ღვთისმგმობელებს ტელევიზიით გამოსვლის საშუალებას აძლევენ. ეკლესია კი დუმს. არ განკვეთს ამ უღმერთოებს. არადა საჭიროა. რა, განკვეთა ენანებათ? ნუ დაველოდებით ვინმე სხვას, როგორ ამოიყვანს გველს ხვრელიდან. ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით, უზრუნველად. ცუდია, როცა ისინიც კი, ვისაც რაღაც შინაგანი შერჩენია გაცივდნენ და ამბობენ “ნუთუ მე შევძლებ რაიმე შევცვალო?” ჩვენ მხნედ უნდა აღვიაროთ ჩვენი სარწმუნოება, რადგან, თუკი გავჩუმდებით, მაშინ პასუხისმგებლობა დაგვეკისრება. ამ რთულ დროში, ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს, ხოლო შეუძლებელი ღვთის ნებას მივანდოთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი სინდისი დამშვიდდება, ხოლო, თუ წინააღმდეგობას შევწყვეტთ, საფლავებიდან ჩვენი წინაპრები აღდგებიან, რომლებმაც სამშობლოსთვის ბევრი იტანჯეს, ჩვენ კი რას ვაკეთებთ. თუ ქრისტიანები აღმსარებლები არ გახდებიან და ბოროტებას წინ არ აღუდგებიან, დამანგრევლები მეტად გათავხედდებიან. სამწუხაროდ დღევანდელმა ქრისტიანებმა ბრძოლის უნარი დაკარგეს.
თუკი ეკლესია დუმს და ერიდება სახელმწიფოსთან კონფლიქტს, თუკი მიტროპოლიტებიც დუმან, მონაზვნები არაფერს ამბობენ, მაშინ ვინღა ილაპარაკოს?
უღიმღამო სასულიერო დასი ძილში ამყოფებს მრევლს, როგორიც არის, ისეთს ტოვებს. ჩვენ გვეუბნებიან – “არ თქვა, რომ ომი იქნება, ან მეორედ მოსვლა მოგვიახლოვდა, სიკვდილის ხსოვნა გვქონდესო.” სხვები, ცუდად რომ გაუგიათ სიყვარულის არსი, გვარიგებენ – “ერეტიკოსებს ნუ განიკითხავთ, ნუ ამბობთ, რომ ხიბლში არიანო.” თუკი მხილებას განვერიდები, რათა გარეგნული კაცი მშვიდად იყოს, მაშინ სიწმინდისადმი გულგრილი ვიქნები. სულ სხვაა სულიერი სიმდაბლე და სხვაა გულგრილობის შედეგად გამოვლენილი სირბილე. ზოგი ამბობს, რადგან ქრისტიანი ვარ, ამიტომ “მშვიდი უნდა ვიყო და მხიარულიო.” განა ესაა ქრისტიანობა? ეს გულგრილობა და ერული სიხარულია. ვისაც ეს აქვს, მასში სულიერი კაცი არ გაჩენილა. სულიერი კაცი ერთი მთლიანი ტკივილია. მას ტკივა იმის გამო, რაც გარშემო ხდება. მას ტკივა ადამიანთა გამო, რომლებიც იღუპებიან. ამიტომაც ამ ტკივილის საზღაურად ღვთაებრივი ნუგეში მიეცემა.
ღირსი პაისი მთაწმინდელი (1924-1994)