მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების ორგანიზაციისა და მუშაობის რეგლამენტი
28 იანვარი, 2016 წელი
დოკუმენტი შეთანხმებულია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების შეკრებაზე შამბეზიში (21-28 იანვარი, 2016 წელი) გარდა ანტიოქიის ეკლესიისა
ამ დოკუმენტის მე-14 სტატიაში წერია:
“დამკვირვებლების მონაწილეობა დამკვირვებლები სხვა ქრისტიანული ეკლესიებიდან და კონფესიებიდან, ასევე, ქრისტიანული ორგანიზაციები, ესწრებიან კრების დაწყებას და დამთავრებას სიტყვისა და ხმის უფლების გარეშე”.
თუ კრების გახსნას და დახურვას დაესწრებიან სხვადასხვა სახის მწვალებლები, მაშინ ეს კრება აღარ იქნება წმინდა და დიდი, არამედ იქნება დიდი და სამარცხვინო ეკუმენური შეკრება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოწვეული. ყველა ქვეყნის მართლმადიდებელი მრევლი წინააღმდეგია ამ კრების მოწვევისა. ზოგი მას უკვე უწოდებს ავაზაკთა კრებას, და თუ ამ კრებას დაესწრება ყველა სჯულის მწვალებელი, ეს აზრი კიდევ უფრო განმტკიცდება. მაშინ კრებას არანაირი ავტორიტეტი აღარ ექნება ეკლესიაში და შეიძლება მოხდეს არეულობა და განხეთქილება.
რამდენჯერ ითქვა, რომ ეკლესია ერთია: “მრწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”. ყველა დანარჩენი კონფესიები ეკლესიები კი არა, მტრები არიან ერთიანი ეკლესიისა და მისი თავისა – იესო ქრისტესი. ამ დოკუმენტში და კრების სხვა დოკუმენტებში ისინი ყველგან მოხსენიებული არიან, როგორც ეკლესიები.
ტელევიზია და ჟურნალისტები კრებაზე დაშვებული იქნებიან მხოლოდ მისი გახსნისა და დახურვის დღეებში. ორივეჯერ ყველა ქვეყნის მართლმადიდებლები იხილავენ, თუ როგორ სხედან მართლმადიდებელი პატრიარქები და მღვდელმთავრები კათოლიკებთან, მონოფიზიტებთან, პროტესტანტებთან და სხვა სახის მწვალებლებთან ერთად, რაც მართლმადიდებელი ერისთვის დიდი საცდური იქნება. “არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამოებისასა და უსჯულოთა თანა მე არა შევიდე. მოვიძულე კრებული უკეთურთაჲ და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე” (ფსალმ. 25, 4-5. ცისკარი, მღვდელმთავართა სადიდებელი).
კრება პირველ დღეს იწყება და ბოლო დღეს მთავრდება საღმრთო ლიტურგიით. მართლმადიდებლებმა შეიძლება არც კი მოიწვიონ მწვალებელი დამკვირვებლები წირვაზე, მაგრამ ისინი აუცილებლად თვითონ მოვლენ. თან დადგებიან ისე, რომ კარგად გამოჩნდნენ ტელეეკრანზე, რომ მთელს მსოფლიოს დაანახონ, თითქოს და სრული ერთობა აქვთ მართლმადიდებლებთან. ეს არის მათი მთავარი ეკუმენური მიზანი.
რაც შეეხება მწვალებლებთან ერთად ლოცვას, ამაზე აღარაფერს ვამბობ, ვინაიდან რაც სჯულის კანონში წერია ამის შესახებ, ყველამ კარგად იცის. მწვალებლების წირვაზე დასწრება კიდევ უფრო დიდი საცდური იქნება მართლმადიდებლებისათვის.
მართლმადიდებელი ქრისტიანი
– – –
ფოტოზე: კრეტის სასულიერო აკადემია კოლიმბარში, სადაც დაგეგმილია დიდი და წმინდა კრების ჩატარება 2016 წელს.