პატრიარქი ბართლომე და პაპი

გვინდა ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ რომის პაპის კონსტანტინოპოლში ჩასვლისა და იქ მისი სამღვდელთმთავრო პატივით დახვედრის გამო. მსოფლიო პატრიარქმა ერეტიკოს პაპთან ერთად ილოცა, კვერექსშიც მოიხსენია, როგორც რომის  კანონიერი ეპისკოპოსი, რაც წმიდა კანონების ფეხქვეშ გათელვას ნიშნავს. მათ მართლმადიდებლური მრწამსიც კი თქვეს ერთად.

კლოუნადას ჰგავს ეს ყველაფერი. ვითომ პაპმა აღიარა მართლმადიდებლური მრწამსი და უარყო მასში მწვალებლური ჩანამატი ‘’და ძისაგან’’ანუ Filioque? როგორი ამბავია იცით, მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს, რომ სულიწმინდა გამოდის მხოლოდ მამისაგან. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ძისაგანაც გამოდის? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დოგმატური შეცდომაა და ეს არის სულიწმიდის გმობა, დაკნინება.

შეხედეთ როგორ მზაკვრობას აქვს ადგილი: პაპმა ვითომ  შეიცვალა პოზიცია, მზაკვრობს და უნდა მოაჩვენოს თავი მართლმადიდებლებს, რომ ვითომ ერთნაირი მრწამსი გვაქვს და თვითონ საწინააღმდეგო არაფერი აქვს ჩვენი მრწამსის და ამიტომ ამბობს – კი მეც ვამბობ, რომ სულიწმიდა მამისაგან გამოვალს და  გულუბრყვილო მართლმადიდებლებს ჰგონიათ, რომ რომის პაპმა უარი თქვა თავის ცდომილებაზე და  მართლმადიდებლურად ამბობს მრწამსს. სინამდვილეში რა ხდება: რომ ჰკითხო, თუ როგორია პაპისტური რწმენა ამასთან დაკავშირებით, იტყვის – მე კი ვამბობ საჯაროდ, რომ მამისაგან გამოვალს სულიწმინდა, მაგრამ საჯაროდ იმას არ ვიტყვი, რაც გულით მწამს, რომ ძისაგანაც გამოვალს. ასე მზაკვრულად ცდილობს ერეტიკოსი პაპი შეცდომაში შეიყვანოს მართლმადიდებლები. ხედავთ მზაკვრობას? ამბობს ხმამაღლა იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, მაგრამ  იმაზე დუმს, რისიც სინამდვილეში სწამს და რაც  არის სულიწმიდის გმობა.

აი, ასეთ მზაკვრობას აქვს ადგილი და, სამწუხაროდ, ამაში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეც მონაწილეობს, რადგან უფლებას აძლევს პაპს, რომ ასე ითამაშოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეკლესიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს მსოფლიო პატრიარქი. მსოფლიო საპატრიარქო საუკუნეების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც მართლმადიდებლობის დამცველი საპატრიარქო. მისი პატრიარქები იყვნენ ეკლესიის დიდი წმიდანები: წმ. გრიგოლი ღმრთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ტარასი, წმ. მეთოდე, წმ. ფოტი დიდი, ისიხასტი პატრიარქები ფილოთეოზი და კალისტე. ისინი იყვნენ მართლმადიდებლობის დამცველი პატრიარქები და, სამწუხაროდ, მათ ახლანდელ მემკვიდრეებში საწინააღმდეგოს ვხედავთ.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, რუსეთის ანტიმართმადიდებლური რევოლუციის მერე, აირია მსოფლიოში მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში ანტიქრისტიანული ძალების მიერ მონარქიის დამხობით, ფაქტობრივად, მოხდა მსოფლიო კატასტროფა. მსოფლიო საპატრიარქო მანამდე იყო მართლმადიდებლური სარწმუნოების დამცველი და რუსეთის მირონცხებული მეფეები მას ამაში ეხმარებოდნენ.  გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და, ასევე, მართლმადიდებლური ადგილობრივი ეკლესიების ნაწილი, არასწორ ახალ კალენდარზე სწორედ რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის მერე გადავიდნენ. ამ ანტიქრისტიანული რევოლუციის შემდეგ მსოფლიო საპატრიარქო აღმოჩნდა ინგლისის, ამერიკისა და მასონების გავლენის ქვეშ. ახლა თურმე მსოფლიო საპატრიარქოს ეპისკოპოსებს ამერიკის პასპორტები აქვთ და, სამწუხაროდ, ამერიკის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებიან, რისი თვალსაჩინო მაგალითიც უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ არაკანონიკური, სქიზმატური ე.წ. ეკლესიის შექმნაა. ცნობილია, რომ კონსტანტინოპოლის ძალისხმევით ჩატარებულ 2016 წლის კრეტის ავადსახსენებელ კრებას ამერიკის სპეცსამსახური იცავდა.

სამწუხარო ფაქტია, რომ მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) საპატრიარქო ერთ-ერთი ეკუმენისტური საპატრიარქოა მთელს მსოფლიოში. ეკუმენიზმი კი არის ანტიქრისტიანული ძალების ერთ-ერთი პირველი სამოქმედო გეგმა. ანტიქრისტეს გამეფების პირველი ეტაპი არის ეკუმენიზმი – რაც გულისხმობს ყველა ფსევდოქრისტიანული მწვალებლობის გაერთიანებასა და ამ უსჯულოებაში მართლმადიდებლების გადაბირებას. მეორე ეტაპი კი ეკუმენიზმის  პანეკუმენიზმში გადაზრდაში მდგომარეობს, რაც არაქრისტიანულ რელიგიებთან – იუდაიზმთან, მუსულმანობასთან, ინდუიზმთან და ა.შ. გაერთიანებას  ნიშნავს. მათ სურთ,  ეს ყველაფერი გააერთიანონ, გახადონ რაღაც სინკრეტული რელიგია და ანტიქრისტესაც ეგ უნდა. ფარულ ბნელ ძალებს სურთ, რომ რელიგიურად და პოლიტიკურად ყველა გაერთიანდეს. ხომ უკვე გააერთიანეს ევროპა, რასაც დიდი ხანია ცდილობდნენ? რელიგიაში კი ამ ანტიქრისტიანულ გაერთიანებას ჰქვია ეკუმენიზმი. ეკუმენიზმი და პანეკუმენიზმი არის ანტიქრისტეს რელიგია და რაც ვიხილეთ კონსტანტინოპოლში, ეს არის ეკუმენიზმის გამოვლინება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძალიან ფრთხილად და უნდა გავყვეთ იმ მამებს, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას იზიარებენ, ქადაგებენ და იცავენ. წმინდა მამებს უნდა გავყვეთ, რომლებიც იცავდნენ მართლმადიდებლურ სწავლებას სიკვდილამდეც კი.

მღვდელმონაზონი ისააკი

ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტერი,
მცხეთა-თბილისის ეპარქია, საქართველოს საპატრიარქო

05.12.2025