ელადის ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე სპეციალური მიმართვით გამოვიდა, რომელიც თანამედროვეობის პრობლემებს, და, მათ შორის, სრულიად მართლმადიდებელთა კრებასაც ეხება.
მეუფის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეოსის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელს დაგეგმილ სრულიად მართლმადიდებელთა დიდ და წმინდა კრებას არ შეიძლება ეწოდოს მსოფლიო, რადგან გაიმართება დასავლეთის ქრისტიანების გარეშე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. „მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია ჭეშმარიტების სრული სისავსე და არ საჭიროებს ერეტიკოსების დასწრებას კრებისთვის მსოფლიო სტატუსის მისაღებად“ – განაცხადა მან.
„კრება, რომელიც დააკანონებს ეკუმენიზმის ერესს, შესაძლოა, მართლმადიდებელთა ერთობის საფუძველში ჩადებულ ნაღმად იქცეს, რადგან გაცილებით მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე მოაგვარებს. ის მიგვიყვანს შფოთამდე და განხეთქილებამდე“, – დარწმუნებულია მეუფე.
მიტროპოლიტ სერაფიმეს განცხადებით, ჭეშმარიტი მიზეზი, თუ რატომ შეცვალეს ორგანიზატორებმა მომავალი კრების სახელწოდებაში სიტყვა „მსოფლიო“ „სრულიად მართლმადიდებელთათი“, განპირობებულია იმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევდათ მე-8 და მე-9 მსოფლიო კრებებად ეღიარებინათ წმინდა ფოტის და წმინდა გრიგოლი პალამას კრებებიც. „მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ვატიკანის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, რადგან ზემოთ ნახსენებმა კრებებმა დაგმეს პაპიზმის ერესი“, – განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტ სერაფიმეს მოსაზრებით, „ეკუმენისტური მოძრაობის ერთადერთი შედეგი არის შფოთი და სინკრეტიზმი“.
ისეთი მოვლენები, როგორიც არის ქალის მღვდლად ხელდასხმა და ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაცია ადასტურებს, რომ არამართლმადიდებლებთან დიალოგის შედეგად ვერ მოხერხდა ერეტიკოსების თუნდაც მცირედით დარწმუნება, მიახლოებულიყვნენ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებასთან და ცხოვრების წესთან.
გარდა ამისა, მეუფე სერაფიმემ აღნიშნა, რომ 2016 წლის კრებას არ აქვს უფლება, შეცვალოს აღდგომის დღესასწაულის გამოთვლის წესი, რომელიც დადგენილ იქნა პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების მიერ: „თუ ეს მოხდა, ჩვენ გველოდება ახალი განხეთქილება, რომელსაც, სამწუხაროდ, ექნება კანონიკური დასაბუთება“.
წყარო: romfea.gr