ლიბერალის გულკეთილობა – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ლიბერალის გულკეთილობა – არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში სალტიკოვ-შჩედრინმა გამოთქვა თითქოს პარადოქსული, მაგრამ ამავე დროს ღრმა და სწორი აზრი: “არ არსებობს ლიბერალზე უფრო მძვინვარე მხეცი”.

დღეს ლიბერალები აღშფოთებულნი არიან: როგორ გაბედეს გაეწბილებინათ ქალები, როცა უთხრეს, რომ აბორტი არის უმწეოს უნამუსო მკვლელობა, დედობრივი გრძნობების შეურაცხყოფა, დედობრივი გრძნობებისა, რომლებიც არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ველურ მხეცებსაც აქვთ; როგორ შეიძლება სიმართლის დაუფარავად თქმა; როგორ გაბედეს ამოვარდნა იმ ,,წესიერი” და ჩვეული სიტყვიერი სიცრუის კალაპოტიდან, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და რომელსაც “კაცთმოყვარეობას” უწოდებენ? ვაითუ, ქალი აბორტის შესახებ დაწერილმა წიგნმა შეძრას, სინანულის ცრემლი დააღვრევინოს და გააწყვეტინოს კიდეც დაპროგრამებულ მკვლელობათა ჯაჭვი? ამას ძნელად გადაიტანს ლიბერალის “კეთილი” გული: სჯობს ბავშვები დაიხოცონ, სამაგიეროდ, ჩვენ და მკვლელებს გუნება არ წაგვიხდება და ჩადენილ ცოდვაზე არ დავფიქრდებით; სჯობს ერთად გავიხაროთ ჩვილთა უსახელო სასაფლაოზე.

ქრისტიანობა ადამიანისაგან ღვაწლს ითხოვს თავგანწირვამდეც კი. ლიბერალიზმი მას სხვა რაიმეს სთავაზობს: არ შებოჭოს გრძნობები და ვნებები, ისწრაფვოდეს ტკბობისა და კომფორტისაკენ, თანაც ყველაზე უფრო დაცემული და ბინძური სახით და თუ ამ საცოდავი ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე ჩასახული ბავშვი დგას – შენივე ბავშვი, მაშინ განგმირე ან ნაკუწებად აქციე იგი.

არ არის ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება, მაგრამ ცოდვა კაცს მხოლოდ სინანულით შეენდობა და თავად სინანული ცოდვასთან ბრძოლის დასაწყისი უნდა გახდეს. მონანულის სულიერი განწყობა ისეთი უნდა იყოს, რომ მას სიკვდილი ერჩივნოს თავისი ცოდვების გამეორებას. მაშინ ცრემლებს შენდობის სიხარული მოაქვს. მოწყინებაში შეიძლება ის ჩავარდეს, ვინც ხედავს თავის ცოდვებს, მაგრამ არ სურს შეეწინააღმდეგოს მათ, ვინც უფსკრულისკენ გახელილი თვალებით მიდის და გაჩერება არ უნდა. ასეთ ადამიანებს სევდა და განწირულობის შეგრძნება ეუფლება. ქრისტიანში სინანულის ტკივილი სასოებასთანაა შეერთებული. ლიბერალებს ეშინიათ გული ატკინონ მკვლელს, რომელმაც საკუთარი შვილები შეჭამა. მაგრამ რატომ არ იბრალებს მათი გული მოკლულ ჩვილებს? მათ არ ესმით ამ ჩვილების უხმო ყვირილი, რომელიც დიდი ხანია დედამიწას აზანზარებს. ლიბერალებს ეშინიათ გული ატკინონ ჩვილების მკვლელს, უფრო სწორედ კი, გააღვიძონ მისი სინდისი, რომელიც მას ტკივილს მიაყენებს. მაგრამ ეს ტკივილი შეიძლება საცხოვნებელი ტკივილი იყოს. ლიბერალებს არ ეცოდებათ აბორტის ჩამდენი ქალის სული და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ის ოდესმე ადამიანის სისხლში გასვრილი წარსდგება ღვთის სამსჯავროს წინაშე. ხატოვნად რომ ვთქვათ, მას ღვთისაკენ მიმავალ გზას მის მიერ მოკლული ბავშვები გადაუღობავენ. ლიბერალებს ამისი ერთი მიზეზის გამო არ ეშინიათ: ისინი გულში ურწმუნონი არიან. მათი “ღვთაება” არის მათივე “მე”, რომელიც მთავრული ასოებითაა დაწერილი; მათი ერთადერთი რელიგია მიწიერი ცხოვრებაა და ერთადერთი ბედნიერება – ხორციელი ტკბობა. ყველაფერი დანარჩენი ლიბერალებისათვის მხოლოდ თამაშია: თამაში სიტყვებით, თამაში იდეებით, თამაში თავად ქრისტიანობით. ლიბერალს მკვლელი თავს რომ დასხმოდა, ის მთელი ხმით დაიძახებდა: ,, მიშველეთ!დაიჭირეთ! დამეხმარეთ!” ხოლო როცა დედა თავის შვილს კლავს, ლიბერალი გულარხეინადაა და ამბობს: ,,ნუ შეაწუხებთ საბრალო ქალს, ნუ იქნებით სასტიკი მის მიმართ. ჩვენ ხომ ფანატიკოსები არა ვართ, რომლებიც შავბნელ შუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ, არამედ ვართ XXI საუკუნის ცივილიზებული ადამიანები”.

ლიბერალების ზრუნვა ადამიანებზე ძალიან უცნაური რამაა. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ადამიანს რკინიგზის ლიანდაგზე დაეძინა. იგი ორმა მგზავრმა იპოვა – ქრისტიანმა და ლიბერალმა. ქრისტიანი ანჯღრევს მძინარე კაცს და ეუბნება: ,, გაიღვიძე, თორემ დაიღუპები!” ლიბერალი მას ეწინააღმდეგება: ,, რატომ აღვიძებ და აწუხებ საბრალო ადამიანს? ნუთუ ვერ ხედავ, რომ იგი დაღლილია? ეძინოს ტკბილად, სანამ თვითონ არ გაიღვიძებს. შენ არ უნდა იძალადო მის თავისუფლებაზე”.

,,იავ-ნანა, ვარდო-ნანა” – ასეთია ლიბერალების პროგრამული “გულკეთილობა”…

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial