმერთის მოადგილე დედამიწაზე;
ბ) ამბობენ, რომ რომის პაპი, როდესაც სარწმუნოებაზე საუბრობს, არასოდეს ცდება, ანუ მის შეუმცდარობას ამტკიცებს;
გ) მათ სწამთ, თითქოს სული წმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც; I-II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული „მრწამსის“ საწინააღმდეგოდ.
დ) აღიარებენ ღვთისმშოვლის უბიწოდ ჩასახვას იოაკიმესა და ანასაგან;
ე) აქვთ სწავლება, თითქოს წმიდანებს იმაზე მეტი ღირსება და დამსახურება აქვთ, ვიდრე ეს ერთი ადამიანის ცხონებისათვის არის საჭირო;
ვ) ბავშვებს არ სცხებენ მირონს და არ აზიარებენ;
ზ) ერის ადამიანებს არ აზიარებენ სისხლით;
თ) ზიარებაში იხმარება გაუფუებელი პური;
ი) მარხულობენ შაბათს;
კ) ღვთისმსახურებისას იყენებენ ორღანს და სხვ.
ერთი სიტყვით, დაირღვა დოგმატური ერთობა – ეკლესიის ერთობის პრინციპი, ერთმა ეკლესიამ მიითვისა ზოგადად მთელი ეკლესიის ღირსება; სიყვარულის პრინციპი შეცვალა დამორჩილების პრინციპმა.

* * *

 

თავი I – რომის პაპის პირველობის შესახებ

კითხვა: სწორად ამტკიცებენ კათოლიკეები, თითქოს რომის პაპი არის თავი ეკლესიისა და ღმერთის მოადგილე დედამიწაზე?

მიგება: არა, სწორია. ეკლესიის თავი თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეა; წმ. მოც. პავლე ამბობს რომ ღმერთმა „ყოველივე დაამროჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზესთა ყოველთა ეკლესიისა, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო (ეფ. 1,22-23).

კითხვა: ეკლესიის მეთაურად დედამიწაზე მოციქულთაგან ვინმე ხომ არ დაადგინა იესო ქირსტემ?

მიგება: არა, არ დაუდგენია; უფალმა აუკრძალა კიდეც მოციქულებს ფიქრი პირველობასა და უფროსობაზე (მარკ: 10, 35-44).

კითხვა: როგორღა ამტკიცებენ კათოლიკეები, თითქოს უფალმა მოც. პეტრე დაადგინა მეთაურად ეკლესიისა და ღმერთის მოადგილედ დედამიწაზე?

მიგება: კათოლიკეები დიდად ცდებიან იმის გამო, რომ პეტრე მოციქულის მიმართ მაცხოვრის მიერ თქმული სიტყვები არასწორად ესმით: „… შენ ხარ კლდე და კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ეროედნენ მას“ (მათე 16, 18-19).

კითხვა: რას ნიშნას სიტყვები: „ამას კლდესა ზედა“?

მიგება: წმ. იოანე ოქროპირი თავის 53-ე საუბარში მათეს სახარების შესახებ ამბობს: „მას კლდესა ზედა აღვაშენო, ანუ აღმსარებლობის რწმენაზე; იგივე აზრის არის ნეტარი ავგუსტინე: „კლდეს“ უწოდებს მაცხოვარი არა პეტრეს, არამედ მის რწმენას ძე ღვთისას მიმართ. აი ისიც: „შენ ხარ ქირსტე, ძე ღმრთისა ცხოველისა.

კითხვა: რა მტკიცებანი მოყავთ კათოლიკეებს წმ. სახარებიდან მასზედ, რომ თითქოს მოციქული პეტრე დააყენა უფალმა ეკლესიის მეთაურად და თავის მოადგილედ დედამიწაზე?

მიგება: კათოლიკეებს მოჰყავთ მაცხოვრის სიტყვები: „სვიმონ, სვიმონ, აჰა – ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი, ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი; და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი“ (ლუკა 22,31-32). ამ სიტყვებიდან კათოლიკეები ასკვნიან თითქოს პეტრე მოციქულს დაევალა დანარჩენი მოციქულების განმტკიცება, სხვა მოციქულებზე უფროსობა და მათზე ბატონობა.

ასევე ამბობენ თითქოს სიტყვები: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ (ინ. 21,15-17) ნიშნავდეს პეტრეს უფროსობას თვით მოციქულებზე.

კითხვა: როგორ უნდა ვუყურებდეთ მაცხოვრის სიტყვების კათლიკეებისეულ განმარტებას?

მიგება: ზემოთ მოყვანილი განმარტება თავისთავად არასწორია და მცდარი. ერთი მხრივ, არვითარი საფუძველი არა გვაქვს „ცხოვართა“ შორის ვიგულისხმოთ მოციქულები. მეორე მხირვ მოციქულებს თავად არასდროს არ ჩაუთვლიათ პეტრე თავიანთ გამგებლად.

კითხვა: საიდან ჩანს ეს?

მიგება: ეს ჩანს მაცხოვრის სიტყვებიდან თორმეტი მოციქულის მიმართ, საიდანაც ცხადია, რომ მოციქულთათვის ერთადერთი მოძღვარი იესო ქრისტეა, და არა რომელიმე მოციქულთაგანი. აი, ეს სიტყვებიც: „ხოლო თქვენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქვენი ქრისტე, ხოლო თქვენ ყოველნი ძმანი ხართ და მამით ნუვის ჰხადით ქვეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქვენი, რომელი არს ცათა შინა“ (მათე, 23, 8-9).

კითხვა: იქნებ ეს სიტყვები მოქიცულთა გარდა ყველა ქრისტიანს ეხება?

მიგება: არა, რადგან მოციქულნი ქრისტიანებს თავიანთ შვილებს უწოდებდნენ (1-იოანე 2,1-18),

კითხვა: საიდან ჩანს კიდევ, რომ მოციქულები არ თვლიდნენ პეტრეს თავის წინამძღვრად?

მიგება: ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ იერუსალიმში მოციქულთა კრებას წარმართავდა არა პეტრე, არამედ იაკობი (საქმე მოც. 15,13).

კითხვა: რა მიზანი ამოძრავებთ კათოლიკებს, როდესაც ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ მოციქულთაგან პეტრე იყო უფროსი, ანუ მათი წინამძღვარი?

მიგება: კათოლიკეთა აზრით, მოციქული პეტრე იყო არა მხოლოდ თავი ეკლესიისა, არამედ ქალაქ რომის ეპისკოპოსიც და აქედან გამომდინარე ასკვნიან, რომ რომის პაპი, როგორც მემკვიდრე მოციქული პეტრესი, არის თავი მთელი ეკლესიისა.

კითხვა: სინამდვილეში თუ იყო პეტრე მოციქული რომის ეპისკოპოსი?

მიგება: ფრიად საეჭვოა. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს:

„და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა (პეტრე) და იოანე, რომელნი – იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თვისთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისა , რათა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ“. (გალ. 2,7). როგორც აქედან ჩანს, პეტრე მოციქულს დავალებული ჰქონდა ქადაგება წინადაცვთილიბთან (იუდეველებთან) და გაუგებარია როგორ შეიძლება იგი ყოფილიყო რომის ეპისკოპოსი (ანუ წარმართთა). გარდა ამისა, პავლე მოციქულმა, როგორც ცნობილია, რომაელ ქრისტიანებს გაუგზავნა ეპისტოლე, რასაც არ იზამდა იმ შემთხვევაში, იქ რომ ეპისკოპოსად პეტრე ყოფილიყო, მით უფრო, რომ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: „თანაც ვცდილობდი ისე დამეცვა ჩემი ღირსება, რომ არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა (რომ. 15,20).

კითხვა: ცნობდნენ თუ არა ძველი ქრისტიანები რომი პაპის პირველობას მსოფლიო ეკლესიაში?

მიგება: არა, არ ცნობდნენ, ცნობილია, რომ მოციქულთა გარდაცვალების შემდეგ (მათ შორის პეტრე მოციქულისაც) კიდევ საკმაო ხანს იცოცხლა იოანე ღვთისმეტყველმა. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ პირველი ქრისტიანები რომის პაპს უფრო წინ აყენებდნენ, ვიდრე იოანე მოციქულს.

კითხვა: იქნებ შემდეგ პერიოდში (იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების შემდე) ცნობდნენ პირველი ქრისტიანები რომის პაპს მსოფლიო ეკლესიის წინამძღვრად?

მიგება: არა, არც შემდეგ პერიოდში არ თვლიდნენ რომის პაპს მსოფლიო ეკლესიის წინამძღვრად. მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, რომლებიც წარმოადგენენ მთელი ეკლესიის ხმას, (და არა მხოლოდ ერთი რომელიმე ეკლესიის ხმას) რომის პაპს განესაზღვრა სხვა პატრიარქების თანაბარი უფლებები.

კითხვა: რომელ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე იქნა ეს განსაზღვრული?

მიგება: პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ (325 წ.) თავისი მე-6 კანონით დაადგინა: „ძველი წესი იყოს დაცული, რომელიც მიღებულია ეგვიპტეში, ლიბიასა და სუთქალაქში (პენტაპოლისში); რომ ყველა ამათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც, ანტიოქიასა და სხვა სამთავროებშიც – დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება“. ამ კანონის საფუძველზე რომის პაპი თანასწორია სხვა სამთავროთა ეპისკოპოსებისა. იმავე კრებამ მის მიერ მიღებული მე-7 კანონით დაადგინა: „რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის (იერუსალიმის) ეპისკოპოსს, ამიტომ ამ ქალაქს შეურყევლად ჰქონდეს მიტროპოლიის პატივი“. ამ კანონით იერუსალიმის პატრიარქი აყვანილ იქნა რომის პაპის სიმაღლეზე.

მეორე მსოფლიო კრების მე-3 კანონი გვამცნობს: „კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს აქვს უპირატესობა, ანუ წარჩინებულება პატივისა, რომელიც რომის ეპისკოპოსის პატივის ტოლია, ვინაიდან კონსტანტინეპოლი არის ახალი რომი“. ის, რაც განისაზღვრა პირველ ორ მსოფლიო კრებაზე, შემდგომში დაამოწმეს მომდევნო მსოფლიო კრებებმა:

მე-4 მსოფ. კრების 28-ე კანონით დადგენილია: „ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უაღრესი პატივი, როადგან იგი სამეფო ქალაქია. ამავე ფიქრით აღძრულმა ასორმოცდაათმა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსმა თანასწორი პატივი დაუწესა ახალი რომის – კონსტანტინეპოლის უწმინდეს საყდარს. სამართლიანად განსაჯეს, რომ თუ კონსტანტინეპოლი და ძველი რომი ტოლია იმით, რომ ორივე სატახტო და სინკლიტის (სენატის) ქალაქია, საეკლესიო საქმითაც განდიდდეს კონსტანტინეპოლი, როგორც რომი და მეორე იყოს მის შემდეგ“…

იგივე დაამტკიცა 36-ე კანონით მე-6 მსოფლიო კრებამ; კონსტანტინეპოლის საყდარს ძველი რომის საყდრის სწორი პატივი უნდა ჰქონდეს და როგორც საეკლესიო საქმეებში განდიდებული, მეორე იყოს მის შემდეგ. შემდეგ იყოს დიდი ქალაქის – ალექსანდრიის საყდარი და მის შემდეგ – იერუსალიმის საყდარი“.

ამგვარად ყველა სამთავროთა პატრიარქებსა და ეპისკოპოსებს მსოფლიო კრების დადგენილებით ჰქონდათ თანასწორი ძალაუფლება.

კითხვა: ჰქონდათ თუ არა სამთავროთა ეპისკოპოსებს, და მათ შორის რომის პაპს, უფლება – გაევრცელებინათ თავიანთი ძალაუფლება სხვა სამთავროთა ეკლესიებზე?

მიგება: არა. ასეთი უფლება არ ჰქონდათ. ამის თაობაზე მეორე მსოფლიო კრების (381 წ.) მე-2 კანონში ნათქვამია: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიათა აღრევა“.

კითხვა: როგორ უყურებს მსოფლიო საეკლესიო კრება პაპების მიდრეკილებას – გაევრცელებინათ თავიანთი ძალაუფლება სხვა ეკლესიებზეც?

მიგება: მსოფლიო საეკლესიო კრებები გმობდა ასეთ მიდრეკილებას, ხოლო ავტოკეფალურ ეკლესიათა ეპისკოპოსებს, რომელნიც სიმართლის გასარკვევად პაპების სასამართლოს მიმართავდნენ სასჯელი ედებოდა, რაც გამოიხატებოდა ჩამოქვეითებასა ან გადაყენებაში. (კართაგენის ადგილობრივი კრება, 139-ე კანონი).

კითხვა: კიდევ რით ცდილობენ ლათინნი თავიანთი პაპების აღმატებულობის დამტკიცებას?

მიგება: ისინი, სხვათა შორის, ამბობენ, რომ ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო ერთი მღვდელმთავარი ყველა მორწმუნესათვის, რის გამოც ახალი აღთქმის ეკლესიაშიც ერთი სულიერი გამგებელი უნდა ჰყავდეს ქრისტიანებს, რომელთაც უწინამძღვრებს ღვთის წინაშე.

კითხვა: შეიძლება თუ არა ამის მტკიცება მოინახოს წმ. წერილში?

მიგება: არა, შეუძლებელია, რადგან ასეთი მტკიცება არ არსებობს. ამის საწინააღმდეგოდ პავლე მოციქული ნათლად ბრძანებს, რომ ძველი აღთქმის მღვდელმთავართა მემკვიდრენი არ არიან ახალი აღთქმის მღვდელმთავარნი. არამედ ახალი აღთქმის მღვდელმთავრები თვით უფალი იესო ქრისტეა – ძე ღვთისა (ებრ. 7,21-28).

კითხვა: რა შეიძლება ითქვას ლათინთა საპასუხოდ, როცა ისინი ამბობენ, რომ იესო ქრისტეს არ შეუძლია ეკლესიის მართვა იმის გამო, რომ ზეცად ამაღლდა, ხოლო ჩვენ გვჭირდება ხილული მღვდელმთავარი და შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის?

მიგება: მათ შეგვიძლია ვუპასუხოთ პავლე მოციქულის სიტყვებით: (ქრისტეს…) ძალუძს სრულიად გადაარჩინის ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიუახლოვდება ღმერთს, (ებრ. 7,25).

კითხვა: ზემოთქმულიდან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება კათოლიკეთა სწავლების შესახებ, თითქოს რომის პაპი არის თავის ეკლესიისა და ღმერთის მოადგილე დედამიწაზე?

მიგება: დასკვნა ერთია: ეს სწავლება ეწინააღმდეგება წმინდა წერილსა და საეკლესიო გარდამოცემას.

* * *

 

თავი II – რომის პაპის შეუმცდარობის (უცდომელობის) შესახებ

კითხვა: მართალია თუ არა კათოლიკების მტკიცება იმის შესახებ, რომ რომის პაპი არ შეიძლება შეცდეს, როცა სარწმუნოების შესახებ ქადაგებს?

პასუხი: არა, არ არის მართალი, რადგან იყვნენ პაპები, რომლებიც ცდებოდნენ რწმენის საკითხებში.

კითხვა: რომელი პაპების შესახებ არის ცნობილი, რომ ცდებოდნენ სარწმუნოების საკითხებში?

მიგება: ცნობილია პაპი ვიტქორი (192 წ.), რომელიც ერთ ხანს უთანაგრძნობდა მონტანისტურ მწვალებლობას; ცნობილია პაპი ლიბერიუსი, რომელიც დაეთანხმა წმინდა ათანასე ალექსანდრიელის განკვეთას და დროებით მიიღო არიანელობა, რათა დაებრუნებინა საეპისკოპოსო კათედრა (458 წ.); მეექვსე მსოფლიო კრებამ მონოთელიტური მწვალებლობის მიღებისათვის განკვეთა რომის პაპი ჰონორიუსი (625 წ.) ცნობილია პაპი ვიგილიუსი, რომელიც არ იყო მტკიცე მონოფიზიტებთან ბრძოლაში; რომის პაპმა ბენედიქტე VIII ჯერ კიდევ 1-14 წელს შეიტანა დამატება („და ძისაგან“) სარწმუნოების სიმბოლოში, რაც შეეხებოდა სული წმინდის ძისგან გამომავლობის საკითხს.

კითხვა: კიდევ რატომ არ შეიძლება ვაღიაროთ რომის პაპის შეუმცდარობა სარწმუნოების საკითხებში?

მიგება: იმიტომ, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მხოლოდ მთელ ეკლესიას მიანიჭა შეუმცდარობა (უცდომელობა); ცალკეული ადამიანი კი ყოველთვის შეიძლება შეცდეს და გამოთქვას არასწორი შეხედულება.

კითხვა: როგორ გვამცნო ამის შესახებ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ?

მიგება: წმიდა სახარებაში წერია: „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმა იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რა თა პირითა ორისა და სამისა მოწმისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუა, ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა (ეკლესიას); ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (მათე 18, 15-17).

კითხვა: რატომ მიანიჭა უფალმა სარწმუნოების საკითხებში შეუმცდარობა მთელ ეკლესიას და არა რომელიმე ცალკეულ პიროვნებას?

მიგება: იმიტომ რომ პავლე მოციქულის სწავლების მიხედვით მხოლოდ ეკლესია, არის „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3,15). გარდა ამისა ზოგიერთ პაპს ჰქონდა მძიმე ცოდვები, ამას პაპისტებიც არ უარყოფენ, ასეთი ადამიანები კი ვერ შეიცნობენ ღვთის ჭეშმარიტებას.

კითხვა: საიდან ჩანს ეს?

მიგება: ეს ჩანს იქიდან, რომ როდესაც გამოჩნდებოდნენ მწვალებლები და იწყებოდა არეულობა, ეკლესია არასდროს არ ეყრდნობოდა ცალკეული პიროვნების აზრს, არამედ იწვევდა მსოფლიო კრებებს.

კითხვა: იქნებ მსოფლიო კრებებს ხელმძღვანელობდნენ რომის პაპები?

მიგება: არა, პაპები არასდროს დასწრებიან მსოფლიო კრებას, ისინი აგზავნიდნენ წარმომადგენლებს, რომლებიც უპირატესობით არასოდეს სარგებლობდნენ.

კითხვა: ვინ იყვნენ მსოფლიო კრებების თავმჯდომარეები?

მიგება: პირველი მსოფლიო კრების თავმჯდომარე იყო ეპისკოპოსი ოსია კორდუბელი. მეორე მსოფლიო კრებისა – მელეტი ანტიოქიელი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტიმოთე ალექსანდრიელი და ნექტარიოს კონსტანტინეპოლელი; მეექვსე მსოფლიო კრებისა – იმპერატორი კონსტანტინე პოგონატი (668-685), მეშვიდე მსოფლიო კრებისა წმინდა ტარასი კონსტანტინეპოლის პატრიარქი.

კითხვა: დასავლეთის ძველი ეკლესია აღიარებდა პაპების შეუმცდარობას?

მიგება: არა, არ აღიარებდა. დასავლეთის მსოფლიო ეკლესიიდან გამოყოფის შემდეგაც რომის ეკლესია და მათი კრებები არ აღიარებდნენ პაპების შეუმცდარობას. მაგ. პაპი ადრიანე VI (1521-1523) ამტკიცებდა, რომ პაპი შესაძლოა შეცდეს სარწმუნოების საკითხებში და თავისი დეკრეტებით გაავრცელოს მწვალებლობა. ლათინთა კრებები ასამართლებდნენ და განკვეთდნენ რომის პაპებს. პიზის კრებამ (1409 წ) გადააყენა პაპი გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII; კონსტანციის კრებამ (1414-1418) ხარისხი აჰყარა პაპ იოანე XXIII.

კითხვა: როდის მიიღეს კათოლიკეებმა დოგმატი პაპის შეუმცდარობის შესახებ?

მიგება: ეს მოხდა ვატიკანის პირველ კრებაზე, რომში 1870 წელს. პაპი იყო პიუს IX (1846-1878) ერიკაცობაში გრაფი ჯოვანი – მარია მასტაი – ფერეტი, მინორიტების ორდენის წევრი, მისიონერი ჩილეში, კარდინალი. ვატიკანის I კრების დოგმატიკურ კონსტიტუციაში ნათქვამია: „ვასწავლით და ღვთივგამოცხადებული (?) დოგმატით განვაცხადებთ, რომ რომის მღვდელმთავარი, როდესაც ლაპარაკობს ex cathedra ე.ი. როდესაც ასრულებს ქრისტიანთა მოძღვრისა და მასწავლებლის ფუნქციას, განსაზღვრავს რწმენისა და ზნეობის შესახებ სწავლებას, რომელიც უნდა მიიღოს მთელმა ეკლესიამ, ფლობს იმ შეუმცდარობას, რომელიც მაცხოვარმა მიანიჭა თავის ეკლესიას, რის შედეგადაც რომის მღვდელმთავრის ეს განსაზღვრებები, თავისთავად, და არა ეკლესიის თანხმობით, გარდაუვალია“. როგორც ვხედავთ წმინდა ეკლესიის ფუნქცია მინიჭებული აქვს მღვდელმთავარს. ვატიკანის II კრებამ (1962-1965 წ.) დოგმატურ კონსტიტუციაში „ეკლესიის შესახებ“ კატეგორიულად დაადასტურა ეს დოგმატი.

პაპის შეუმცდარობის შესახებ სწავლება შუა საუკუნეებიდან წარმოიშვა დასავლეთში. მას იზიარებდა თომა აქვინელიც, ამ დოგმატის გამოცხადებამ გამოიწვია პროტესტი კათოლიკურ სამყაროში. გამოეყვნენ კათოლიკურ სარწმუნოებას მორწმუნენი, რომლებიც ძველ კათოლიკებს უწოდებდნენ თავიანთ თავს, ისინი არ აღიარებდნენ ახალ დოგმატს, მისი ხელმძღვანელები იყვნენ ღვთისმეტყველების პროფესორები დელინგერი, შულტე, რეინკენსი და სხვები. „ძველ კათოლიკეთა ეკლესია“ ახლაც არსებობს და მისი ხელმძღვანელია უტრეტის მთავარეპისკოპოსი მარინუს კოკი.

კითხვა: რა შეიძლება ითქვას სწავლებაზე რომი პაპის შეუმცდარობის შესახებ?

მიგება: ეს სწავლება ახლადგამოგონილია და ეწინააღმდეგება წმინდა წერილსა და ეკლესიის გარდამოცემას.

* * *

 

თავი III – სული წმინდის გამომავლობის შესახებ

კითხვა. მართალია თუ არა კათოლიკების მტკიცება იმის შესახებ, რომ სული წმიდა გამოდის არა მხოლოდ „მამისაგან“ არამედ ძისაგანაც?

მიგება: არა, არ არის მართალი. წმიდა წერილში არის ადგილები, რომლებიც ნათელყოფენ, რომ სული წმიდა გამოდის მხოლოდ მამისაგან.

კითხვა: წმინდა წერილის სახელდობრ რომელი სიტყვებიდან ჩანს, რომ სული წმიდა გამოდის მხოლოდ მამისაგან?

მიგება: უფალმა იესო ქრისტემ უთხრა მოციქულებს: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს, მან ჰსწამოს ჩემთვის“. (იოანე 15,26). აქ პირდაპირ და ცხადად არის ნათქვამი, რომ სული წმიდა გამოვალს, მხოლოდ მამისაგან.

კითხვა: მაგრამ ხომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სული წმიდა მორწმუნეებზე გარდამოვალს ძისაგანაც?

მიგება: არა, მაცხოვრის სიტყვები არ გვაძლევენ უფლებას ასე ვიფიქროთ. „და მე“, თქვა მაცხოვარმა, „ვჰკითხო მამასა ჩემსა და სხუა ნუგეშინის მცემელი მოგივლინოს თქუენ, რათა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე“ (იოანე 14,16). ამ სიტყვებიდან ნათელია, რომ სული წმიდა მორწმუნეებზე გარდამოვალს მხოლოდ მამისაგან, ძე ღვთისა კი არის მეოხი წინაში თვისი ზეციური მამისა.

კითხვა: ამიტომ როგორ უნდა ვასწავლოთ სული წმიდის გამომავლობის შესახებ?

მიგება: უნდა ვასწავლოთ, რომ სული წმიდა გამოდის მამისაგან, ძე ღვთისას, იესო ქრისტეს ლოცვით, როგორც თივთონ თქვა მოციქულებთან საუბარში: „ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმინდა, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან“. (იოანე 14,26).

კითხვა: თუ სული წმინდა არ გამოვალს ძისაგან, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები სული წმინდის შესახებ: „მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“ (იოანე 16, 13-14)?

მიგება: ქრისტეს სიტყვებიდან ჩანს, რომ სახარების ეს ადგილი პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. ასე განმარტა თვითონ მაცხოვარმა, როცა თქვა: „ყოველი რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს, და ამისთვის გარქუ თქუენ, რამეთუ ჩემგან მიიღოს (სული წმიდამ) და გითხრას თქუენ“ (იოანე 16,15). ეს ნიშნავს, რომ სული წმინდა იღებს ჭეშმარიტებას მამისაგან, მაგრამ რადგან ყველაფერი, რაც აქვს მამას, აქვს ძესაც, შესაძლებელია ითქვას, რომ სწავლება, რომელსაც სული წმიდა განაცხადებს მამისაგან, არის იგივე, რომელიც განაცხადა ძე ღვთისამ.

კითხვა: მაგრამ თუ ყველაფერი, რაც მამას ეკუთვნის, ეკუთვნის ძესაც, არ შეიძლება ითქვას, რომ სული წმიდის გამომავლობა ხდება როგორც მამისაგან, ასევე ძისაგანაც?

მიგება: არანაირად არ შეიძლება, რადგან ძეს ყველაფერი აქვს მამისაგან გარდა უშობელობისა (ძე შობილია უწინარეს ყოველთა საუკუნეთა), და სული წმიდის გამომავლობისა; ისევე როგორც სული წმინდას აქვს ყველაფერი მამისაგან, გარდა არგამომავლობისა და ძის შობისა. (მხოლოდ მამა არის დაუსაბამო, რა გამომავალი არსაიდან, და მხოლოდ მამამ შვა ძე უწინარეს ყოველთა საუკუნეთა) ამიტომაც, როგორც შეუძლებელია ითქვას, რომ ძე შობილია მამისაგან და სული წმიდისაგან, ასევე შეუძლებელია ითქვას, რომ სული წმიდა გამოვალს მამისაგან და ძისაგან.

კითხვა: წმიდა სახარების რომელი ადგილიდან ჩანს, რომ სული წმიდა არ გამოვალს ძისაგან?

მიგება: წმიდა სახარების მოთხრობიდან მაცხოვრის ნათლისღების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ სული წმიდა „გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა“ (მათე 3,16; მარკოზი 1,10; ლუკა 3,22; იოანე 1, 33). თუკი სული წმიდა გამოვალს ძისაგან, მაშინ რატომ გარდამოვიდოდა მასზე მამისაგან?

კითხვა: თუ სული წმიდა არ გამოვალს ძისაგან, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ წმიდა წერილის ის ადგილები, სადაც ლაპარაკია ძის სულზე (გალატელთა 4,6) და იესო ქრისტეს სულზე (ფილიპეთა 1, 19; რომაელთა 8,9)?

მიგება: მოყვანილ ადგილებში ლაპარაკია არა ღმერთზე – სული წმიდაზე, არამედ იმ სულიერ ნიჭებზე, რომლებიც უნდა ახასიათებდეს მორწმუნე ქრისტიანებს. ასე მაგალითად, წმიდა მოციქული პავლე წერდა: „რამეთუ არ მიგიღებიეს სული იგი მონებისა, რათამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისა, რომლითა ვღაღადებთ: „აბბა, ამამო!“ (რომაელთა 8,16).

კითხვა: თუ შეიძლება რომ ვასწავლოთ ძისაგან სული წმიდის გამომავლობის შესახებ, მაცხოვრის სიტყვების საფუძველზე: ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ“?

მიგება: არა, არ შეიძლება. როდესაც მაცხოვარმა თქვა „მე მოვავლინო“ იქვე დაუმატა „მამისა ჩემისა მიერ“ და ამით აჩვენა, რომ სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს;

თუ სული წმიდის გამომავლობას განვიხილავთ მხოლოდ სიტყვების „მე მოვავლინო“ საფუძველზე, მაშინ იძულებული ვიქნებით, ვთქვათ სული წმიდისაგან ძის გამომავლობაზე, რადგან წმიდა წერილში არის ადგილები, სადაც ნათქვამია ძის წარმოგზავნაზე სულით წმიდით (ისაია 48,16; 61,1; ლუკა 4,18).

კითხვა: როგორ ასწავლიდა ძველი ეკლესია სული წმიდის გამომავლობის შესახებ?

