„ქურდული“ იდეოლოგია ქრისტიანული თვალთახედვით

„ქურდული“ იდეოლოგია ქრისტიანული თვალთახედვით

„ქურდული“ იდეოლოგია თავისი სახელწოდებით, არსით, ტრადიციებით, ცხოვრების წესით არის სრულიად ანტიქრისტიანული.

„ქურდული“ იდეოლოგიისთვის მისაღებია ადამიანის მოკვლა შურისძიების მიზნით.

ქრისტიანობა კი გვასწავლის – „არა კაც-კლა“.

„ქურდული“ იდეოლოგიისთვის მისაღებია მრუშობა და მამათმავლობა.

ქრისტიანობა კი გვასწავლის – „არა იმრუშო“.

„ქურდული“ იდეოლოგიისთვის მისაღებია მოპარვა.

ქრისტიანობა კი გვასწავლის – „არა იპარო“.

„ქურდული“ იდეოლოგიისთვის მისაღებია შურისძიება, დაჩაგვრა, დაშინება.

ქრისტიანობა კი გვასწავლის მიტევებას, თავმდაბლობას, მტრების სიყვარულს.

„ქურდული“ იდეოლოგიისთვის მიუღებელია შრომა.

ქრისტიანობა კი გვასწავლის – „ვისაც შრომა არ სურს, ნურც ჭამს“.

როდესაც ადამიანი ამბობს: „მე ვარ ქურდული იდეოლოგიის მიმდევარი“, ეს ნიშნავს, რომ მისთვის მისაღებია ყველა ის ცოდვა, რომელიც დაშვებულია „ქურდული“ იდეოლოგიის მიერ. ე.ი. ის არის „ქურდული“ იდეოლოგიის მიმდევართა საზოგადოების წევრი, ამიტომ ის ვერ იქნება ქრისტიანი, თუნდაც რომ საქმით არ ჩადიოდეს ამ ცოდვებს. სიტყვიერ აღიარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ განისაზღვროს, ქრისტიანია თუ არა ადამიანი. ღვთის სწავლების, ღვთის მცნებების სიტყვიერი უარყოფა ღვთის უარყოფაა; ქრისტიანობის საწინააღმდეგო იდეოლოგიის აღიარება, ან მის მიმდევართა საზოგადოებასთან თავის მიკუთვნება ღვთის უარყოფაა; „ქურდული“ იდეოლოგიის აღიარება, მხოლოდ მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, უკვე ღვთის უარყოფაა.

ეკლესია ზიარებას უკრძალავს ღვთის უარმყოფელს, ასევე ნებისმიერ მძიმე ცოდვაში მყოფ ადამიანს, ვიდრე ის არ განეშორება ამ ცოდვას სიტყვითაც და საქმითაც.

ეკლესიის სწავლებიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც თავს „ქურდული“ იდეოლოგიის მიმდევრად აცხადებს, თუნდაც ამტკიცებდეს, რომ არც ერთ მძიმე ცოდვას არ ჩადის, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოინათლოს ან ეზიაროს, თუ დაგმობს ამ იდეოლოგიას და უარს იტყვის მის მიმდევრობაზე, რადგან ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას დადებული აღთქმა: „განვეშორები ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან…“ ეხება „ქურდულ“ იდეოლოგიასაც, რომლის მიმდევრები წარმოადგენენ კაცთა შორის ეშმაკის საქმეებისა და საეშმაკო ცხოვრების წესის დამნერგველ მოძალადე სექტას, რომელიც ინიღბება სამართლიანობით და ვაჟკაცობით, მაგრამ სინამდვილეში მას საფუძვლად ანტიქრისტიანული პრინციპები უდევს: ამპარტავნება, ჩაგვრა, მოპარვა, შურისძიება, სხვისი ნაშრომის მიტაცება.

მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი

წყარო: martlmadidebloba.ge

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial