საფრთხე იმისა, რომ 2016 წლის ივნისში კ. კრეტაზე დაგეგმილი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება შეიძლება არ შედგეს გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კვალად უკვე ანტიოქიის პატრიარქმაც დააყენა ეჭქვეშ საერთო მართლმადიდებლური კრების ჩატარების მიზანშეწონილობა.
ანტიოქიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავის ოფიციალურ განცხადებაში იმედგაცრუება გამოხატა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ყატარის ეკლესიური იურისდიქციის საკითხის მოგვარება გადატანილ იქნა საერთო მართლმადიდებლური კრების ჩატარების შემდგომი პერიოდისთვის.
ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიაში (რომელიც ყატარში იერუსალიმის ეკლესიის მიერ საეპისკოპოსო კათედრის გახსნის შემდეგ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მწვავე კამათშია იერუსალიმის პატრიარქთან) მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ სიტუაციაში ყველანაირ საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ არსებობს „მართლმადიდებლობის ერთობა“, რომლის დემონსტრირებაც უნდა მოხდეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოწვევით.
ანტიოქიის პატრიარქი (ისევე, როგორც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი) მოელის “მსოფლიო პატრიარქის და და-ეკლესიების მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს“, რომლის წყალობითაც მსოფლიო დაინახავდა მართლმადიდებლური სამყაროს ჭეშმარიტ და არა მოჩვენებით ერთობას, სადაც ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემები კრებაზე მსჯელობის გზით გადაწყდებოდა.
კონსტანტინოპოლის ეკლესიის და მისი წინამძღვრის პოზიცია კითხვის ქვეშ აყენებს ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას საერთო მართლმადიდებლურ კრებაზე.
წყარო: romfea.gr