მიგება: ძველი ეკლესია ასწავლიდა, რომ სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს, მეორე მსოფლიო კრების წმიდა მამებმა დაადგინეს: „და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს“. ასევე არის შესული სარწმუნოების სიმბოლოში – მრწამსში.

კითხვა: შეეძლოთ თუ არა ქრისტიანებს მეორე მსოფლიო კრების ამ დადგენილებაში შეეტანათ რაიმე დამატება, როგორც ეს კათოლიკეებმა გააკეთეს, დაუმატეს რა სიტყვები „და ძისაგან“?

მიგება: არა, არ შეეძლოთ. „ხოლო ვინც პირველთქმული კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტირალებას, შეჩვენებულ იყოს ზემოთ მოხსენებული წმიდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტიანთა კრებულისაგან და ისინი როგორც უცხონი გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ ჩვენს თავზე; ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას. (მეექვსე მსოფლიო კრების 1 კანონი).

კითხვა: როდის გაჩნდა კათოლიკებთან სარწმუნოების სიმბოლოში დამატება „და ძისაგან“?

მიგება: პირველად მხოლოდ ესპანეთის ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე ტოლედოში 589 წელს გააკეთეს ეს დამატება „და ძისაგან“ (filiogve). მიზეზი მდგომარეობდა შემდეგში: ამ კრებაზე გადაწყვიტეს ვესტ-გუთების მოქცევა არიანული წვალებიდან მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე. რადგანაც არიანული მწვალებლობის მთავარი სწავლება, არ იზიარებს წმიდა მამისა და ძის თანასწორობას, ესპანელმა ღვთისმეტყველებმა გადაწყვიტეს დაემატებინათ „და ძისაგან“, რათა მამა და ძე თანასწორი ყოფილიყვნენ სული წმიდის მიმართ, რითაც მეორე მწვალებლობაში ჩავარდნენ. რომის პაპმა ლეონ III-მა არ მიიღო ეს დამატება მიუხედავად იმპერატორ კარლოს დიდის მოთხოვნისა. მან გააკეთებინა ორი ვერცხლის დაფა, რომლებზეც ბერძნულ და ლათინურ ენებზე იყო დაწერილი მართლმადიდებლური მრწამსი. ეს დაფები ლეონ III-მ წმიდა პეტრეს ტაძარში დაადებინა, რათა დაემოწმებინა რომის ეკლესიის ერთგულება მართალი სარწმუნოებისადმი – მართლმადიდებლობისადმი. შემდგომში რომის ეკლესია მწვალებლობისაკენ გადაიხარა და 1014 წელს პაპმა ბენედიქტე VIII დამატება „და ძისაგან“ შეატანინა სარწმუნოების სიმბოლოში, რაც ეწინააღმდეგება მსოფლიო ეკესიის სწავლებას. დასავლეთში მიღებულია შეხედულება დოგმატების განვითარების შესახებ, რის შედეგადაც იგონებენ და აცხადებენ მსოფლიო ეკლესიისათვის უცნობ ახალ დოგმატებს, ამით კი მრავლდება მწვალებლობა.

კითხვა: ზემოთქმულის საფუძველზე რა შეიძლება ითქვას სული წმიდის გამომავლობის კათოლიკეებისეული სწავლების შესახებ?

მიგება: ეს სწავლება ახლადგამოგონილია, ეწინააღმდეგება წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემას და ამიტომ ერეტიკულია – მწვალებლურია. მრავალი წმიდა მამა წერდა სული წმიდის გამომავლობის შესახებ. მსოფლიო ეკლესიისგან დასავლეთის გამოყოფის შემდეგ 1054 წელს, ამ დამატების შესახებ წერდნენ წმიდა გრიგოლ პალამა – თესალონიკის მთავარეპისკოპოსი („სული წმიდის გამომავლობის შესახებ მხოლოდ მამისაგან“) წმიდა მარკოზ ევგენიკოსი – ეფესოს ეპისკოპოსი („საუბარი ბერძენსა და ლათინებს შორის სარწმუნოების სიმბოლოზე დამატების შესახებ“).

ცნობილია, რომ იმპერატორ მიქაელ პალეოლოგის ზეობისას (1260-1281 წლები) კათოლიკე ჯვაროსნებმა დაიპყრეს ათონის მთა. ლათინური მწვალებლობის მხილებისათვის მათ სასტიკად დაარბიეს ივერიის მონასტერი, ნაწილი ქართველი ბერებისა დახოცეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს. მათ ხსენებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 13 მაისს აღასრულებს.

აღსანიშნავია, რომ საეკლესიო კანონიების მიხედვით (მოციქულთა 7, მეექვსე მსოფლიო კრებების 9) ეკლესიაში კატეგორიულად აკრძალულია ძალისმიერი ზემოქმედების გამოყენება. მკვლელობა (თუნდაც უნებლიე) ადამიანს განაყენებს მღვდლობის მადლისაგან (წმიდა გრიგოლ ნოსელის მე-5 კანონი). ამიტომაც თავის დროზე კონსტანტინეპოლის პატრიარქი მიქაელ კერულარიოსი წერდა ლათინური სასულიერო პირების მიერ იარაღის ტარებისა და ხმარების წინააღმდეგ. მართლმადიდებლობიდან განდგომის შემდეგ, პაპები ყურადღებას არ აქცევდნენ სჯულის კანონს და მწვალებლების წინააღმდეგ ბრძოლაში დაშინების მეთოდს იყენებდნენ. მწვალებელთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა ლატერანის პირველმა კრებამ, რომელიც კათოლიკებს მსოფლიო კრებად მიაჩნიათ (25-ე კანონი 113? წ.) პაპი ინოკეტი II (XIII ს), რომელიც განსაკუთრებით ფართოდ იყენებდა ფიზიკურ ძალას მწვალებლებთან საბრძოლველად, თავის თავს უწოდებს უკვე არა პეტრე მოციქულის მოადგილეს, არამედ თვით ქრისტეს მოადგილეს (vicarius Christi).

* * *

 

თავი IV – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ

კითხვა: მართალი არიან თუ არა კათოლიკები, როცა ამტკიცებენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვას (მსგავსად იესო ქრისტეს ჩასახვისა), საიდანაც ფაქტიურად გამოდის რომ ღვთისმშობელი მარიამი თავისუფალი იყო პირველქმნილი (იგულისხმება ადამისა და ევას მიერ სამოთხეში ჩადენილი ცოდვა, რომელიც მემკვიდრეობით გადმოდის დღემდე მათ შემდგომ თაობებზე და მხოლოდ ნათსლიღებისას ხდება განწმენდა ამ ცოდვისაგან) ცოდვისაგან იესო ქრისტეს მომავალი ღვაწლის გამო?

პასუხი: არა, არ არიან მართალნი. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ჩვენი წინაპარის, ადამის, პირველქმნილი ცოდვა გადადის ყველა ადამიანზე. „ამისთვის, ვითარცა იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდუა სოფლად შემოჰხდა, და ცოდვისა ძალით სიკუდილი მოიწია, რომელთა ყოველთა შეჰსცოდეს“. (რომაელთა 5, 12). ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი წარმოშობილი ადამისაგან ბუნებრივი გზით, იშვება „ცოდვასა შინა“, რადგან წმიდა მოციქული პავლეს სწავლებით, ადამში შესცოდა მთელმა კაცობრიობამ.

კითხვა: არ შეიძლებოდა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამონაკლისი ყოფილიყო?

მიგება: არა, არ შეიძლებოდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგრამ ის ჩაისახა არაჩვეულებრივი გზით – სულისაგან წმიდისა; ქრისტეს შესახებ მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს, რომ – „ღმერთმა ძე თვისი მოავლინა მსგავსად ხორცთა მათ ცოდვისათა“ (რომ. 8,3) ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე კი ასეთი რაიმე წმიდა წერილში არ არის ნათქვამი.

კითხვა: ხომ არ ვამცირებთ ყოვლამდწმიდა ღვთისმშობლის ღვაწლს მისი უბიწოდ ჩასახვის უარყოფით?

მიგება: არა, რადგან ჩვენ თაყვანს-ვსცემთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როგორც უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, მაგრამ ეს დიდება მას ჰქონდა არა ჩასახვიდან, არამედ მას შემდეგ, როცა უბიწოდ მუცლად-იღო და შვა ძე ღვთისა.

კითხვა: საიდან ჩანს ეს?

მიგება: ეს ჩანს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიტყვებიდან, რომელიც წარმოსთქვა მხოლოდ მას შემდეგ, როცა მუცლად იღო იესო ქრისტემ „ამიერითგან (ე. ი. ამ დღიდან) მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“. (ლუკა 1, 48).

კითხვა: თუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჩასახვისას არ იყო თავისუფალი პირველმქნილი ცოდვისაგან, მაშინ როგორ გავიგოთ საღვთისმსახურო წიგნის ეს გამონათქვამები: „ყოვლადქებულსა მუცლადღებასა ღვთისმშობლისა ნათლად ვდღესასწაულეობთ“; „თაყვანი ვსცეთ წმიდასა მუცლადღებასა მისსა“ (9 დეკემბერი ძვ. სტ.);

მიგება: ამ გამონათქვამებში არ არის მითითება, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჩასახვისას თავისუფალი იყო პირველქმნილი ცოდვისაგან. ეს გამონათქვამები წარმოადგენს მოწიწებით განდიდებას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლად-ღებისა, რადგან წმიდა იოაკიმე და ანნა დიდი ხნის მანძილზე უნაყოფონი იყვნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლად-ღება წმიდა ანნას მიერ ღვთის ნებით მოხდა მათი დიდი ხნის მხურვალე ლოცვა-ვედრების შემდეგ.

კითხვა: რითი შეიძლება დავამტკიცოთ ეს ყველაფერი?

მიგება: იმით, რომ ასეთივე გამონათქვამები გამოყენებულია წმიდა იოანე ნათლისმცემელის მუცლად-ღების განდიდებისთვისაც, რომელსაც წმიდა ეკლესია დღესასწაულობს 23 სექტემბერს (ძვ. სტ.) წმიდა იოანე ნათლისმცემელის მუცლადღებას წმიდა ელისაბედის მიერ ეწოდება ყოვად პატიოსანი და ღვთიური.

კითხვა: როდის განჩნდა კათოლიკებთან სწავლება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ?

მიგება: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ დასავლეთში გაჩნდა აზრი XII საუკუნეში. ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ ბერნარდ კრელვოსელი და თომა აქვინელი. 1854 წლის 8 დეკემბერს პაპმა პიუს IX-მ ეს სწავლება დოგმატად გამოაცხადა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1950 წელს პაპმა პიუს XII-მ გამოაცხადა ახალი დოგმატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ზეცად ხორციელი ამაღლების შესახებ. ჩვენ მართლმადიდებლებს გვაქვს წმიდა გარდამოცემა იმის შესახებ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სხეული დაფლვის (დაკრძალვის) შემდეგ, ერთი გადმოცემით, მესამე დღეს, ხოლო მეორე გადმოცემით უფრო მოგვიანებით, ღვთის მიერ სასწაულებრივად ამოღებულ იქნა საფლავიდან და ამაღლებულ იქნა ზეცად; მაგრამ ჩვენ არ აგვყავს ეს გარდამოცემა დოგმატამდე, რადგან პირველი ოთხი საუკუნის წმიდა მამებთან ამგვარი სწავლებაზე არავითარი მინიშნება არ არის; ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ ღვთისმშობლის ხორციელად ამაღლების შესახებ სწავლებას იზიარებდნენ ყველგან და ყოველთვის.

* * *

 

თავი V – წმინდანთა საკმარისზე მეტი დამსახურებებისა და ინდულგენციების შესახებ

კითხვა: რაში მდგომარეობს კათოლიკური სწავლება წმინდათა საკმარისზე მეტი დამსახურებების შესახებ?

მიგება: უპირველეს ყოვლისა ეს სწავლება მდგომარეობს იმაში, რომ ვითომ წმიდანებს ჩადენილი აქვთ იმაზე მეტი კეთილი საქმეები, ვიდრე საჭიროა ცხონებისათვის, ზეციური სასუფეველის დამკვიდრებისათვის; მეორე, ვითომ რომის პაპს აქვს ძალაუფელბა მიანიჭოს ეს ზედმეტი დამსახურებანი იმათ, ვისაც აკლია კეთილი საქმეები.

კითხვა: სწორია თუ არა ეს სწავლება?

მიგება: არა, არ არის სწორი, რადგანაც ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას.

კითხვა: რაში მდგომარეობს ამ სწავლების მქადაგებელი კათოლიკების მთავარი შეცდომა?

მიგება: კათოლიკენი ფიქრობენ, რომ საუკუნო ნეტარება და ზეციური სასუფეველი სათნო ცხოვრებისათვის, ღვთისგან ადამიანებს მიენიჭებათ როგორც კუთვნილი, როგორც ისეთი რამ. რომელიც ადამიანს შეუძლია მოითხოვოს. სინამდვილეში კი ასე არ არის. როგორი წმიდა და მართალიც არ უნდა იყოს ადამიანი, რამდენი კეთილი საქმეც არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული, მაინც არ შეუძლია თქვას, რომ დაიმსახურა ზეციური სასუფეველი. პირიქით, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ მიენიჭა საუკუნო ნეტარება, ეს მოხდა არა მისი დამსახრუებისათვის, არამედ ღვთის აურაცხელი მოწყალებისა გამო. აი, რატომ წერდა წმიდა მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „რამეთუ საგზალი ცოდვილისა სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმერთისა ცხოვრება საუკუნო ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა“ (რომაელთა 6, 23).

კითხვა: რატომ არ შეუძლია ადამიანს მიიღოს საუკუნო ნეტარება როგორც მხოლოდ მის მიერ დამსახურებული რამ?

მიგება: უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ადამიანთა დამსახურებანი, მათი კეთილი საქმეები ზეციურ სასუფეველთან შედარებით საკმაოდ უმნიშვნელოა. (1. კორინთ. 2,9.1; იოან. 3,2), მეორეც, ადამიანი ღვთისთვის სათნოდ ცხოვრობს და კეთილ საქმეებს აკეთებს არამხოლოდ თავისი საკუთარი ძალებით, არამედ უპირველესად ღვთიური მადლის დამხარებით. ეს ჭეშმარიტება დაადასტურა თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ: „დაადგერით თქუენ ჩემთანა და მე თქუენთანა, ვითარცა იგი ნასხლევსა ვერ ხელეწიფების ნაყოფისა გამოსაღებად თავით თვისით, უკეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დადგრეთ ჩემთანა. მე ვარ ვენახი და თქუენ რტონი; რომელი დაადგრეს ჩემთანა და მე მისთანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი; რამეთუ თვინიერ ჩემსა არა რა ძალ-გიძსთ ყოვად არცა ერთი“. (იოანე 15,4,5).

კითხვა: სახარების ასეთი სწავლება მოხსენიებული აქვთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებს?

მიგება: დიახ, წმიდა ირინეოსი, ლიონის ეპისკოპოსი (II საუკუნე) წერს; „როგორც მოურწყავი, მშრალი მიწა არ გამოიღებს ნაყოფს, ასევე ჩვენ ვერ გამოვიღებთ სათნო ცხოვრების ნაყოფს ზეგარდამო მადლიანი წვიმის გარეშე. ამიტომაც აუცილებელია ჩვენთივს ღვთის შეწევნა (როგორც ბიბლიური სამთა ყრმათათვის, რომლებიც გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს – აუცილებელი იყო ღვთის შეწევნა, ღვთიური ცვარი), რათა არ დავიწვათ და არ გავხდეთ უანყოფონი“.

წმიდა იოანე ოქროპირი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი (IV-V ს.) წერს: „დავარწმუნოთ ჩვენი თავი იმაში, რომ ათასჯერ რომ ვეცადოთ, ვერ შევძლებთ ღვთისთვის სათნო საქმეების კეთებას, ზეგარდმო მოწოდების გარეშე“.

ნეტარი ავგუსტინე, ჰიპონიის ეპისკოპოსი (IV-V ს) წერს: „როგორც ხორციელ თვალს არ შეუძლია რაიმეს დანახვა სინათლის გარეშე, ასევე ყოვლად მართალი ადამიანი ვერ იცხოვრებს ღვთისთვის სათნოდ, ჭეშმარიტების ნათლით ზეგარდამო დახმარების გარეშე“.

კითხვა: ამიტომ როგორ უნდა შეხედონ ადამიანებმა თავიანთ კეთილ საქმეებს?

მიგება: სახარებაში წერია: „ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა: ჰსთქუათ ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად ვჰყავთ“. (ლუკა 17, 10).

კითხვა: არის თუ არა სახარებაში მითითება იმის შესახებ, რომ ზეციური სასუფეველი მიენიჭება ადამიანს არა კითილი საქმეების გარკვეული რაოდენობისათვის, არამედ ძირითადად ღვთის მოწყალებით?

მიგება: არის. ვენახში მომუშავე მონათა შესახებ იგავში მოთხრობილია, რომ მონები მუშაობდნენ სხვადასხვა დროის განმავლობაში, მაგრამ ღვთის მოწყალებით ერთნაირი სასყიდელი მიიღეს (მათე, 201, 15). ეს იმას მოწმობს, რომ ზეციური სასუფეველი მოიპოვება ადამიანის მიერ, არა გარკვეული რაოდენობის კეთილი საქმეებით, როგორც რაიმე კუთვნილი, არამედ უფალი ღმერთის გამოუთქმელი მოწყალებით.

კითხვა: სახარების რომელი ადგილიდან ჩანს, რომ წმინდანთა დამსახურებებს არ შეუძლიათ შეავსონ ჩვენი ნაკლოვანებანი?

მიგება: ეს ჩანს იგავიდან ათ ქალწულზე: „ხოლო სულელნი იგი (ქალწულნი) ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენი დაჰშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუ უკუე ვერ კმაგუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროსღა წავედით სავაჭროთ, და იყიდეთ თავისა თქუენისა“ (მათე. 25,8,9).

კითხვა: რა არის ინდულგენცია?

