“ფიცის კაცები” – წმ. მეფე სოლომონ I-ის სამეფო გვარდია

“ფიცის კაცები” – წმ. მეფე სოლომონ I-ის სამეფო გვარდია

ფიცის კაცები – იმერეთის მეფის გვარდია, რომელიც შექმნა წმ. მეფე სოლომონ I-მა. 1752 წელს სოლომონმა ტახტზე ასვლისთანავე აკრძალა ტყვეთა ვაჭრობა, რის გამოც მას აუჯანყდნენ კათოლიკოს პატრიარქი ბესარიონი, ბიძები მამუკა და გიორგი ბაგრატიონები, პაპა ლევან აბაშიძე და დედა თამარ აბაშიძე და სოლომონი ტახტიდან ჩამოაგდეს. ამის შემდეგ სოლომონი ერთგულ მხლებლებთან ერთად გაიქცა ახალციხეში და ფაშას შემწეობა სთხოვა. მიღებული რესურსებით სოლომონმა ერთგული აზნაურებისაგან და გლეხებისაგან ჩამოაყალიბა პირადი გვარდია “ფიცის კაცები”.

ფიცის კაცებმა მონაწილეობა მიიღეს იმერეთის სამეფოს თითქმის ყველა გარდამტეხ მოვლენაში 1754-1810 წლებში.

ფოტოზე: მარცხნიდან პირველი ონისიმე ლორთქიფანიძე, ფიცის კაცთა მეთაურის, ბერი ლორთქიფანიძის შვილთაშვილი*

ფიცის კაცნი, ვიდრე თხუთმეტი წლისა გახდებოდნენ, თავისი ყმებით, სამღვდელოებითა და ხატებით შეიკრიბებოდნენ ერთ-ერთ ამორჩეულ ადგილას (ლეკერწას) ყოველწლობით 15 მაისს და ფიცს დებდნენ, რომ “მეფის ერთგულნი იქნებოდნენ”.

“ფიცის კაცს დიდი გავლენა ჰქონდა მეფეებთან. ასე რომ, უკეთუ ვისმე მეფე გაუწყრებოდა, შერისხული მიმართავდა ფიცის კაცს და თუ შეასწრებდა ფიცის კაცის საზღვარში, მდევარი ვეღარ შეყვებოდა”.

საჭირო შემთხვევაში ფიცისკაცთაგან ლაშქრად გამოდიოდა ყველა ბრძოლისუნარიანი აზნაური, ხოლო გლეხთაგან – კომლზე 1 მოლაშქრე. ფიცისკაცები საპასუხისმგებლო სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდნენ.

“ფიცის კაცები წარმოადგენდნენ სამხედრო არისტოკრატიას ტახტის აზნაურებიდან: ისინი სამეფოში სასახლის გვარდიის როლს ასრულებდნენ”.

ფიცისკაცები სახლობდნენ ქუთაისიდან მოყოლებული ვიდრე დადიანის სამთავროს საზღვრამდე მდებარე სოფლებში.

XIX საუკუნის დასაწყისში იმერეთის მეფის ფიცისკაცთა კუთვნილი გლეხების რაოდენობა 1000 კომლს შეადგენდა.

სტრუქტურა და მიზნები:
▪️ მეთაური: ბერი ლორთქიფანიძე;
▪️ წევრები: მესხები, ღოღობერიძეები, ავალიანები, გრიგალაშვილები, ქოქრაშვილები, მიქაბერიძეები, ჭაბუკიანები, იაშვილები, ყიფიანები, უგრეხელიძეები და იოსელიანები;
▪️ რაოდენობა: 1000 კაცი;
▪️ თავშეყრის ადგილი: სოფელი ლეკერწა;
▪️ ფიცის დადების დღე: 15 მაისი;
▪️ ფუნქცია: ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, ტყვეთა სყიდვის აღკვეთა;
▪️ უფლებები: შეუზღუდავი;
▪️ სტატუსი: მეფის ძმადნაფიცობა.

წყაროები:
1. “საქართველოს ისტორიის ნარკვევები”, ტ. IV გვ. 589-590.
2. მიხეილ რეხვიაშვილი “იმერეთის სამეფო 1462-1810”, გვ. 184.

ZNEOBA.GE-ს რედაქცია

– – –
* ფოტო ინახება ონისიმე ლორთქიფანიძის შვილის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის, საოჯახო არქივში.