პაპისტების თავდასხმა ივერონზე

პაპისტების თავდასხმა ივერონზე

1261 წელს მიხეილ VIII პალეოლოგოსმა ლათინებს კონსტანტინოპოლი გამოგლიჯა და შედარებით მოკრძალებულ საზღვრებში ბიზანტიის იმპერია აღადგინა. ბედის ირონიით, “ტრიუმფატორი”, მალევე დამარცხებულ მოწინააღმდეგეს დაუზავდა და მისგან სამხედრო დახმარება ითხოვა. პალეოლოგოსი სხვა გზას ვერ ხედავდა. იმპერიას, გარს მომდგარი მტრების ურდოები უნდა მოეგერიებინა. რომაელები იმპერატორს არ ენდობოდნენ, ამიტომ მან მათი გულის მოსაგებად აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიების გაერთიანება განიზრახა. 1274 წელს, ლიონში საეკლესიო კრება გაიმართა, რომელშიც კათოლიკეებთან ერთად მართლმადიდებლებიც მონაწილეობდნენ. კრების მუშაობის პროცესს, თავად რომის პაპი – გრიგოლ X წარმართავდა. მრავალრიცხოვან დელეგატებში, მიხეილ პალეოლოგოსის რწმუნებით აღჭურვილი სასულიერო პირებიც ერივნენ. კრებაზე, პალეოლოგოსის ელჩებმა, ბერძენი ეპისკოპოსების მიერ შედგენილი დოკუმენტი წარადგინეს, რის საფუძველზეც, კრებამ – ლიონის უნიის სახელით ცნობილი შეთანხმება მიიღო. მიღებული გადაწყვეტილებით უნდა აღსრულებულიყო ლათინთა სანუკვარი ოცნება და მართლმადიდებლობის კომპრომისების ხარჯზე გაერთიანებულ ეკლესიას წინამძღვრად რომის პაპი უნდა ეღიარებინა. იმპერატორის ქმედება აშკარად მოღალატური იყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ცხადი გახდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და მორწმუნე ერი უნიას არასდროს შეუერთდებოდა. ხალხის ამგვარ განწყობას გამძვინვარებულმა პალეოლოგოსმა უმკაცრესი რეპრესიებით უპასუხა. 1278 წელს გამოიცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, უნია იმპერიის მთელს ტერიტორიაზე უნდა გავრცელებულიყო, საჭიროების შემთხვევაში ცეცხლისა და მახვილის გამოყენებითაც. საპყრობილეები აღმსარებელი ტუსაღებით აივსო, სადაც ეკლესიის ერთგულ შვილებში იმპერატორის უახლოესი ნათესავებიც აღმოჩდნენ.

ლათინო-პაპისტების თავდასხმა ივერონის ათონის ქართველთა მონასტერზე.

ნიკიფორე გრიგორას ცნობებით, რომელიც ქართულად სიმონ ყაუხჩიშვილმა თარგმნა, სათაურით: “კოლხეთი – მართლმადიდებელთა ქვეყანა”, ცნობილი გახდა, რომ იმპერატორისგან ლტოლვილმა უნიის მოწინააღმდეგე ქრისტიანების ნაწილმა, თავი დავით ნარინის სამფლობელოს ანუ დასავლეთ საქართველოს შეაფარა. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო უნიის მოწინააღმდეგე ქვეყნად იყო ცნობილი.

ცხადია, რომ შეუვალი იყო წმინდა მთის პოზიცია. ათონელმა ბერებმა იმპერატორს სამხილებელი წერილი გაუგზავნეს, სადაც ის ერეტიკოსადაც მოიხსენიეს. მათ მიერ დასაბუთებულად იყო გადმოცემული შეუძლებლობა რომის პაპის უზენაესობის აღიარებისა, აგრეთვე მასთან ევქარისტიული კავშირისა, მისი მოხსენიებისა წირვა-ლოცვაში, მრწამსის ცვლილებისა და ა.შ. აი, ამონარიდი ხსენებული წერილიდან: “ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ შენ ერეტიკოსი ხარ, მაგრამ გთხოვთ: მიატოვო ეს ცდომილება და დაუბრუნდე იმ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად მიიღე და ირწმუნე, და იცი ვის მიერ ირწმუნე. დაიმარხე კეთილი წინდი სარწმუნოებისა და განაგდე ცრუ ცოდნის უწმინდურება – ახალი სწავლება, რომელიც რწმენაში ვარაუდებს ურევს. დე, მეორედ მოსვლის ჟამს, უფლის წინაშე, ჩვენც შენთან, შენს მრჩევლებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად, მართლმადიდებლობის აღმსრებელებად და ღვთის სათნომყოფელებად წარვდგეთ, რათა ცათა სასუფეველში საუკუნო ნეტარების ღირსები შევიქმნეთ”.

1278 წელს ათონი და ულუმბოს მთების მონასტრებმა მოიწვიეს კრება, სადაც სასტიკად დაიგმო ლიონის უნია და შეაჩვენებული იქნა ყველა უნიატი, მათ შორის იმპერატორი მიხეილ პალეოლოგოსი, კონსტანტინეპოლის უნიატი პატრიარქი იოანე XI ვეკი და რომის პაპი. სავარაუდოა, რომ ათონის მთის ამგვარი შეურიგებელი პოზიცია უნიის მიმართ, დაედო საფუძვლად ლათინთა სამხედრო ექსპედიციას წმინდა მთაზე. 1280 წელს, მიხეილ პალეოლოგოსის მიერ კონსტანტინოპოლში “დასახმარებლად” მიწვეულმა ლათინებმა, გეზი თავდაპირველად წმინდა მთის მიმართულებით აიღეს. ათონის მონასტრები უსასტიკესად იქნა დარბეული, მათ შორის იყო ივირონიც (ქართველი ბერები მტკიცე ანტიუნიატები იყვნენ). ერეტიკული მრწამსის უარყოფის და მომხდურთა მხილების შემდეგ, გააფთრებულმა ლათინებმა ,,ტომით იბერნი’’ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი გემებზე აიყვანეს, მათთაგან ხანდაზმულები წყალში დაახრჩვეს, ხოლო შედარებით ახალგაზრდა ბერები იტალიაში წაასხეს და იქ მონებად გაყიდეს.

თუმცა, მიხეილ VIII პალეოლოგოსის ყველა მზაკვრული მცდელობა ამაო გამოდგა. 1282 წელს, სამხედრო ლაშქრობაში მყოფ ერეტიკოსს მოულოდნელმა სიკვდილმა უწია, ხოლო ლიონის უნია ფარატინა ქაღალდის კუთვნილებად გადაიქცა.

გიორგი ბაგალიშვილი