მიგება: სწავლება ინდულგენციების შესახებ მჭიდროდ არის დაკავშირებული ორ მცდარ კათოლიკურ სწავლებასთან: „ცოდვებისათვის ღვთის დაკმაყოფილების“ შესახებ და ე. წ. „სალხინებელის“ შესახებ. განვიხილოთ ისინი: სწავლების – „ცოდვებისათვის ღვთის დაკმაყოფილების შესახებ“ – ავტორია ლათინი არქიეპისკოპოსი ანსელმ კეტნერბეირელი (1033-1109 წ.). მან შემოიტანა ტერმინი „დაკმაყოფილება“ (სატისფაქცია). ანსელმი ყურადღებას ამახვილებს არა იმაზე, თუ რა ზნეობრივი ზიანი მოაქვს ცოდვას ადამიანისათვის, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა „აუნაზღაუროს“ „დააკმაყოფილოს“ ადამიანმა ღმერთი შეურაცხყოფისათვის რათა არ დაისაჯოს. ანსელმის შეხედულებით ცოდვის ჩადენა ნიშნავს წაართვა ღმერთს ის, რაც მას ეკუთვნის. ცოდვილმა უნდა დაუბრუნოს ღმერთს ის, რაც წაართვა, და დაუბრუნოს ზედმეტადაც, რათა „აღდგეს ღმერთის ღირსება“. ცოდვა არ შეიძლება შენდობილ იქნას ღვთის მოწყალებით ამ „ღირსების აღდგენის“ გარეშე. ცოდვების შენდობა სასჯელის გარეშე ნიშნავს წესრიგისა და კანონიერების არ არსებობას. ანსელმ კენტერბერიელი ადამიანისა და ღვთის ურთიერთობას ხედავს, როგორც შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის ურთიერთობას. იმისათვის, რათა მიიღოს საუკუნო ნეტარება, ადამიანი ვალდებულია ან არ ჩაიდინოს ცოდვები ან „აუნაზღაუროს“ ღმერთს ჩადენილი ცოდვებით მიყენებული ზიანი, „დააკმაყოფილოს“ ღმერთი ჩადენილი ცოდვებისათვის. (მართლმადიდებლობისათვის უცხოა ასეთი ალტერნატივა „ან-ან“ – ადამიანს მოეთოხვება ერთი რამ – სიწმინდე, არა იმიტომ, რომ ცოდვებით ადამიანი შეურაცხყოფს ღვთის ღირსებას, არამედ იმიტომ, რომ ბილწავს თავის თავს). კათოლიკური სწავლებით სასჯელისა ან „დაკმაყოფილების“ „ანაზღაურების“ (სატისფაქციის) მიღების გარეშე ღმერთს არ შეუძლია შეუნდოს მონანულს ცოდვები. „სასაცილოა მივაწეროთ ღმერთს ასეთი მოწყალება“ – წერს ანსელმ კენტერბერიელი – „შენდობა შესაძლებელია მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ვალი იქნება გადახდილი ცოდვის სიმძიმის მიხედვით“. როგორ უნდა „დააკმაყოფილოს“ ღმერთი ადამიანმა თავისი ცოდვებისათვის? როგორ უნდა „აუნაზღაუროს“ მისი ღირსებისთვის მიყენებული ზიანი? კათოლიკური სწავლების მიხედვით უფალი იესო ქრისტეს მსხვერპლი ყოველთვის არ ათავისუფლებს აღიარებული ცოდვებისათვის სასჯელისაგან. (ტრიდენტის კრება. სეხია XIV, კანონი 12). აღსარების საიდუმლოში ცოდვილი თავისუფლდება მარადიული სასჯელისაგან, ხოლო დროებითი სასჯელი მან უნდა მიიღოს ე.წ. „სალხინებელში“ ან უნდა „დააკმაყოფილოს“ ღმერთი ჩადენილი ცოდვებისათვის. ასეთი „დაკმაყოფილების“ ხერხებია: საეკლესიო სასჯელები, ლოცვა, მარხვა, მოწყალების გაცემა, სხვა კეთილი საქმეები (ტრიდენტის კრება. სესია XIV კანონო 13). აღსანიშნავია, რომ ლოცვა ე.ი. საუბარი უფალთან, აქ „დაკმაყოფილების“ საშუალებად, სასჯელად არის მიჩნეული.

„ჩადენილი ცოდვებისათვის ღმერთის დაკმაყოფილების“ შესახებ კათოლიკურ სწავლებას საფუძვლად უდევს ადამიანური წარმოდგენა ღვთიური სამართლიანობის შესახებ. კათოლიკეების აზრით ეს „დაკმაყოფილება“ არის „ღმერთის ინტერესების დასაცავი“ საშუალება. სინამდვილეში უფალს და მის სამართლიანობას ასეთი განსაზღვრებები არ მიესადაგება. ყოვლადმოწყალე უფალი „არ იცავს თავის ინტერესებს“, არ მოითხოვს სინანულში მყოფი ცოდვილისაგან რაღაც „კომპენსაციას“. ბიბლიაში „იობის წიგნი“ არის უარყოფა ღვთის სამართლიანობის შესახებ ადამიანური წარმოდგენისა. დაბრუნებული უძღები შვილისაგან მამამ არ მოითხოვა არავითარი „დაკმაყოფილება“. „თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს, სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს არ მოკვდება. არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს (იეზეკიელ წინასწარმეტყველი 18,21, 22).

კათოლიკები „სალხინებელს“ უწოდებენ იმქვენყად დროებითი ტანჯვის ადგილს. კათოლიკური შეხედულებით „სალხინებელში“ ხდება არა იმდენად ცოდვებისაგან განწმედა, არამედ ცოდვებისთვის ღმერთისთვის ვალის გადახდა. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ არსებობს, მხოლოდ სამოთხე და ჯოჯოხეთი. კათოლიკებს თავისი სწავლების დასამტკიცებლად მოყავთ მაგალითი ძველი აღთქმიდან, როდესაც იუდა მაკაბელი და მისი თანამებრძოლები ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთს ომში დაღუპული მეომრებისათვის, მაგრამ აქ არსად არ არის მინიშნებული „სალხინებელის“ არსებობის შესახებ. აგრეთვე არანაირად არ გულისხმობს „სალხინებელს“ წმიდა მოციქული პავლე, როდესაც ლაპარაკობს ადამიანების კეთილი და ბოროტი საქმეების ცეცხლით გამოცდის შესახებ (I კორინთელთა 3, 12-15).

კათოლიკური სწავლებით, თუ მიწიერ ცხოვრებაში ადამიანი ვერ „დააკმაყოფილებს“ ღმერთს ჩადენილი ცოდვებისათვის, იგი მიიღებს (მეორე მაკაბელთა 12, 39-45) სატანჯველს ე.წ. „სალხინებელში“. ამ სატანჯველისაგან გათავისუფლება შესაძლებელია ინდულგენციების საშუალებით. სიტყვა ინდულგენცია ნიშნავს – შეღავათს. კათოლიკურ სამყაროში ინდულგენცია ეწოდება ღვთის წინაშე აღსარებაში შენდობილი შეცოდებებისთვის დროებითი სასჯელისაგან გათავისუფლებას (რადგან კათოლიკური სწავლებით ცოდვის შენდობა არ გულისხმობს სასჯელისაგან მთლიანად გათავისუფლებას. ე.წ. „დაკმაყოფილების“ (სტისფაქციის) გარეშე. გამოთქმა „ღვთის წინაშე“, ნიშნავს, რომ ინდულგენცია ათავისუფლებს სატანჯველისაგან „სალხინებელში“. „დაკმაყოფილებად“ კი ადამიანს ეთვლება გარკვეული რაოდენობა დამსახურებებისა, კეთილი საქმეებისა, რომლებიც წმინდანებმა საკმარისზე მეტი გააკეთეს. აი, ასეთია კათოლიკური სწავლება. პირველი ინდულგენცია მისცა პაპმა ურბან II-მა 1095 წელს პირველ ჯვაროსნულ ომში მონაწილე რაინდებს. პირველი ინდულგენცია გარდაცვლილისათვის დააწესა პაპმა კალლისტე III-მ 1457 წ. პირველად ინდულგენციის მიღებისათვის აუცილებელი პირობა იყო ჯვაროსნულ ომში მონაწილეობა, ხოლო შემდეგ უბრალოდ მათი გაყიდვა დაიწყეს. ინდულგენიცები დღესაც არსებობს კათოლიკეთა პრაქტიკაში.

კითხვა: ზემოთქმულიდან გამომდინარე რა შეიძლება ითქვას ამ სწავლებათა შესახებ?

მიგება: ეს სწავლებები კათოლიკეებისა ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას და ამიტომ მწვალებლურია.

* * *

 

თავი VI – ჩვილ ბავშვთა წმიდა მირონცხების უარყოფის შესახებ

კითხვა: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკეები, რომდესაც ჩვილ ბავშვებს წმიდა მირონს სცხებენ არა უშუალოდ წმიდა ნათლისღების შემდეგ, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ?

მიგება: არა, არ იქცევიან სწორედ. წმიდა ეკლესია მოციქულთა დროიდან ინახავს ტრადიციას ჩვილ ბავშვთა მირონცხებისა, იმწამსვე ნათლისღების შემდეგ.

კითხვა: როგორ ასწავლიდნენ ამის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამები?

მიგება: წმიდა კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი (III ს.) წერდა: „ნათელღებულისათვის აუცილებელია აგრეთვე მირონცხება, რათა (მიიღებს რა ქარიზმას ე.ი. ცხებას) გახდეს ზეგარდამოცხებული და ჰქონდეს ქრისტეს მადლი“. ლაოდიკიის საეკლესიო კრების (IV ს.) დადგენილება: „ჯერ არს წმიდა ნათლისღებით განათლებულმა აგრეთვე იცხოს ზეციური ცხებით, რათა გახდეს ღვთის სასუფევლის თანაზიარი“ (კანონი 48).

კითხვა: რატომ არის საჭირო ჩვილ ბავშვთა მონათვლის შემდეგ იმწამსვე მირონცხება?

მიგება: წმიდა მირონცხების დროს, ადამიანს მიენიჭება ღვთიური ძალები, რომლებიც აღზრდიან და განამტკიცებენ მას სულიერ ცხოვრებაში. ბუნებირვია, რომ ეს ძალები განსაკუთრებით აუცილებელია იმ ადამიანისათვის, რომელიც ახლად იწყებს ახალ (სულიერ) ცხოვრებას და საჭიროებს დახმარებასა და განტკიცებას.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერდა: „თუ გარეშემოიზღუდავ საკუთარ თავს ბეჭდით (წმიდა მირონცხებისა), საუკეთესო და ჭეშმარიტი საშუალებით უსაფრთხოს გახდი შენს მომავალს, აღნიშნავ რა სულსა და სხეულს მირონცხებით და წმიდა სულით, როგორც ისრაელელებმა გადაარჩინეს პირველშობილი შვილები კარებზე სისხლის ნიშნით (გამოსვლათა 12, 1-14).

კითხვა: შეიძლება წარმატებას მივაღწიოთ სულიერ ცხოვრებაში თუ არ გვექნება წმიდა მირონცხების ბეჭედი?

მიგება: არა, არ შეიძლება. როგორც მოგვითხრობს წიგნი „საქმე მოციქულთა“, „ესმა რა უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალიმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუა ღმერთისა, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოანე. რომელნი იგი, ვითარცა მივიდეს. ლოცვა-ჰყუეს მათთვის, რათა მიიღონ სული წმიდა. რამეთუ მანამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნული სული წმიდა, გარნა ბანილ ხოლო იყუნეს სახელითა უფლისა იესოსითა (საქმე მოციქულთა 8, 14-16).

კითხვა: ყოველთვის ჰქონდათ კათოლიკეებს ეს ჩვეულებაარ ეცხოთ ჩვილ ბავშვებისათვის წმიდა მირონი იმწამსვე ნათლისღების შემდეგ?

მიგება: არა, თავიდან კათოლიკენი ისევე როგორც მართლმადიდებლები იმწამსვე ნათლისღების შემდეგ ასრულებდნენ წმიდა მირონცხებას ჩვილ ბავშვებზე.

კითხვა: რა მიზეზით უარყვეს კათოლიკეებმა ეს უძველესი ტრადიცია?

მიგება: ლათინი ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, რომ ჩვილი ბავშვების მირონცხება უნდა მოხდეს მაშინ, როცა ისინი შეგნებულ ასაკს მიაღწევენ.

კითხვა: სამართლიანია ეს მტკიცება?

მიგება: არა, არ არის სამართლიანი. მაშინ ამ საფუძველზე ბავშვთა ნათლისღებაც შეგნებულ ასაკამდე უნდა გადავდოთ, მაგრამ ამას კათოლიკეები არ აკეთებენ.

კითხვა: რა შეიძლება ითქვას კათოლიკეების ჩვეულებაზე. გადადონ ჩვილ ბავშვთა წმიდა მირონცხება შეგნებული ასაკის მიღწევამდე?

მიგება: ეს ჩვეულება არაკანონიერია, რადგან ეწინააღმდეგება ძველ საეკლესიო გარდამოცემასა და სჯულის კანონს. კერძოდ ლაოდიკიის საეკლესიო კრების 48-ე კანონს.

* * *

 

თავი VII – ჩვილი ბავშვების უზიარებლობის შესახებ

კითხვა: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკეები, როდესაც ბავშვებს არ აზიარებენ გარკვეულ ასაკამდე?

მიგება: არა, არ იქცევიან სწორად, რადგან ზიარების აკრძალვით კათოლიკეები საუკუნო ცხოვრების მიღების საშუალებას უსპობენ ჩვილ ბავშვებს. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თქვა: „ამინ, გეტყვი თქუენ: უკეთუ არა ჰსჭამოთ ხორცი ძისა კაცისა, და ჰსუათ სისიხლი მისი, არა გაქუდეს ცხოვრება თავთა შორის თქუენთა“ (იოანე 6,53).

კითხვა: იქნებ მაცხოვრის ეს სიტყვები ჩვილ ბავშვებს არ შეეხება?

მიგება: თუ მაცხოვრის ეს სიტყვები ჩვილ ბავშვებს არ ეხებოდა, მაშინ ძველი ეკლესია, რომელსაც თვით მოციქულები და მათი მოწაფენი მართავდნენ, არ იხელმძღვანელებდა მათით. ძველ ეკლესიაში ყოველთვის აზიარებდნენ ჩვილ ბავშვებს, დასავლეთშიც მთელი თორმეტი საუკუნის მანძილზე არსებობდა ეს ჩვეულება.

კითხვა: რატომ შეცვალეს კათოლიკეება ეს ტრადიცია?

მიგება: ისინი ამბობენ, რომ ჩვილ ბავშვებს არ აქვთ შეგნებული რწმენა და ამიტომ არ შეიძლება მათი ზიარება.

კითხვა: შეიძლება თუ არა ამ მიზეზით ჩვილების უზიარებელყოფა.

მიგება: არა, არ შეიძლება, რადგან ჩვილნი ეზიარებიან მათი მომყვანების რწმენით.

კითხვა: განა მომყვანების რწმენას უფალი ჩაუთვლის ბავშვს?

მიგება: ჩაუთვლის. წმიდა სახარებაში მოთხრობილია, რომ უფალმა განკურნა ავადმყოფი მისი მომყვანების რწმენით: „და იხილა იესო სარწმუნოებაი მათი, და ჰრქუა განრღუეულსა მას შვილო მიგეტევნენ შენ ცოდუანი შენნი“ (მარკოზი 2,5).

კითხვა: თუ ასეა, რა შეიძლება ითქვას კათოლიკეების ჩვეულებაზე ჩვილი ბავშვების უზიარებლობის შესახებ?

მიგება: ამ ჩვეულებას არ აქვს არავითარი საფუძველი, ეწინააღმდეგება საეკლესიო გარდმოცემას და ამიტომ უკანონოა.

* * *

 

თავი VIII – უარის თქმა საეროთათვის ქრისტეს წმიდა სისხლით ზიარებაზე

კითხვა: რამდენად მართებულია კათოლიკეთა საქციელი, როცა საეროთაგანს არ აზიარებენ ქრისტეს სისხლს?

მიგება: რა თქმა უნდა, არ არის მართებული ასეთი საქციელი, ზიარებისას უნდა ვბაძავდეთ მაცხოვარს, რადგან თვით უფალი მოგვიწოდებს: „ამას ჰყოფდით, მოსახსენებელად ჩემდა“ (ლკ. 22,19); სახარებიდან ვხედავთ, რომ ქრისტემ აზიარა მოციქულები არა მხოლოდ ხორცით, არამედ სისხლითაც: „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაი თავთა შორის თქუენთა, ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი და მე აღვადგინო იგი უკანაისკნელსა მას დღესა (იოანე. 6. 53-54).

კითხვა: კათოლიკეები ამბობენ, როდესაც ვეზიარებით ქრისტეს ხორცს, თავისთავად სისხლსაც ვეზიარებით, რადგან სადაც ხორცია, იქ სისხლიც არისო, რამდენად მართალია მათი მსჯელობა?

მიგება: ასე ხდება მხოლოდ ნამდვილ სხეულში, მაგრამ ზიარებისას ქრისტეს სისხლსა და ხორცს ჩვენ ვღებულობთ ღვინისა და პურის სახით. ასე დაადგინა თვით მაცხოვარმა საიდუმლო სერობის ჟამს, როცა ცალ-ცალკე მისცა მოციქულებს ხორცი თვისი და სისხლი თვისი და ამიტომაც ორივეს ღებულობენ ზიარებისას კათოლიკე მღვდლები.

კითხვა: როგორ არის სახარებაში ნათქვამი ამის შესახებ?

მიგება: „მოიღო იესო პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და რჰქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი და მიიღო სასმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა (მ. 26, 26-28).

კითხვა: თუ თვითონ მაცხოვარმა აზიარა მოციქულნი ხორცითა და სისხლით, მაშ კათოლიკეები რატომ არ მალავენ მას?

მიგება: ისინი ამბობენ, რომ მაცხოვრის მიერ მოციქულთა ზიარება არ ეხებათ საეროთ, არამედ მხოლოდ სამღვდელოებას, როგორც მოციქულთა მემკივდრეებს.

კითხვა: ასეა ნამდვილად?

მიგება: არა. მოციქულთა ზიარების მაგალითს უნდა მიჰყვებოდნენ არა მხოლოდ სამღვდელონი, არამედ საერონიც და საერთოდ ყველა ქრისტიანი. წმ. მოც. პავლე ბრძანებს: „რავდენ გზისაც სჭამდეთ პრუსა ამას და ჰსუმიდეთ სასმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მოუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს“. (1 კორ. 11,26).

კითხვა: არასდროს არ აზიარებდნენ საერო ხალხს კათოლიკურ ეკლესიაში ქრისტეს სისხლით?

მიგება: როგორ არა; კათოლიკურ ეკლესიაში ისევე ხდებოდა ზიარება, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში XV საუკუნემდე და მხოლოდ ამ პერიოდიდან იკრძალებოდა ეს რომაულ ეკლესიაში.

კითხვა: როგორ უნდა შევაფასოთ კათოლიკეთა ეს ჩვეულება?

მიგება: როგორც თვითნებური და წინააღმდეგი მაცხოვრისა და მოციქულთა სწავლებისა და საეკლესიო გარდამოცემისა.

* * *

 

თავი IX – წმ. ზიარებაში ხმიადის ხმარების შესახებ

კითხვა: რამდენად სწორია კათოლიკეთა საქციელი, როცა წმ. ზიარებაში იყენებენ არა გაფუებულ პურს, არამედ გაუფუარს (ხმიადს)?

მიგება: არ იქცევიან სწორად; ზიარების შესახებ მაცხოვარი როცა ბრძანებს: „ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლკ. 22, 19), იგულისხმება რომ მაცხოვარმა მოციქულები აზიარა გაფუებული პურით და არა ხმიადით.

კითხვა: საიდან ჩანს ეს?

მიგება: ეს ჩანს სახარებიდან, სადაც ნათქვამია, რომ მაცხოვარმა აღასრულა საიდუმლო სერობა ჰასექის დღესასწაულის წინ, ანუ როცა ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ ხმიადს (იოანე 13,1).

კითხვა: სახარების რა ადგილებიდან ჩანს, რომ მაცხოვრის მიერ საიდუმლო სერობის დაწესების დღეს ჯერ კიდევ არ ჭამდნენ ხმიადს?

