დავით გარეჯი – ჩვენი იერუსალიმი

დავით გარეჯი – ჩვენი იერუსალიმი


დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.

ღირსი მამა დავით გარეჯელი იერუსალიმის კედლებთან.

მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ – დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ – ნათლისმცემლი.

დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის – ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი წმიდა მეფის – დავით აღმაშენებლის ძემ – დემეტრემ (ავტორი საგალობელისა „შენ ხარ ვენახი“).

XI საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები – უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია.

გარეჯის ფრესკების მნიშნველობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი – წმიდა დავით აღმაშენებლისა – ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის – ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა – უდაბნოში.

XIII საუკუნეში მონღოლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები.

ჩიჩხიტური

XIV და XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ ლენგმა ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო. ქვეყნის დაცემა, ბუნებრივია, დავით გარეჯის მონასტერსაც შეეხო. როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც.

1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს.

XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები.

XVIII საუკუნის ხშირი თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.

მადლის ქვა

მადლის ქვა

ღირსმა მამა დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.

იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება – ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.

მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო – მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ის ქვა, რომელიც მამა დავითმა გარეჯის უდაბნოში მოიტანა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხვობრივად გაიზარდა.

Zneoba.ge-ს რედაქცია