პასუხი “გირჩს” – დეკანოზი შიო პაიჭაძე

პასუხი “გირჩს” – დეკანოზი შიო პაიჭაძე

“გირჩი” და ბიბლიური ორგანიზაცია – რელიგიური კლოუნიზმი, ამას მხოლოდ სირცხვილს თუ ვუწოდებთ. ასე გაუჭირდათ, რომ მღვდლობას სთავაზობენ ახალგაზრდებს სამშობლოს დაცვის სანაცვლოდ? მე, როგორც ყოფილ სამხედრო პირს, მიმაჩნია, რომ მხედრული ვალი ყველა ახალგაზრდამ უნდა მოიხადოს, რადგანაც ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, საჭიროებს სამხედრო ძალას და პატრიოტიზმს. ნუთუ მღვდლობა ასეთი მარტივია ბაპტისტებთან? და ამას თან ორგანიზაციას არქმევენ… კატეგორიული რელიგიური ნომინალიზმია ეს და ვფიქრობ, რომ ქართველი კაცი ამ ანკესს, როგორც სატყუარას, არ წამოეგება. ისე ნათქვამია “არა არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს”… ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და ამ ლუსტრირებულ საუკუნეში ადამიანები ვეღარ მალავენ შინაგან შეშლილობას, რომელიც უკიდურეს ლიბერალურ ფასეულობებს თან ახლავს. ეს სიმპტომები კარგად შეინიშნება დღევანდელ ამ განცხადებაში. ნუთუ ასეთი “კრეატიული” აზროვნება აქვთ? რა ბევრი უფიქრიათ, რომ სენსაციონიზმის სენით შეპყრობილთ მეტი გზა აღარ დარჩათ პოპულარულობის მისაღწევად. ნამდვილად არ შემეძლო ამაზე პასუხი რომ არ გამეცა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მეტად უნდა გაეხსნათ გულის კარები, რომ შეიტკბონ ჭეშმარიტების არსი. ამ დღევანდელ ლოზუნგს ერთი რამ აკლია – მუკი, მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ეძებს ცრუმღვდლობის მსურველთ. პრინციპში ეს ასე განიმარტება. მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს: სდექით მტკიცედ და შეურყევლად. ქართული ჯარი არ იყიდება! პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას! ნუ დაემსგავსებით დესტრუქციულ საზოგადოებას. შეინანეთ ამ საშინელების ინიციატორებო.

დეკანოზი შიო პაიჭაძე