მიგება: საიდუმლო სერობაზე, ზიარების დაწესების შემდგომ, უფალი ეუბნება იუდას: „…რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე“. ამის შესახებ მოციქულებმა იფიქრეს, რომ უფალი თითქოს იმიტომ ეუბნება იუდას ამ სიტყვებს, რომ მოახლოებულია დღესასწაული და მასთან დაკავშირებით იყიდონ რამე. (იოანე 13, 27-29). ე.ი. პასექის დღესასწაული ჯერ კიდევ არ იყო. და რაკი ეს ასეა, მაშინ ხმიადი ჯერ არ იყო ხმარებაში და კიდევ: როცა მეორე დღეს ფარისეველმა და მწიგნობრებმა პილატეს მიჰგვარეს იესო, ისინი არ შევიდნენ პილატეს სასახლეში, რათა არ შებილწულიყვნენ, არამედ შეძლებოდათ პასექის ჭამა (იოანე 18,28). აქედან ჩანს, რომ ზიარების საიდუმლოს დაწესების დღეს ებრაელნი არ ჭამდნენ ჯერ კიდევ ხმიადს (უცომოს).

კითხვა: თუ საიდუმლო სერობაზე მაცხოვარს უხმარია ხმიადი, როგორ გავიგოთ სახარებისეული სიტყვები: „ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა“, ან კიდევმოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი“ (ლკ. 22,7)?

მიგება: წმ. ი. ოქროპირი ამგვარად განმარტავს ამ სიტყვებს: უცომობის პირველ დღეს მახარებელი უწოდებს დღეს, რომელიც წინ უძღოდა უცომოების დღესასწაულს, „მოიწინეს“ იმას გვამცნობს, რასაც წმ. ი. ოქროპირი განმარტავს.

კითხვა: თუ მაცხოვარმა მის მოწაფეებთან ერთად საიდუმლო სერობაზე მოიღო გაფუებულიჩვეულებრივი პური, მაშინ რომელი პასექის შესახებ საუბრობს მოციქულებთან: „გულის სიტყვით გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა“ (ლკ. 22,15).

მიგება: პასექი, რომლის ჭამაც მაცხოვარს სურდა თავის მოციქულებთან ერთად, ვიდრე აღესრულებოდა მისი ჯვარცა, რა თქმა უნდა, არის ახალი აღთქმის პასექი, რომელიც შეადგენს მაცხოვრის ხორცს და სისხლს.

კითხვა: ყოველთვის ხმიადით ხდებოდა კათოლიკეებთან ხალხის ზიარება?

მიგება: რა თქმა უნდა, არა. თავდაპირველად კათოლიკეები იმგვარად იღებდნენ წმ. ზიარებას, როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ შემდგომში თანდათან დაუტევეს ეს კეთილი წესი და აღასრულებდნენ ზიარებას ხმიადით, რითაც საეკლესიო გარდამოცემა ფაქტიურად უარყვეს და მაცხოვრის მიერ დაწესებული საიდუმლოს საწინააღმდგო წესი დაამკვიდრეს.

* * *

 

თავი X – შაბათის მარხვის შესახებ

კითხვა: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკენი, როცა შაბათს მარხულობენ?

მიგება: არ იქცევიან სწორად, რადგან წმინდა მოციქულთა 64-ე კანონი ამბობს: „თუ ვინმე სასულიერო პირთაგანი მარხვას შეინახავს კვირას ან შაბათს, გარდა ერთი დღისა (იგულისხმება დიდი შაბათი), განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს

კითხვა: მიუქცევია თუ არა ყურადღება კათოლიკეთა ამ უკანონო საქციელისათვის ეკლესიას, და თუ მიუქცევია, რაში გამოიხატა ეს ყურადღება?

მიგება: მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებამ 55 კანონით დაადგინა, რომ რომის ეკლესიამაც დაიცვას და აღასრულოს წმ. მოციქულთა 64-ე კანონი შაბათის მარხვის აკრძალვის თაობაზედ. „გავიგეთ რომ ქალაქ რომის მკვიდრნი დიდი ორმოცის წმინდა მარხვის დროს მარხვას იცავენ შაბათობითაც საეკლესიო განწესების წინააღმდეგ. წმ. კრება დაადგენს, რომ რომის ეკლესიამაც შეუცვლელად დაიცვას ეს კანონი (64-ე კანონი მოციქულთა) რომელიც ბრძანებს, რომ თუ სასულიერო პირმა დაიცვას მარხვა კვირას ან შაბათ დღეს, გარდა დიდი შაბათისა, განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებელი იყოს“.

შესაბამისად ზემოთ მოყვანილისა, შაბათის მარხვით კათოლიკეები არღვევენ წმიდა მოციქულთა და ეკლესიის მამათა კანონებს.

* * *

 

თავი XI – ორღანის შესახებ

კითხვა: გამართლებულია თუ არა კათოლიკეთა მიერ ღვთისმსახურებისას ორღანის გამოყენება?

მიგება: არა, არ არის სწორი, რადგან ეს არის ძველი აღთქმისეული ჩვეულება, რომელმაც დაკარგა აზრი ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში.

კითხვა: რატომ არ შეიძლება ქრისტიანული ღვთისმსახურებისას საორღანო მუსიკის გამოყენება?

მიგება: იმიტომ, რომ ქრისტიანები თაყვანს უნდა სცემდნენ ღმერთს „სულითა ჭეშმარიტებითა“ (იოანე 4,24), ანუ ლოცვაში უნდა ამაღლდეს ადამიანი; ეს კი შეუძლებელია თუ ლოცვა სრულდება არა ადამიანის მიერ, არამედ უსულო საგნის მიერ.

* * *

 

დასკვნა

კითხვა: ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა დამოკიდებულება კათოლიკეებთან, შეიძლება თუ არა მათს ტაძრებში ლოცვა, მათთან ერთად ლოცვა, რელიგიურ დღესასწაულთა აღნიშვნა მათთან ერთად?

მიგება: კათოლიკეები მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოკვეთილნი არიან, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების დამამახინჯებელნი და ეკლესიაში მთელი რიგი ერეტიკული (მწვალებლური) სწავლებისა და საეკლესიო გარდამოცემის საწინააღმდეგო წეს-ჩვეულებათა შემომტანნი. ამდენად მართლმადიდებელ ქრისტიანთა დამოკიდებულება კათოლიკეთა მიმართ ისეთივეა, როგორც ერეტიკოსებთან და ეს დამოკიდებულება შემდეგნაირადაა განსაზღვრული ეკლესიის მიერ: „ვინც წარმართთა დღესასწაულზე წარმართებთან ერთად ისამხრებს ამისათვის მიჩენილ ადგილას, ოღონდ თავისი მოტანილის საჭმლით და მათთან ერთად ჭამს, დავადგენთ მათ შეწყნარებას ორი წლის შევრდომის შემდეგ…“ (ანკირიის კრების მე-7 კანონი). წმინდა მოციქულთა 65-ე კანონში ნათქვამია: „თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

„თუ ვინმე ილოცებს უზიარებელთან (განკვეთილთან) ერთად, თუნდაც სახლში, ისიც უზიარებელი უნდა გახდეს“ (მოციქულთა მე-10 კანონი).

კითხვა: კათოლიკეებს ერეტიკოსებად რომ მოვიხსენიებთ, ნუთუ ისინი ქრისტიანად წოდების ღირსნი არ არიან? განა წმინდა წერილი ამის უფლებას გვაძლევს?

მიგება: დიახ. როცა ეკლესია მათ ქრისტიანებადაც კი არ მოიხსენიებს, იცქევა ღვთის სიტყვის თანახმად. „ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (მათე 18,17)

კითხვა: შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანის ქორწინება კათოლიკეზე? მისი (კათოლიკეს) ცოლად მოყვანა ან მასზე გათხოვება?

მიგება: ეკლესიის კანონებით ამგვარი ქორწინება სასტიკად არის აკრძალული. მე-6 მსოფლიო კრების 72-ე კანონი კრძალავს ამგვარ ქორწინებას და მის დარღვევას ბრძანებს: „… თუ მოხდეს ასეთი რამ, ვისგანაც არ უნდა იყოს ოდესმე ჩადენილი უკანონოდ და დაუმტკიცებლად ჩაითვალოს ასეთი ქორწინება და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელთა შეერთება არ შეიძლება, არც ცხვრისა და მგლის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება; ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ეს ჩვენი დადგენილება, უზიარებელ იქნეს“. ერთად-ერთი შემთხვევა, როცა შეიძლება ქორწინება არამართლმადიდებელზე, არის პირობა, რომლის თანახმადაც ერეტიკოსი პირი შეინანებს და ჭეშმარიტების გზას შეუდგება.

კითხვა: როგორ ხდება მიღება მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მონანული კათოლიკეებისა (ანუ მათი, ვისაც სურს მოექცეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზედ)?

მიგება: კათოლიკენი, რომელნიც მობრუნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, თავიდან არ ინათლებიან, რადგან ისინი წმინდა სამების სახელით არიან მონათლულნი, მაგრამ მათზე სრულდება სპეციალური წესი, რომელიც „კურთხევანშია“ მოთავსებული.

კითხვა: როგორი შეიძლება იყოს მართლმადიდებელთა დამოკიდებულება კათოლიკეების მიმართ?

მიგება: უნდა ვილოცოთ მათთვის, ისევე როგორც ნებისმიერ სხვადასხვანაირად მოაზროვნეთათვის და ვევედროთ უფალს, რათა გაუნათლოს მათ გონება, გული და სული, განაშოროს ეშმაკთა საცდურისაგან და ყოველნი ჭეშმარიტებისა გზასა შეცდომილნი მოიყვანოს მშობელი ეკლესიის წიაღში და დაიფაროს მისი (ეკლესიის) კალთის ქვეშ.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial