კრეტის კრების კრიტიკული შეფასებები

კრეტის კრების კრიტიკული შეფასებები

როგორც ბერძნული პრესა იუწყება, კრეტის კრების დადგენილებებს კვიპროსის, ელადის და სერბეთის ეკლესიების რვა მღვდელმთავარმა არ მოაწერა ხელი, მათ შორის ლიმესოს მიტროპოლიტმა ათანასემ (კვიპროსი), ნავპაკტის მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა (ელადა), ბაჩკის ეპისკოპოსმა ირინეი ბულოვიჩმა (სერბეთი). ლიმესოს მიტროპოლიტი ათანასე წერს: „მსურს ვაცნობო ყველა დაინტერესებულს, რომ სინდისმა არ მომცა უფლება მისი ხელმოწერის. არ მოვაწერე ხელი, რადგან არ ვეთანხმები დოკუმენტის ტექსტს, მისი საბოლოო სახით“ (იგულისხმება დოკუმენტი: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“). მეუფე იეროთეოს ვლახოსმაც ამავე დოკუმენტის ხელმოწერაზე განაცხადა უარი. მისი განცხადებით კრებაზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ელადის ეკლესიის იერარქებზე. „პირადად მე განვიცადე სერიოზული ზეწოლა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩემი პოზიციის გამო. მაცნობეს, რომ ზეწოლას განიცდიდნენ ელადის ეკლესიის სხვა წევრებიც“ – ამბობს მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი. მან აღნიშნა, რომ ტექსტის ბოლო რედაქციას დაერთვის მისი ხელმოწერაც, „როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მე ვიყავი ელადის ეკლესიის დელეგაციის წევრი“. (ანუ, გამოდის, რომ თუ დელეგაციის უმრავლესობა ხელმოწერის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მისი ყველა წევრის ხელმოწერა ავტომატურად დაფიქსირდებოდა).

საბერძნეთის ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა და მონაზონთა კავშირმა“ შეაფასა კრეტის კრების შედეგები. მათ მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში აღნიშნულია, რომ კრეტაზე შემდგარი კრება არ იყო არც წმინდა და არც დიდი, ის „არაა მართლმადიდებლური კრებების გაგრძელება, არამედ წარმოადგენს დამკვიდრებული საეკლესიო პრაქტიკიდან გადახრას და ჯერ არნახულ კანონიკურ სიახლეს“. „კრება ვერ იქმნა წმინდა, რადგან მის მიერ დამტკიცებული ზოგიერთი დოკუმენტი ეწინააღმდეგება წმიდა მოციქულების და წმიდა მამების მიერ სული წმიდის განბრძნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ერეტიკოსთა მიმართ. შეუძლებელია სული წმიდა საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს: ნამდვილად წმიდა კრებებზე ერესებს განიკითხავდეს და ერეტიკოსებს ანათემას უცხადებდეს, ხოლო კრეტის „კრებაზე“ მათ ეკლესიებად აღიარებდეს… კრეტის „კრება“… არ ებრძვის ერესებს, არამედ მათ ეკლესიის სტატუსს ანიჭებს“.

სრულად: martlmadidebloba.ge

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial