კითხვა: ზოგი დაიბადა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ზოგი კათოლიკურ ქვეყანაში, ზოგი მუსულმანურში, ზოგი წარმართულში. თუ მართლმადიდებლების გარდა ვერავინ ვერ ცხონდება, რატომ განაგებს ესე ღმერთი, მას ხომ ყოველი ადამიანის ცხონება უნდა?
პასუხი: ნამდვილად, ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება უნდა, მაგრამ სამწუხაროდ არა ყველა ადამიანს უნდა ღმერთთან კავშირი და მასთან მარადისობაში ყოფნა. სამწუხაროდ, უმეტესობა, პირიქით, უპირისპირდება ღმერთს თავისი ცოდვებით, სიამაყით, მწვალებლობით. ვინც ხორციელ ცოდვებში ცხოვრობს, ის ღმერთს თავის მტრად თვლის, ვინაიდან, მრუშობა, სიძვა და ყველანაირი გარყვნილება ღვთის მცნებით, როგორც სასიკვდილო ცოდვა იკრძალება.
სანამ სხვა სარწმუნოების ადამიანების ცხონებაზე ვიტყვით, ჯერ დავსვათ კითხვა – ყველა მართლმადიდებელი ცხონდება თუ არა? ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში და თვალნათლივ ვხედავთ, რომ უმცირესობა ცხოვრობს ეკლესიურად, უმეტესობა კი ურწმუნოდ, არ დადიან ეკლესიაში, არ მარხულობენ, არ ლოცულობენ, არ ამბობენ აღსარებას, არ ეზიარებიან – იწროა გზა და მცირედნი ვლენან მას ზედა, რომელსაც მიჰყავს ღვთის სასუფეველში, და ფართო არს გზა და მრავალნი ვლენან მას ზედა, რომელსაც მიჰყავს ჯოჯოხეთის წარსაწყმედელში. ასე რომ ვიგლოვოთ და ვილოცოთ ჩვენი და-ძმებისათვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, რომლებიც წარწყმედის გზაზე დგანან.
ახლა, რაც შეეხება სხვა სარწმუნოების მიმდევრებს. ვერც ერთი ცრუ სარწმუნოების მიმდევარი სასუფეველში ვერ შევა, ვინაიდან, ღვთის სასუფეველში სუფევს ჭეშმარიტება და ცრუ სწავლებით მოცული სული ვერ შევა სასუფეველში. მაგრამ, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, დედამიწის ნებისმიერ ადგილას, თუ ის ეძებს ღმერთს, ეძებს ჭეშმარიტებას, ის გახდება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი – ან იმ ქვეყანაში ჩავლენ მართლმადიდებელი მღვდლები და მათ დაემოწაფება და მოინათლება, ან ღვთის განგებით მართლმადიდებლურ ქვეყანაში წავა საცხოვრებლად და მიიღებს მართლმადიდებლობას. ასეთი მაგალითები ბევრია საუკუნეების მანძილზე. როგორც არის ღვთის მცნება, ჩვენც ყველა ადამიანის ცხონება უნდა გვინდოდეს და პირიქით, უნდა ვწუხდეთ კათოლიკების, მაჰმადიანების და ყველა ცრუ სარწმუნოების მიმდევართა წარწყმედაზე.
ZNEOBA.GE-ს რედაქცია