2026 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის (CBDC) გამოშვების უფლება მიენიჭა.
ციფრული ფულის დამკვიდრება (ნაღდი ფულის მიმდინარე შეზღუდვა/აკრძალვის ფონზე), რასაც მავანი „პროგრესად“ და „კომფორტად“ ასაღებს, რეალურად არის ძალაუფლების ბალანსის უპრეცედენტო გადახრა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ისტორია გვაჩვენებს, რომ თუ სახელმწიფოს უჩნდება აბსოლუტური კონტროლის ბერკეტი, ადრე თუ გვიან ყოველთვის მოიძებნება პოლიტიკური ძალა ან კრიზისული სიტუაცია, რომელიც ამ ბერკეტს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენებს.
ის, რაც შორიდან შეიძლება ზედმეტად დრამატულ განგაშად ჩანდეს, დეტალური ანალიზისას ხშირად გარდაუვალ ტექნოლოგიურ რეალობად გვევლინება და ეს არ არის შორეული მომავალი:
1. უკვე არის ნაღდი ფულის შეზღუდვის დინამიკა მთელ რიგ ქვეყნებში.
2. მზად არის ტექნოლოგია (CBDC – ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტა; საქართველოს შემთხვევაში ციფრული ლარი), რომელიც საშუალებას იძლევა, ფული გახდეს დაპროგრამებადი და კონტროლირებადი. ეს ყველაფერი უკვე შექმნილია და საკანონმდებლო ბაზაც მზადდება.
და აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა: აქვს თუ არა საზოგადოებას შანსი, შეაჩეროს ეს პროცესი სამართლებრივი გზით (მაგალითად, ნაღდი ფულის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერით), თუ ტექნოლოგიური პროგრესი და სახელმწიფოს ინტერესი მაინც თავისას გაიტანს?
პასუხი ამ კითხვაზე ცალსახა არ არის, მაგრამ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, მართებული იქნება მოსაზრება იმის შესახებ, რომ საზოგადოების პროტესტი და საკანონმდებლო ინიციატივები მხოლოდ გადაავადებენ ამ პროცესს, რადგან საბოლოო ჯამში, გლობალიზაცია და ტექნიკური “პროგრესი” მაინც თავისას იზამს და აქ გადამწყვეტი ფაქტორი ადამიანის კონფორმისტული ბუნებაა (განსაკუთრებით კი ციფრულ ეპოქაში დაბადებული თაობების შემთხვევაში).
დავით ლორთქიფანიძე
2026 წ.
P.S.
ცოტა კიდევ კომფორტისა და კონფორმიზმის შესახებ:
ა) ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების უმრავლესობა ირჩევს იმას, რაც უფრო სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელია. ტელეფონით, საათით ან ბიომეტრიული მონაცემით (მაგალითად, ხელის გულით ან სახის სკანირებით) გადახდა იმდენად კომფორტულია, რომ ადამიანები მზად არიან, ამ კომფორტის სანაცვლოდ ნებაყოფლობით დათმონ საკუთარი პრივატულობა.
ბ) თაობები, რომლებიც იზრდებიან სრულად ციფრულ სამყაროში, ნაღდ ფულს აღიქვამენ როგორც არქაულ, მოუხერხებელ და ზედმეტ ფიზიკურ ტვირთს. მათთვის ციფრული ფულის საფრთხეები აბსტრაქტულია, ხოლო ციფრული ეკოსისტემის სიკეთეები – ხელშესახები.
გ) მაშინაც კი, თუკი სახელმწიფო/სისტემა ნაღდ ფულს კანონით არ აკრძალავს, მას შეუძლია შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც „ქეშით” ცხოვრება უკიდურესად არაკომფორტული და საეჭვო გახდება. როდესაც ირგვლივ ყველა სერვისი, ტრანსპორტი და მაღაზია ციფრულ ფორმატზე გადავა, ნაღდი ფულის მფლობელი ავტომატურად აღმოჩნდება სოციალურ და ეკონომიკურ იზოლაციაში.
P.P.S.
და ბოლოს:
თვალწინ გვიდგება „საოცარი ახალი სამყაროს“ – ტოტალური ციფრული ეპოქის მთავარი და ყველაზე სასტიკი კანონი: თავისუფლების ფასი იქნება სრული ასკეტიზმი და სოციალური იზოლაცია.
პრივატულობა და პირადი სივრცე აღარ იქნება ადამიანის ფუნდამენტური, ნაგულისხმევი უფლება. ის გახდება ერთგვარი ფუფუნება, რომლის შეძენაც მხოლოდ უმძიმესი ფასის გადახდით – ცივილიზაციის სიკეთეებზე (მედიცინა, განათლება, კომფორტული ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა) უარის თქმით იქნება შესაძლებელი.
ვინც აირჩევს, რომ არ იყოს ციფრულად კონტროლირებადი, სისტემა მას უბრალოდ წაშლის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ასეთი ადამიანი გახდება თანამედროვეობის ახალი „განდეგილი“.
სისტემა ფორმალურად იტყვის, რომ ადამიანი თავისუფალია და მას აქვს არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი იქნება ილუზორული: ან მორჩილება კომფორტის სანაცვლოდ, ან აბსოლუტური მარგინალიზაცია და გადარჩენისთვის ბრძოლა სოციუმს მიღმა.
თუმცა როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს სასოწარკვეთილების მიზეზად არ უნდა გვექცეს მართლმადიდებლებს, რადგან ვინც ესქატოლოგიური* კუთხით უყურებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, იცის თუ საითკენ მიდის სამყარო და, ამავე დროს, იცის გადარჩენის ერთადერთი გზაც და ახსოვს მაცხოვრის სიტყვები: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“ (მათე, 16:18)
—
* ესქატოლოგია – მოძღვრება ქვეყნის დასასრულსა და უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე.

