დიდმარხვის მეორე შაბათი – მიცვალებულთა მოხსენიების დღე

დიდმარხვის მეორე შაბათი – მიცვალებულთა მოხსენიების დღე

დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე კვირის შაბათი დღეები მიცვალებულთა მოხსენიების დღეებია.

ეკლესიის სწავლებით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული შეწევნას საჭიროებს. მართლმადიდებელი მიცვალებულის სულზე ზრუნვა ხდება საღმრთო ლიტურგიაზე მოხსენიებით, პანაშვიდების გადახდითა და გარდაცვლილის სახელზე მოწყალების გაცემით.

მიცვალებულთა საზოგადო მოხსენიებისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებულია განსაკუთრებული დღეები, როდესაც აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, რომლის დროსაც იხსენიება ყველა მართლმორწმუნე გარდაცვლილი. საზოგადო მოხსენიების დღეებია: ხორციელის შაბათი; დიდი მარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შაბათი; კვირაცხოვლობის – თომას კვირის სამშაბათი; სულიწმინდის შაბათი (სულთმოფენობის დღესასწაულის წინა დღე) და დიმიტრის შაბათი.

+ + +

ერთმა მორწმუნემ ნაირ-ნაირი კერძი მიიტანა ტაძარში, წმინდა მამა გაბრიელს (ურგებაძეს) პანაშვიდის გადახდა სთხოვა მიცვალებულისთვის და მოსახსენებელი მიაწოდა, სადაც წმინდანთა მშობლების სახელები იყო ჩამოწერილი. წმინდა გაბრიელმა გადაიხადა პანაშვიდი, მოიხსენია მიცვალებულნი, თუმცა კი არ იცოდა, ვის იხსენიებდა. მეორე დღეს წმინდა გაბრიელმა უთხრა ამ მორწმუნეს: გოგო, ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენიებინე, წუხელმთელი ღამე წმინდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენო.

+ + +

ერთი მღვდელი ლიტურგიაზე განსაკუთრებული გულმოდგინებით მოიხსენიებდა გარდაცვლილებს. თუკი ვინმე ერთხელ მაინც მიაწვდიდა მოსახსენიებელს, მიცვალებულთა სახელებს ჩუმად ჩაიწერდა თავის აღაპში და ყოველ წირვაზე იხსენიებდა. ამიტომ ლიტურგია ყოველთვის დიდხანს გრძელდებოდა და მრევლი ხშირად ჩიოდა კიდეც ამის გამო. მაგრამ მღვდელს სხვანაირად არ შეეძლო.

და აი, ერთხელ ისეთ ცდომილებაში ჩავარდა, რომ განკვეთაც კი ემუქრებოდა. საქმე მიტროპოლიტ ფილარეტს გადაეცა. როდესაც უწმიდესს რეზოლუციაზე ხელი უნდა მოეწერა, თითებში საშინელი სიმძიმე იგრძნო, წერა ვეღარ შეძლო და საქმე მეორე დღისთვის გადადო.

ღამით კი საოცარი სიზმარი ნახა: სარკმლის წინ უამრავ სხვადასხვა ასაკისა თუ წოდების ადამიანს მოეყარა თავი. მიტროპოლიტს ევედრებოდნენ:

– ჩვენ, განსვენებულთა სულები, თხოვნით მოგევლინეთ: ნუ გაგვწირავთ ტანჯვისათვის, ნუ განკვეთთ მღვდელს, დაგვიტოვეთ ჩვენი სულების საოხად!..

ხილულით შეძრწუნებულმა მიტროპოლიტმა სასწრაფოდ დაიბარა მღვდელი. როცა საუბრისას მიცვალებულთა მოხსენიების მისეული წესის შესახებ შეიტყო, სხვა ტაძარში გადაყვანა აკმარა, მანამდე კი უცნაურ შუამდგომლობაზე უამბო.

 

 
გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial