სიგარეტის მოწევის შესახებ

სიგარეტის მოწევის შესახებ

მამა გაბრიელი: მეუფეო, რას იტყოდით სიგარეტის მოწევის შესახებ?

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი (ათონის მთიდან): რამდენადაც დასაშვებია ალკოჰოლის ზომიერი მიღება, იმდენად აბსურდული და დაუშვებელია მოწევა. მას ადამიანისათვის სარგებლობა საერთოდ არ მოაქვს; იგი ორგანიზმის დაავადებისა და დასუსტების მიზეზია. და რაც ყველაზე საშინელია, მოწევა წარმართული რიტუალების ბეჭედს ატარებს და ქრისტიანის სულს ანადგურებს.

მოწევა გაცილებით გვიანდელი მოვლენაა, ვიდრე ლოთობა, ამიტომ ვერც წმიდა წერილში და ვერც პირველი საუკუნეების ეკლესიის მამათა ნაწერებში ვერ ვიპოვით მოწევის პირდაპირ აღწერას ან აკრძალვას. მიუხედავად ამისა, ეს მოვლენა უყურადღებოდ არ დარჩენია წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელს (XVIII ს.), “უხილავი ბრძოლის” ავტორსა და “ფილოკალიის” რედაქტორს… წმ. ნიკოდიმოსის განმარტებით მოწევა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სათნოებებსა და ტრადიციულ ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებს. იგი ყოვლად დაუშვებელია სასულიერო პირებისათვის, რადგან ამცირებს და უპატიო-ჰყოფს მღვდლობის მაღალ ღირსებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობის დაზიანებაზე. წმინდანი დაასკვნის: “როგორ შეიძლება ქრისტიანი, სული წმიდის ჭურჭელი, ეშმაკისეული უწმინდურობის სამკვიდრებელი გახდეს?” (შდრ. იაკ. 1,21; გამოცხ. 5,8).

მამა გაბრიელი: საეკლესიო გადმოცემაში თუ მოიხსენიება რაიმე თამბაქოს მოწევის შესახებ?

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: ნაკლებად. თუმცა ამის შესახებ საუბრობს ათონის ყველა თანამედროვე სულიერი მოძღვარი (ე.წ. “სტარეცი”) და საბერძნეთის ეკლესიის გამოჩენილი სასულიერო პირი. ისინი ერთხმად კრძალავენ მოწევას. ზოგიერთი ათონელი მოძღვარი ამ საკითხის მიმართ იმდენად მკაცრია, რომ მწეველ მომლოცველებს აღსარებაზე არც კი იღებს. მათი აზრით, როგორ შეძლებს სხვა ცოდვიანი მიდრეკილებებისაგან განწმენდას ის ადამიანი, რომელსაც მოწევის მიტოვების თავიც არა აქვს? მოწევის დაუშვებლობაზე საუბრობენ რუსეთის ეკლესიის წმინდანები, მათ შორის, ღირსი სილუან ათონელი და ღირსი ამბროსი ოპტინელი…

დასასრულს მართლმადიდებელი ბერძნების ცხოვრებიდან დავიმოწმოთ ერთი შემთხვევა. მეოცე საუკუნის დამდეგს, როდესაც თურქებმა მცირე აზიიდან მართლმადიდებელ ბერძენთა უმეტესობა გაასახლეს, სმირნასთან ახლოს ასეთი რამ მოხდა: ვიღაც თურქ ყასაბს ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძველი ხატი, რომელსაც ხორცის დასაჭრელ ფიცრად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა, აღეკვეთა სიწმინდის საშინელი შეურაცხყოფა და ხორცთან ერთად ხატიც იყიდა, ისე როგორც ჩვეულებრივი ფიცარი. სახლში მან ხატი გაწმინდა და სასტუმრო ოთახის კედელზე ჩამოკიდა.

სამწუხაროდ, ეს კაცი მწეველი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მას ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი არ შეწყვეტდა სიგარეტის კვამლით მისი ხატის შებილწვას, სჯობდა იგი ისევ თურქისთვის დაებრუნებინა. ღვთისმშობელი ამჯობინებდა თურქ ვაჭარს ხატზე ხორცი დაეჭრა, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს იგი “ეშმაკის საკმევლის” სიმყრალით შეეხრჩოლა. ხსენებულმა ქრისტიანმა გაიაზრა თავისი ცოდვა და მოწევას სამუდამოდ დაანება თავი.

საუბრები ათონელ ბერებთან

* * *

ადამიანმა დაამახინჯა თვით ხორციელი სიამოვნებანიც კი… გემოსათვის, ნაწილობრივ კი სუნთქვისათვის, მან გამოიგონა და თითქმის განუწყვეტლივ უშვებს მძაფრსა და სუნიან ბოლს, მოაქვს რა იგი როგორც მუდმივი შესაწირავი სხეულში მცხოვრებ დემონისათვის, ამ ბოლით მსჭვალავს თავისი საცხოვრებლის და მის გარეთ არსებულ ჰაერსაც, უწინარეს ყოვლისა კი, თავად იმსჭვალება ამ ბილწი სურნელით, – და აი, განუწყვეტელმა გაუხეშებამ საკუთარი გრძნობისა და გულისა, რომელსაც მუდმივად ბოლი ნთქავს, არ შეიძლება არ იმოქმედოს გულისმიერ გრძნობათა სიფაქიზეზე, იგი სძენს მას ხორციელ, უხეშ და გრძნობისმიერ ხასიათს.
წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი

თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა – ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.
ღირსი ამბროსი ოპტინელი

როდესაც ადამიანი ეწევა, მისი სული უკვე დემონური ძალების ტყვეობაშია. იცოდეთ, რომ (მსოფლიო) წარღვნამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ადამიანები თან დაატარებდნენ წყლით სავსე პატარა დოქებს: ერთმანეთს სთავაზობდნენ ამ წყალს. მათ არც კი უწყოდნენ, რომ წყლით დაიღუპებოდნენ. დღეს კი ყველას ჯიბით ასანთი ან სანთებელა ე.ი. ცეცხლი დააქვს. პირველი სამყარო უსჯულოებისათვის წყლით განადგურდა, ახლანდელი კი ცეცხლით განადგურებისათვის ემზადება, ამიტომაა რომ ბევრი ეწევა და ჩვენ დავიწვებით, ფერფლად ვიქცევით.
არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი)

თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა – სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა. ამას მოჰყვება გაუცხოება ოჯახთან და მეგობრებთან. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს უმსგავსობაა, განსაკუთრებით აუტანელი ქალიშვილებში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი – თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს.
თამბაქოს წევა და ყოველგვარი ნარკოზი ახშობენ ჩვენს გრძნობას სიწმინდისა და უბიწოებისადმი. პირველი სიგარეტი – ეს პირველი დაცემაა, უმანკოების დაკარგვა. არა ცრუ პურიტანობა, არამედ უშუალო გრძნობა და ღრმა რწმენა მიბიძგებენ ეს ვთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial