სწავლა და ზნეობა – წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სწავლა და ზნეობა – წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

“თუ სასწავლებელში მარტო გონებრივ მეცადინეობას შეითვისებ, მარტო მრავალ სამეცნიერო საგანს ისწავლი, მარტო გონებასა და მეხსიერებას გაიმდიდრებ, – სწავლული შეიქმნები, მაგრამ თუ გულის თვისებასა და ხასიათს არ გამოიკეთებ, სიმართლეს და წმიდა, ქრისტიანულ ზნეობას არ შეიძენ, მაშინ ქვეყნისათვის არა სარგებლის მომტანი, არამედ, უბედური და ქვეყნის მავნებელი გამოხვალ. თუ ვინმე ჭკვიანი და სწავლულია, ეს მან საქმით, ზნეობით და ყოფაქცევით უნდა დაამტკიცოს. მარტო სწავლას, თვინიერ კეთილზნეობისა, ფასი არა აქვს.

მხოლოდ ცოდნა და განათლება, თვინიერ შესაფერისი კეთილი ზნეობისა, საზოგადოებას და თვით ცოდნის შემძენსაც სარგებლობაზე მეტად ვნებას მოუტანს. ყველაზე კარგი და სასურველი ისაა, როდესაც კაცი ცოდნითაც მდიდარია და, ამასთანავე, მტკიცე ქრისტიანული ზნეობაც გააჩნია.

ცოდნა მხოლოდ გზა და საშუალებაა უმაღლესი მიზნისადმი მიმყვანებელი, და იგი იმდენად უნდა დაფასდეს, რამდენადაც კაცს ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება. სამწუხაროდ, სხვადასხვა სასწავლებელთა მოწაფეებს, უმეტეს შემთხვევაში სწავლის უმაღლესი მიზანი მხედველობაში არა აქვთ. ისინი ხშირად ბეჯითად სწავლობენ, სწავლების კურსის შესრულებას ყოველი ღონისძეიბით ცდილობენ მხოლოდ იმისათვის, რომ რომელიმე უფლება მოიპოვონ, მაგალითად: სამსახურში შევიდნენ, ჯამაგირი და ჯილდო მიიღონ, ერთი სიტყვით, სწავლით მხოლოდ თავიანთი გარეგანი, ნივთიერი მდგომარეობის ასამაღლებლად ისარგებლონ.

მართალია, არ შეიძლება ვთქვათ, რომ ნივთიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განათლებით კანონიერად სარგებლობა რაიმე ცოდვა იყოს, მაგრამ მაინც სამწუხაროა, რომ სწავლულთა უმეტეს ნაწილს მდაბალი მიზანი ამოძრავებს.

კაცის სულში ცოდნისადმი მისწრაფება ღმერთმა დანერგა. სწავლა და განათლება კარგია და სასარგებლო, რადგან კაცის გონებას აღამაღლებს და ამდიდრებს, მაგრამ იგი თვითმიზნად კი არ უნდა ვაქციოთ, არამედ მან კაცი უმაღლეს მიზნამდე უნდა მიიყვანოს, და ეს უმაღლესი მიზანი სხვა არაფერია, გარდა კაცის ზნეობრივი განვითარებისა და გაუმჯობესებისა. თვითსწავლა ორპიროვანი იარაღია: კაცმა იგი როგორც თავისთვის, ისე სხვათათვის, კეთილ საქმეზეც და ბოროტებაზეც, სასარგებლოდაც და საზარალოდაც შეიძლება მოიხმაროს. საქმე სიტყვაზე უმაღლესია, ცხოვრება კი სწავლაზე ძვირფასი.”

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)