რატომ ჩამოდის რომის პაპი საქართველოში

რატომ ჩამოდის რომის პაპი საქართველოში

თავდაპირველად, იმათთვის ვინც სარწმუნოების საკითხებში კარგად არ არის გარკვეული, ვიტყვით ვინ არის რომის პაპი.

XI საუკუნეში რომის ადგილობრივი ეკლესია გამოეყო მართლმადიდებელ ეკლესიას და საკუთარ თავს დაარქვა კათოლიკური ეკლესია. კათოლიკებმა პირველი საუკუნეების ეკლესიის სწავლებაში შეიტანეს თავიანთი ცრუ დოგმატები და ჩამოყალიბდნენ, როგორც მწვალებლური საკრებულო. კათოლიკებს ასევე უწოდებენ “პაპისტებს”, ვინაიდან მათი ერთპიროვნული სულიერი და პოლიტიკური მმართველი არის რომის პაპი.

კათოლიკები, რომის პაპის მეთაურობით, ცდილობენ მთელს მსოფლიოში გაავრცელონ თავისი ცრუ სარწმუნოება, ამავე მიზნით ჩამოდის რომის პაპი საქართველოში სექტემბერში. ამის ნათელი დადასტურებაა 1999 წელს იმ დროინდელი რომის პაპის ვიზიტი საქართველოში. ამ ვიზიტის შემდგომ, ვატიკანის საელჩომ დაიწყო ჩვენს მთავრობასთან მოლაპარაკება ხელშეკრულების დადებაზე. მათ უნდოდათ იგივენაირი ხელშეკრულება დაედოთ, როგორიცაა დადებული საქართველოს მთავრობასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ამ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, პაპისტებს უფლება ექნებოდათ საქართველოს ყველა ქალაქში დაედგინათ თავიანთი ეპისკოპოსი, ასევე ყველა ქალაქსა და სოფელში აეშენებინათ ტაძრები, კათოლიკური სასწავლებლები, საბავშვო ბაღები, მოხუცებულთა თავშესაფრები და სხვა დაწესებულებები.

მადლობა ღმერთს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აქტიური ჩარევით ეს ხელშეკრულება არ დაიდო. ეს რომ მომხდარიყო, პაპისტები დიდი ფულადი რესურსებით ბევრ მართლმადიდებელს გადაიბირებდნენ თავიანთ ცრუ სწავლებაზე. თუმცა ხელშეკრულება არ დაიდო, კერძო მოლაპარაკებით მაინც აშენდა კათოლიკური ტაძრები და გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულებები.

დღესდღეისობით საქართველოს ბევრ სოფელში მართლმადიდებლებს აქვთ სურვილი, აღადგინონ სოფლის ძველი ტაძარი ან ააშენონ ახალი, მაგრამ დიდი მატერიალური გაჭირვების გამო ამას ვერ ახერხებენ. კათოლიკების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია ფულადი დახმარებით ხალხის გადაბირება. ეს იქნება ახალგაზრდების გაგზავნა კათოლიკურ სასწავლებლებში, სხვადასხვა სახის მკურნალობის დაფინანსება თუ მოხუცების და გაჭირვებულების დახმარება – იმ მიზნით, რომ მათ კათოლიკობა მიიღონ.

ზოგიერთი სვამს კითხვას: რატომ მოიწვია პატრიარქმა რომის პაპი? სინამდვილეში პაპი მოიწვია მთავრობამ, პატრიარქი კი ფაქტის წინაშე დააყენეს, უწმინდესი ფაქტიურად აიძულეს, რომ დათანხმებულიყო მოწვევაზე.

ძმანო და დანო, ვილოცოთ, ვთხოვოთ ღმერთს, რომ რომის პაპი საქართველოში არ ჩამოვიდეს.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial