წმ. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ფეხბანვის რიტუალი შეასრულა

წმ. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ფეხბანვის რიტუალი შეასრულა

დღეს წმ. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ფეხთბანვის წესი შეასრულა. ფეხთბანვის წესის შესრულება ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებული სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ დაიწყო.

უწმინდესმა თორმეტ მღვდელმსახურს ფეხი დაბანა.

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე “რომელთა ქერუბიმთას” ნაცვლად იგალობება: “სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე”… სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.