ჰაერში ნათლობის ანუ „აერობაბტიზმის“ შესახებ

ჰაერში ნათლობის ანუ „აერობაბტიზმის“ შესახებ

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა.
იოანე 3:5.

თუ ვინმე არ მიიღებს ნათლისღებას, ვერ ცხონდება, გარდა მხოლოდ მოწამეებისა, რომლენიც წყლის გარეშეც იღებენ ნათლობას. მაცხოვარმა, რომელმაც ჯვრის მიერ სამყარო გამოისყიდა, გვერდის განგმერისას გამოადინა სისხლი და წყალი, რომ ერთნი, მშვიდობიანობის დროს, წყლით მოინათლონ, ხოლო სხვებმა, დევნილობის ჟამს, საკუთარი სისხლით ნათელიღონ. მარტვილობას კი, ნახე, თავად მაცხოვარი უწოდებს ნათლისღებას, რომელიც ამბობს: ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად? (მარკ. 10.38).
წმიდა კირილე იერუსალიმელი (PG.33, კატეხიზატორული საუბრებითავი 3,10)

რა არის ქრისტიანული ნათლისღება? წყლის საბანელი,სიტყვების წარმოთქმასთან ერთად. გამოაკელი წყალი – აღარაა ნათლისღება; გამოაკელი სიტყვების წარმოთქმა – აღარაა ნათლისღება.
ნეტარი ავგუსტინე (იოანეს სახარებაზე ტრაქტატი 15,4)

ვერცერთი ჩვილი ვერ შევა ცათა სასუფეველში, თუ იგი არ იქნება აღორძინებული წყლითა და სულით.
ნეტარი ავგუსტინე (წერილი 194, რომაელ პრესვიტერ სიქსტეს)

ჩვენ გავიგეთ, რომ ზოგიერთ ეკლესიაში იყენებენ ე.წ. ჰაერში ნათლობას. ამ საკითხით დაინტერესებულებმა გადავწყვიტეთ გამოგვეკვლია არსებული საკითხი წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის შუქზე, რადგან საკითხი ძალზედ სერიოზულია – ითვლება თუ არა ქრისტიანად და ეკლესიის შვილად ჰაერში მონათლული?

ქრისტიანისთვის უპირველეს სახელმძღვანელოში, წმინდა წერილში ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ წყლით ან სისხლით შეიძლება იყოს მონათლული ადამიანი (წყლით ნათლობაზე იხ. – იოანე 3:5; საქმ. 8:36-38; 10:47; ტიტ. 3:5; ეფ. 5:26. ხოლო სისხლით ნათლობაზე იხ. მთ. 20:22-23; მრკ. 10:38-39; ლკ. 12:50).

სჯულის კანონში, რომელიც ეკლესიის წმინდა გადმოცემას წარმოადგენს, ჩვენ ვერ ვნახეთ ჰაერში ნათლობაზე რაიმე მასალა. მოციქულთა 50-ე კანონი კი გვავალდებულებს ნათლისღების წყლით აღსრულებას.

ასევე, ეკლესიის სიმბოლურ წიგნებად წოდებულ ქრისტიანისთვის სავალდებულო სახელმძღვანელოებში არ გვხვდება ჰაერში ნათლობის შესახებ ცნობები.  იმავე წიგნებში კი გარკვევით წერია წყლით ნათლისღების აუცილებლობაზე (იხ. წმინდა პეტრე მოგილას „აღსარება“- მრწამსის მე-10 წევრის განმარტება, 100-103 კითხვა-პასუხები და „აღმოსავლელ პატრიარქთა აღსარება“- წევრი მე-16).

ჩვენ ვერც დიდ კურთხევანსა და სხვა ლიტურგიკულ წიგნებში ვნახეთ ჰაერში ნათლობაზე ინფორმაცია.

წმინდა მამათა უმრავლესობის თანხმიერი სწავლება (Consensus patrum) ბრძანებს ნათლისღების წყლით აღსრულებას. მოვიყვანთ იმ წმინდა მამების ჩამონათვლის ნაწილს, რომლებიც წყლით მონათვლის აუცილებლობას ასწავლიან:

1) წმინდა დიონისე არიოპაგელი (საეკლესიო იერარქია – თავი 2,7);
2) წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი (აპოლოგია – თავი 1,61);
3) წმინდა ბასილი დიდი (სულიწმინდაზე – თავი 15);
4) წმინდა გრიგოლი ღმრთისმეტყველი (სიტყვა 33,15; სიტყვა 39 და სიტყვა 40,24);
5) ნეტარი ავგუსტინე (იოანეს სახარებაზე ტრაქტატი 15);
6) წმინდა კირილე იერუსალიმელი (კატეხიზატორული საუბრები – თავი 3,2);
7) წმინდა იოანე ოქროპირი (იოანეს სახარების განმარტება-თავი 3,5);
8) წმინდა ეფრემ ასური (იოანეს სახარების განმარტება – თავი 3,5);
9) წმინდა გრიგოლ ნოსელი (დიდი კატეხიზატორული სიტყვა – თავი 35);
10) ნეტარი თეოდორიტე კვირელი (ეზეკიელის განმარტება-თავი 36,25);
11) წმინდა იოანე დამასკელი (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა – წიგნი 4. თავი 9);
12) ღირსი ნესტორი (ეზეკიელის განმარტება – თავი 36,25);
13) წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი (იოანეს სახარების განმარტება – თავი 3,5);
14) წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი (პიდალიონი – მოციქულთა 50 კანონის განმარტება);
15) წმინდა ფილარეტი (ვრცელი კატეხიზმო – მრწამსის 10 წევრის განმარტება);
16) წმინდა ნიკოდიმოს მილაში (მოციქულთა 50 კანონის განმარტება).

დასასრულს გვინდა ხაზი გავუსვათ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან წყაროს:

  1. ცნობილ საეკლესიო ძეგლ „დიდაქეში“ ჩამოთვლილია ნათლისღების სხვადასხვა ფორმა, მაგრამ არაფერია ჰაერში ნათლობაზე ნათქვამი;
  2. წმინდა იოანე დამასკელი, რომელმაც I-VIII საუკუნეების ღმრთისმეტყველება შეაჯამა, ჩამოთვლის ნათლობის 8 სახეს, მაგრამ ჰაერში ნათლობას არ ახსენებს. აქედან ჩანს, რომ მსგავსი სწავლება არ ყოფილა ადრეულ ეკლესიაში;
  3. მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე სახელმძღვანელოდ გამოყენებულ წიგნ „ლიმონარში“ წერია, უდაბნოში მყოფ მომაკვდავ იუდეველზე, რომელსაც მონათვლა სურდა, მაგრამ, რადგან მის თანხმლებლებს წყალი არ ჰქონდათ, ქვიშით მონათლეს იგი. ასკალონში ჩასულებმა ქალაქის ეპისკოპოსს – ნეტარ დიონისეს, უამბეს მომხდარი, მან კი მთელი სამღვდელო დასი შეკრიბა იმის გასარკვევად, ჩაეთვალათ თუ არა, ქვიშით მონათვლა კანონიკურად. კრებაზე გაიხსენეს გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვა, სადაც იგი ჩამოთვლის ნათლობის ყველა სახეს, მაგრამ არ ახსენებს ქვიშით ნათლობას – და ასევე, ჰაერში ნათლობასაც. ამ კრებაზე ასევე მოიყვანეს სახარების სიტყვები: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (ინ. 3,5). ბოლოს ამ კრებაზე გადაწყვიტეს ხსენებული იუდეველის იორდანეში მონათვლა.

დასკვნა

ჩვენ ვნახეთ, რომ წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის მიხედვით ჰაერში ნათლობის გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში იკონომიის წესითაც კი არაა დაშვებული. საკითხის განხილვა გვინდა დავასრულოთ ღირსი ბიკენტი ლირინელის (V ს.) შეგონებით: „მსოფლიო ეკლესიაში უნდა ვიცავდეთ იმ სარწმუნოებას, რისიც სწამდათ ყველგან,  ყოველთვის და ყველას. …წმინდა მამებს უნდა ვერწმუნოთ შემდეგი წესის დაცვით: რასაც ისინი ყველა – ან მათი უმრავლესობა – ერთხმად იღებდა და ღიად გადმოსცემდა, თანაც უყოყმანოდ, თითქოს ეკლესიის მასწავლებელთა შორის წინასწარი რაღაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ის უნდა ჩავთვალოთ უეჭველად, სარწმუნოდ და უცილობლად; ხოლო რასაც ასწავლიდა ვინმე, თუნდაც წმინდანი, ან მეცნიერი, ან  აღმსარებელი თუ მოწამე სხვების არათანხმიერად, და ეწინააღმდეგებოდა კიდეც ყველას, მისი ეს ნააზრევი ჯეროვანია მივაკუთვნოთ, მის პირად, კერძო მოსაზრებას … რათა მარადიული ცხონებისთვის უდიდესი საფრთხის ქვეშ არ გავყვეთ ერთი ადამიანის ცდომილებას (იხ.’’სამახსოვრო ჩანაწერები’’).

მცხეთათბილისის ეპარქიის მღვდელმსახურები:
მღვდელმონაზონი ისააკი სიორდია, წმიდა ბასილი დიდის მონასტერი, სოფელი ძალაანთხევი
მღვდელი ფოტი ზუმბაძე, სოფელ დიღმის წმიდა დიდმოწამე მარინეს მღვდელმსახური